მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1950-იან წლებში დაადგინეს, რომ ტვინი გავარჯიშება-გააქტიურებით ვითარდება და რომ ბავშვი სწავლისა და აღმოჩენების უდიდესი სურვილით იბადება. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები თვლიან, რომ პატარა სწავლას დაბადებიდან იწყებს და სწორედ ამას ეფუძნება ბავშვის ადრეული განვითარების იდეაც.
ბავშვთა ადრეული განვითარების ექსპერტმა, სამი შვილის დედამ, ვიქტორია ჯენინგსმა დიდ ბრიტანეთში BLOOM BABY CLASSES დააარსა, რომელიც ჩვილებს განვითარებაში ეხმარებოდა და დღემდე წარმატებულად მუშაობს. კომპანია ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება როგორც ბრიტანეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ის მშობლებს ბავშვების დაბადებიდანვე განვითარების როლსა და დანიშნულებაზე აფიქრებს, პატარებს კი აძლევს შესაძლებლობას, ბევრი სხვადასხვა უნარი განივითარონ, რაც სამომავლოდ ბედნიერი და წარმატებული ცხოვრებისთვის გამოადგებათ.
ლიკა სარალიძე და ნინო კუხალაშვილი პროგრამის წარმომადგენლები არიან საქართველოში. ისინი წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდნენ და საქართველოში სწორედ ბავშვთა ადრეული განვითარების საჭიროების იდეით დაბრუნდნენ. ფერად და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილ გარემოში მშობლებს აძლევენ შესაძლებლობას, საკუთარი შვილები უკეთ გაიცნონ, მიცენ პატარებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა და მხარი დაუჭირონ მშობელსა და შვილს შორის ემოციური კავშირების გამყარებას. BLOOM BABY კლასები თბილისში 11 ნოემბრიდან იხსნება.
ლიკა და ნინო თავიანთი საქმიანობისა და მიზნების შესახებ ვრცლად გვიყვებიან:
ლიკა: - ჯერ კიდევ 1950-იან წლებში, ამერიკაში, ფილადელფიაში, ბავშვთა ადრეული განვითარების ექსპერტმა, გლენ დომანმა თავის კოლეგებთან ერთად, ადამიანის პოტენციალის მიღწევის ინსტიტუტი დააარსა, (The Institutes for the Achievement of Human Potential) რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. სწორედ ამ პერიოდიდან მოდის ფრაზა, რომ ტვინი “მოხმარებით”, ანუ გამოყენებით, გავარჯიშება-გააქტიურებით, ვითარდება. კუნთები რომ განვითარდეს, ფიზიკური აქტივობაა საჭირო, ასევეა ტვინის შემთხვევაშიც. მეცნიერებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ტვინი გავარჯიშებით იზრდება და ბავშვი სწავლისა და აღმოჩენების უდიდესი სურვილით იბადება. მეცნიერულად დამტკიცებულია ისიც, რომ 3 თვემდე ახალშობილის ტვინში ნეირონებს შორის ყოველ წამს 2 მილიონი კავშირი წარმოიქმნება. ეს კავშირები კი ადამიანს გარესამყაროს გააზრებულად აღქმაში, საგნისა და მისი მნიშვნელობის ერთმანეთთან დაკავშირებაში ეხმარება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვი სწავლას დაბადებიდან იწყებს. იმაზეც საუბრობენ, რომ ეს პროცესი არა მხოლოდ დაბადებიდან, არამედ მუცლადყოფნის პერიოდიდანაც კი იწყება. თუმცა, როდესაც სწავლაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ადრეულ ასაკში ანბანის სწავლებას არ ვგულისხმობთ. როდესაც დედა ახალშობილთან ერთად სახლიდან გადის და პირობითად, სუპერმარკეტში შედის, ბავშვი ამ დროსაც ბევრ რამეს სწავლობს. ფერების, ხმაურის, შუქის, საუბრის სახით იმდენი სტიმულაცია ეძლევა, რომ პატარა ბევრ მნიშვნელოვან აღმოჩენას აკეთებს. ჩვენს კლასებში კი სხვადასხვა სენსორული სტიმულაციის საშუალება ჰარმონიულადაა თავმოყრილი და პატარას განვითარებაში ეხმარება.
ნინო: - ჩვენი კლასები ადრეული განვითარების მეცნიერულ კვლევებზეა დაფუძნებული. როგორც სახლს ვაშენებთ და ფუნდამენტს ვქმნით, ასევეა ბავშვის განვითარებაც. დაბადების დღიდანვე უნდა ვიმუშაოთ, რომ ბავშვის განვითარების საფუძველი მყარი იყოს, რადგანაც ამაზეა დამოკიდებული, როგორ ადამიანს აღვზრდით.
პატარას სწორად განვითარებისთვის გარემო და გავლენები, რასაც ეს გარემო ახდენს, ადამიანები, სენსორული სტიმულატორები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დადგენილია, რომ ტვინისა და ნეირონული კავშირების განვითარება დაბადების პირველ წლებში ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ რაც უფრო ადრე დავიწყებთ ბავშვის განათლებასა და მის განვითარებაზე ზრუნვას, მით უკეთესია.
ნინო: - ჩვენი კლასები აბსოლუტურად ყველა ბავშვისთვისაა განკუთვნილი. ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც საკუთარი შვილის ადრეული განვითარება აინტერესებს და სჯერა, ჩვენი კარი ღიაა.
ლიკა: - შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეში მართლაც ,,პიონერები“ ვართ. ჩვენს ქვეყანაში მსგავსი სერვისი აქამდე არ არსებობდა. მე და ნინოს უკვე ზრდასრული შვილები გვყავს. ბავშვების განვითარება და განათლება ყოველთვის უპირველესი პრიორიტეტი იყო და დღემდე ასე რჩება ჩვენთვის. ამიტომაც გადავწყვიტეთ, BLOOM BABY კლასების იდეისთვის ფრთები შეგვესხა. წლების განმავლობაში ინგლისში ვცხოვრობდით. ჩვენი საქართველოში დაბრუნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი სწორედ ბავშვთა ადრეული განვითარების კლასების შექმნის სურვილი გახდა, რადგანაც გვჯერა, რომ ამ გზით უამრავ პატარას დავეხმარებით და სწორად განვითარების შესაძლებლობას მივცემთ. გვინდა, რომ ის სიკეთე და სიხარული, რასაც ოჯახები სხვა ქვეყნებში მსგავსი პროგრამებისგან იღებენ, საქართველოშიც გადმოვიტანოთ.
ნინო: - როგორც ლიკამ ახსენა, ჩვენ საქართველოში ამ პროექტისთვის დავბრუნდით. BLOOM-ის ატმოსფერო მშობლებს დაეხმარება, აღმოაჩინონ მათი პატარების თანდაყოლილი უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა და პოტენციალი, ეს კი უდიდეს სიხარულს მიანიჭებს მათ. ინგლისში ეს მიმართულება ძალიან პოპულარულია. ფაქტობრივად, ყოველ უბანში სხვადასხვა თემატურ კლასს შეხვდებით. ეს უკვე ტრადიციად იქცა და მშობლები როგორც სკოლას, ასეთ კლასების შერჩევასაც ასევე დიდი უპირატესობას ანიჭებენ.
ახალბედა დედისთვის შვილის გაჩენა უზარმაზარ სიხარულთან ერთად, ერთგვარი გამოწვევაცაა. მისი ყოველდღიურობა იცვლება, სხვადასხვა პრობლემა და საქმე ჩნდება. რა თქმა უნდა, პატარასთან ურთიერთობას ბევრი სიხარული მოაქვს, მაგრამ თანამოაზრეებთან შეხვედრა, ემოციების გაზიარება, კომუნიკაცია აუცილებელია მშობლების კეთილდღეობისთვის. ჩვენი კლასები მშობლებს სწორედ ამ შესაძლებლობას აძლევს.
ლიკა: - მე სრულიად გააზრებულად და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესია არის დედობა. თავდაპირველი განათლება სტომატოლოგიაში მივიღე, თუმცა , როცა ჩემი პირველი შვილი დაიბადა, საკმაოდ წარმატებული კარიერა დავტოვე და გადავწყვიტე, რომ მთელი ჩემი დრო ბავშვის აღზრდისთვის დამეთმო. საკუთარ შვილთან ურთიერთობამ ბევრი კითხვა გამიჩინა, მივხვდი, რომ თავად უნდა მომეძიებინა მათზე პასუხები. ამიტომ, სწავლა ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულებით გავაგრძელე. მაინტერესებდა ენები - ინგლისური და იტალიური საფუძვლიანად შევისწავლე, რამაც საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდში კომუნიკაცია კიდევ უფრო გამიმარტივა. დღემდე სიხარულით ვიხსენებ იმ პერიოდს, როცა ინგლისში ერთ-ერთ ცნობილ საქველმოქმედო ორგანიზაციაში მოხალისედ ვმუშაობდი და სკოლის მოსწავლეებს კითხვის უნარებისა გაუმჯობესებასა და წიგნისადმი სიყვარულის გაღვივებაში ვეხმარებოდი.
ნინო: - პირველადი პროფესიით გერმანული ენის სპეციალისტი ვარ. სკოლასა და უნივერსიტეტში ვასწავლიდი, მაგრამ როდესაც გავთხოვდი და შვილები შემეძინა, მთელი ჩემი ენერგია შვილების განათლებასა და განვითარებას მივუძღვენი. სამწუხაროდ, მაშინ ამდენი რესურსი და მსგავსი კლასები არ არსებობდა და აღმოჩენების გაკეთება თავად გვიწევდა, რაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვდა მშობლისგან.
მოგვიანებით ლონდონში ბავშვთა მაღაზია გავხსენი, სადაც არა სხვადასხვა სერვისებს და აქტივობებს ვთავაზობდით პატარებს. მაშინ მივხვდი, რომ ჩემთვის, ყველაზე საინტერესო სწორედ ბავშვთა აქტივობებში ჩართულობა იყო. პანდემიის დროს მაღაზია დავხურე. ამის შემდეგ, შევისწავლე იოგა და გავხდი იოგას სერტიფიცირებული მასწავლებელი.
მე და ლიკა ბევრს ვსაუბრობდით, რა ტიპის სასარგებლო პროექტის შექმნა შეგვეძლო ერთობლივად. განსაკუთრებით, გვინდოდა, საქართველოში სიახლე განათლების მიმართულებით შემოგვეტანა და BLOOM BABY კლასების საინტერესო პროექტი აღმოვაჩინეთ. ამ პროგრამამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მშობლის და ბავშვის აქტივობებში ერთობლივი ჩართულობა პატარას განვითარების ადრეულ ეტაპზე ჰაერივით ჭირდება.
ნინო: - ჩვენს კლუბებს ძალიან საყვარელი სახელები აქვს. 0-დან 6 თვემდე, როცა ბავშვი უკვე მყარად დაჯდომას იწყებს, მუხლუხოების კლუბია. (CATERPILLAR CLUB) მუხლუხოების კლუბში ბავშვების ბუნებრივ განვითარებას ვუწყობთ ხელს. მაგალითად, როგორიცაა მუცელზე წოლის დრო ( Tummy time), ეს აქტივობა ძალიან ეფექტურია კისრისა და ზოგადად სხეულის კუნთების გასამაგრებლად. ეს მომავალში პატარებს თავის მყარად დაჭერაში, ასევე ხოხვისა და სიარულის უნარების განვითარებაში დაეხმარება. მუხლუხოს კლუბის კლასი მთავრდება მომადუნებელი მასაჟით, რომელიც ბავშვს მშვიდი ძილისთვის ამზადებს.
მუხლუხოს კლუბის კლასებში მშობლები გაამყარებენ ემოციურ კავშირს სპეციალურად BLOOM BABY-სთვის შექმნილი მუსიკისა და სენსორული სათამაშოების მეშვეობით. ემოციური კავშირი, ხშირ შემთხვევაში, ბავშვის დაბადებასთან ერთად თავისთავად არ ყალიბდება. უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა, უძილობა, ყოველდღიური რუტინა ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას ახდენს.
შვილისთვის დედასთან ემოციური კავშირი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იგი ჰარმონიულად გაიზარდოს და თავდაჯერებულ ადამიანად ჩამოყალიბდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ შვილთან ემოციური კავშირის დამყარება დედებს პოსტნატალური დეპრესიის დაძლევაში ეხმარება.
ლიკა: - პოსტნატალური დეპრესია მშობიარობის შემდეგ ხშირად გვხვდება. ის შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი იყოს და ქალის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. ამან კი შესაძლოა, თავდაპირველად, დედას ბავშვთან ემოციური კავშირის ჩამოყალიბებაში ხელი შეუშალოს. ჩვენი მხარდაჭერა კი იმაში გამოიხატება, რომ ძალიან თბილ, უშუალო, მხიარულ და უსაფრთხო გარემოს ვქმნით, სადაც თითოეული მშობელი და მათი პატარა თავს ბედნიერად იგრძნობს. ხშირად გვეკითხებიან მაგალითად: “როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩემი პატარა აქტივობის დროს იტირებს?” - ტირილი პატარას კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა, ამიტომ დედები გვინდა დავარწმუნოთ, რომ ეს ჩვეულებრივი და ბუნებრივია, ჩვენთან აბსოლუტურად მისაღებია ტირილიც და ჭირვეულობაც.
რაც შეეხება მეორე ასაკობრივ ჯგუფს - მას მოფუსფუსე ფუტკრების კლუბი (BUSY BEES) ჰქვია. ჩვენ ვამბობთ, რომ ის განკუთვნილია 6-დან 15 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის, მაგრამ, ფაქტობრივად, ის ბავშვის განვითარების ეტაპზე ფეხის თავდაჯერებულად ადგმამდე იდეალურადაა მორგებული. მოფუსფუსე ფუტკრების კლასს შემთხვევით არ ჰქვია ასე. პატარები მართლაც დაფუსფუსებენ, ცოცავენ, გულმოდგინედ აკვირდებიან სენსორულ სათამაშოებს, რითაც ნატიფ და უხეშ მოტორულ უნარებს ივითარებენ. ცდილობენ კომუნიკაციას თანატოლებთან და ბლუმის ულამაზესი მუსიკის მეშვეობით მეტყველების ადრეულ უნარ-ჩვევებს იმყარებენ.
როდესაც სენსორულ სტიმულაციის ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს მაგალითად შემდეგი პროცესი: მხედველობის სტიმულაცია სხვადასხვა ფერადი სენსორული სათამაშოთი და განათებით მხედველობის ფუნქციის გაძლიერებას ხელს უწყობს; ბავშვი უკეთ ხედავს. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უკეთ იგებს, თუ რას ვეუბნებით. კარგად რომ ხედავს, მეტად უჩნდება სურვილი, რომ სივრცეში გადაადგილდეს, ტაქტილურ გამოცდილებას იღებს, ხან იატაკს შეეხება, ხან სხვადასხვა ნივთს. ბავშვის მოტივაცია, რომ კიდევ მეტი იმოძრაოს, იზრდება , ფიზიკური აქტივობა კი ეხმარება მკერდის ძვლებისა და კუნთების განვითარებას. ამას მოსდევს სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესება, რაც პატარას ბგერების წარმოთქმაში ანუ კომუნიკაციაში ეხმარება. ჩვენ, ყველა ერთად, ამ ჯადოსნური რგოლის მოწმენი გავხდებით.
ძირითადი აქცენტი კლასებში მათი თავდაჯერებულობის წახალისებაზეა. მაგალითად, გვაქვს კალათები, სადაც სხვადასხვა აქტივობისთვის საჭირო თვალსაჩინოებები და სათამაშოებია მოთავსებული. პატარებს ვაძლევთ საშუალებას თავად აირჩიონ მათთვის სასურველი ფერის და ფორმის სათამაშო. ამით მათ თავდაჯერებულობასა და გაბედულებას წავახალისებთ.
ნინო: - BLOOM BABY კლასებში ვიზიტი კვირაში მხოლოდ ერთხელ ხდება. თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთია. თუმცა, მშობელს შეუძლია, არ იჩქაროს წასვლა და გაესაუბროს სხვა მშობლებს და აგრეთვე ჩვენც.
მშობლებს შეუძლიათ შეიძინონ 7-კლასიანი აბონემენტი , რომლითაც 7 კვირის განმავლობაში, კვირაში მხოლოდ ერთხელ ისარგებლებს ოჯახი. თუ პირველი ვიზიტის შემდეგ მშობელი არ დარჩება კმაყოფილი და ჩათვლის , BLOOM BABY კლასები არ ამართლებს მის მოლოდინს, 24 საათის განმავლობაში სრულად დავაბრუნებთ თანხას .
- როგორ შეუძლიათ მშობლებს თქვენთან დაკავშირება?
- ყველა საჭირო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული. პაკეტის შეძენაც იქვე შეუძლიათ. თუკი რაიმე პრობლემა შეექმნებათ, შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ ფეისბუკისა და ინსტაგრამის გვერდზე. გვერდებზე მითითებულია ტელეფონის ნომერიც და იმეილის მისამართიც. აბსოლუტურად ყველგან ხელმისაწვდომები ვართ და ვცდილობთ ყველას ინდივიდუალურად და სწრაფად გავცეთ პასუხი.
- კლასები 11 ნოემბრიდან იხსნება. რაკი ეს ჩვენი ქვეყნისთვის სიახლეა და მშობლებს ბევრი ინფორმაცია არ აქვთ, შეუძლიათ, პირველ ჯერზე, მხოლოდ ერთი გაკვეთილი შეიძინონ, გაეცნონ გარემოს და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ. ჯგუფში 15 ბავშვია. კლასები სამშაბათს, პარასკევსა და შაბათს ჩატარდება. ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, მშობელს შეუძლია, თავად აირჩიოს ერთი დღე. პარასკევს სრულიად ინგლისურენოვანი კლასები გვექნება, რომ არაქართულად მოსაუბრე მოსახლეობაც ჩავრთოთ. ხოლო, სამშაბათსა და შაბათს გვექნება კლასები, სადაც მშობლებს ინსტრუქციას ქართულად მივცემთ, ხოლო სიმღერები ინგლისურად იქნება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დაბადებიდან ორენოვან გარემოში ხვდება. ტვინისთვის დამატებითი სტიმულაციაა, რაც სამომავლოდ დაეხმარება, მეტყველებისა და ენების მარტივად შესწავლის უნარი განივითაროს. გვაქვს სხვადასხვა თემა, მაგალითად, შემოდგომის, ზამთრისა თუ სხვა მიმართულების და აქტივობებსაც თემატურად ვგეგმავთ.
ასევე, გვაქვს თემატური აქსესუარები, გარდა იმისა, რომ ამით სენსორულ უნარებს წავახალისებთ, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთ შვილებს სახალისო ფოტოები გადაუღონ და თავადაც გახალისდნენ. ამავე დროს, ვიყენებთ მაკატონის სიმღერას. მაკატონი სიმბოლოებისა და ნიშნების ენაა - ადრეული ასაკის ბავშვს შეეძლება, სიმბოლოები და ჟესტები სიტყვასთან დააკავშიროს და ლოგიკური კავშირები აღმოაჩინოს. არსებობს სამეცნიერო კვლევებიც, რომელთა თანახმადაც, ის ბავშვები, რომლებიც მაკატონის მეთოდის გამოყენებით იზრდებიან, უფრო განვითარებულები და თავდაჯერებულები არიან.
ყველა სათამაშოს, ინვენტარს, რასაც გამოვიყენებთ, უსაფრთხო ხსნარებით სრულ დეზინფექციას ვუტარებთ. ქსოვილებიც კი ისეთია, რომლებიც გაწმენდასა და საფუძვლიანად დასუფთავებას ექვემდებარება.
დიდ ბრიტანეთში ბავშვთა პირველადი დახმარების სპეციალური კურსები გავიარეთ. ჩვენთან აბსოლუტურად ყველაფერი უსაფრთხოა, თუმცა თუკი მაინც რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდება, დროულად დახმარების აღმოჩენაც შეგვიძლია.
ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ ვიქტორია ჯენინგსისთან, რომელმაც დიდ ბრიტანეთში BLOOM BABY CLASSES შექმნა. მას, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვესაუბრებით და საქართველოში ჩამოსვლასაც აპირებს.
ნინო: - აბსოლუტურად შესაძლებელია, დედაც, მამაც, ბებიაც, ძიძაც, ნებისმიერი უფროსი, რომელიც ბავშვზე ზრუნავს, თან ახლდეს პატარას. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენს კლასებში მშობლების ჩართულობას და შვილებთან ემოციური კავშირის გამყარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აქ მშობელი თავის პატარასთან ნაყოფიერად და ხარისხიანად გაატარებს 45 წუთს.
ჩვენ გვჯერა, მშობელი ბავშვის საუკეთესო მასწავლებელია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კლასები ბავშვებისა და მშობლების ერთობლივი ჩართულობით ჩატარდეს.
ბავშვი, რომელსაც დროს ვუთმობთ, რომელთანაც მყარი ემოციური კავშირი გვაქვს, მომავალში უფრო თავდაჯერებული, უფრო მეტად ქმედითუნარიანი, ემოციურად სტაბილური და ჰარმონიული ადამიანი ყალიბდება. ასეთი საზოგადოება ჰაერივით გვჭირდება. მოდით, დავიწყოთ ბავშვების განვითარება დაბადებიდან, რომ მომავალში ნაკლები პრობლემა გვქონდეს.
ლიკა: - ახლა ვუყრით იმ ურთიერთობებს საფუძველს, რომელიც მომავალში სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის ფუნდამენტია. ღრმად მწამს, რომ ხელსაყრელი , ბედნიერი , მეგობრული და უსაფრთხო გარემო სოციალურად პოზიტიური ადამიანის ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და ასეთი გარემოს შექმნაზე ბავშვის დაბადებიდანვე უნდა ვიზრუნოთ.
ლიკა: - ძალიან კარგი შეკითხვაა. ჩვენ კლასებთან ერთად, მშობლებს ვთავაზობთ, ბავშვის მნიშვნელოვანი თარიღები ჩვენთან ერთად აღნიშნონ. ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა საინტერესო და სახალისო თემებს ასარჩევად და ვქმნით განსაკუთრებულ, დაუვიწყარ დღეს, რომელიც არაჩვეულებრივ მოგონებად დარჩება მათთვის.
ჩვენი წვეულება პატარას პირველი დაბადების დღის და ასევე ნათლობის აღსანიშნავად შესანიშნავი საშუალებაა. აგრეთვე, გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეკრიბოთ მეგობრები მათ პატარებთან ერთად და სპეციალურად თქვენთვის შექმნილ BLOOM BABY კლასში მხიარულად გაატაროთ დრო!
ნინო: - მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას BLOOM BABY კლასებში.
R