ნინო ზურებიანი შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის (CharitéUniversitätsmedizin Berlin) ექიმი პედიატრი/ნეონატოლოგია. პატარების ჯანმრთელობასა და განვითარებაზე ზრუნავს და პერიოდულად, საკუთარ გამოცდილებას სტუდენტებსა და კოლეგებს უზიარებს. საქართველოში ხელოვნური საკვების, ორსულობის პერიოდში სხვადასხვა გამოკვლევისა, თუ ბავშვის ექიმთან გეგმიური ვიზიტების შესახებ სპეციალური პროტოკოლები არსებობს. ნინო ზურებიანი საკუთარ პროფესიაზე გვესაუბრება და გვიზიარებს იმ წესებს, რომლებიც ჩვილთა კვებასა და განვითარებაზეა გერმანიაში:
- პროფესიის არჩევა პატარაობიდანვე ბავშვების ძალიან დიდმა სიყვარულმა და ადამიანებისათვის დახმარების აღმოჩენის სურვილმა განაპირობა. მედიცინამ და კერძოდ, პედიატრიამ ჩემი სურვილის ასრულების საშუალება მომცა.
ჩემი სპეციალობით გერმანიის კლინიკებში ადგილის დამკვიდრება ნამდვილად არ იყო მარტივი გზა. გერმანიაში პედიატრის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუცილებელია დაუღალავი შრომა, მიზანდასახულობა, ყოველდღიური სწავლა, ყოველდღიური მრავალსაათიანი მორიგეობა, ფაქტობრივად, კლინიკაში ცხოვრება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მაქსიმალური კონცენტრირება პროფესიაზე და ყოველდღიურ განვითარებაზე.
- გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვე, პედიატრიის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს ვასწავლიდი და ვასწავლი ახალგაზრდა კოლეგებს. შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში მყავს სტუდენტები, რომელთაც ვუტარებ ლექციებს, პრაქტიკულ სემინარებს, ვასწავლი ჩვენს პატარა პაციენტებთან და მათ მშობლებთან მუშაობის მნიშვნელოვან საკითხებს. გერმანიაში სტუდენტების უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, რა თქმა უნდა, მათი სწავლის ხარისხი, ლექციებზე დასწრება, სწავლის პროცესში მათი ჩართულობა, ასევე სწავლის საკმაოდ ადრეულ ეტაპზევე კლინიკებში პრაქტიკული აქტივობა და პაციენტებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტებს აქვთ საშუალება პრაქტიკული სემინარების პერიოდში აქტიურად დასვან კითხვები, იყვნენ ჩართულნი კლინიკის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე დამოუკიდებლად ჰქონდეთ ურთიერთობა პაციენტებთან. მეექვსე კურსზე აქვთ ე.წ. პრაქტიკული წელი, რომლის პერიოდშიც მუშაობენ კლინიკაში (თითქმის ისევე, როგორც ჩვენი უმცროსი ექიმები) და აკეთებენ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც მათთვის მორიგეობების დაწყებისათვის მოსამზადებელი ეტაპია, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრებისა და ექიმის ლიცენზიის აღების შემდეგ მალევე იწყება (ე.წ. რეზიდენტურის პერიოდი).
საქართველოში, ამ მხრივ, ალბათ, გარკვეული საკითხები შესაცვლელია. აკადემიური პერსონალის დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ და თავად სტუდენტების დამოკიდებულება სწავლის მიმართ გასათვალისწინებელია. თუმცა, მე რამდენადაც ვიცი, ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და იმედი მაქვს, კიდევ იქნება ცვლილებები უკეთესობისკენ.
- რაც შეეხება ორსულობის პერიოდში მედიკამენტებისა და ანალიზების დანიშვნას, ამისთვის არსებობს გაწერილი პროტოკოლები. გასათვალისწინებელია როგორც დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა; მედიკამენტების გვერდითი ეფექტები ნაყოფის განვითარებაზე; ადრეული და შორეული გართულებები და ა.შ. ამიტომ, მედიკამენტები ორსულობის პერიოდში სიფრთხილით ინიშნება.
კვლევებს რაც შეეხება, ორსულების გარკვეულ ვადებზე, პროტოკოლებით გაწერილია შესაბამისი გამოკვლევები, რომლებსაც ორსული ქალი თავის გინეკოლოგთან ათანხმებს. თუ ორსულობის მიმდინარეობისას ადგილი არ აქვს გართულებებს, მართვა მხოლოდ ამ პროტოკოლით გაწერილი კვლევების საშუალებით ხდება.
- რაც შეეხება ხელოვნურ კვებას, ბავშვისთვის საუკეთესო საკვები დედის რძეა და ამას ალბათ, ბევრი კამათი არ სჭირდება. გარდა ამისა, ძუძუთი კვება დედისა და შვილის კონტაქტს ზრდის, დედისთვის ბავშვის მოვლას ამარტივებს და ოჯახის ბიუჯეტს ზოგავს. ჩვენ, ნეონატოლოგები, გინეკოლოგები, ექთნები, ბებიაქალები, დაბადების შემდეგ ყოველთვის ვახდენთ ბავშვისა და დედის უშუალო კონტაქტს ე.წ. „ბონდინგს". ძუძუზე პირველი მოჭიდება დაბადების შემდეგ ძალიან მალე იწყება, როგორც კი ახალშობილი ძუძუს ძებნას იწყებს. პირველი საკვები, რა თქმა უნდა, დედის რძეა. შემდეგში დედის მხარდაჭერასა და მოტივაციის მიცემას, რომ ძუძუთი კვება გააგრძელოს მაქსიმალურად ვცდილობთ. მშობიარობის შემდგომ პერიოდში დედები ექიმებისა და ექთნებისგან შესაბამის რეკომენდაციას იღებენ, თუ როგორ უნდა გამოკვებონ ბავშვი ძუძუთი სწორად. მშობლებს, როგორც დედას, ასევე მამას, ბუნებრივ კვებასთან დაკავშირებით მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდით.
ხელოვნური კვების დანიშვნას (დამატებას) დედის ან ჩვილისმხრივი ჩვენება აქვს. თუმცა, ყოველთვის, როცა შესაძლებელია ბუნებრივი კვება, პირველი ნაბიჯი ჩვილის ძუძუთი კვების დაწყებაა და შემდეგ ხელოვნური საკვების დამატება.
შეჯამებისთვის, ახალშობილი დედის რძით უნდა იკვებებოდეს. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლოა, გარკვეული კლინიკური ჩვენების დროს ხელოვნური კვების დამატება გახდეს საჭირო.
- არსებობს გაწერილი პროტოკოლები (გაიდლაინები), რომლითაც ვხელმძღვანელობთ ბავშვის დაბადების შემდგომ, თუ როდის, რა გამოკვლევა უნდა ჩატარდეს, თუმცა ბავშვის კვლევები ისევ და ისევ მინიმალურზეა დაყვანილი. მთავარი პრინციპი დედისა და შვილის მაქსიმალური კონტაქტი და მინიმალური ინვაზიური თუ არაინვაზიური ჩარევაა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სამშობიარო ბლოკში, ბუნებრივი, გართულების გარეშე დაბადების შემდგომ დედისა და ჩვილის პირველი კონტაქტი, ე.წ. „ბონდინგი" ხდება. სამშობიარო ბლოკიდან სტაციონარში გადაყვანამდე ჩვილის პირველი გეგმიური (ფიზიკური) შემოწმება ხდება, რომელსაც გამოცდილი ბებიაქალი ხელმძღვანელობს. თუ რაიმე პრობლემაა, გინეკოლოგების ან ბებიაქალის მხრიდან გარკვეული კითხვები არსებობს, ამ შემთხვვევაში, პირველ გამოკვლევას მორიგე ნეონატოლოგი ატარებს. 48 საათის განმავლობაში გინეკოლოგები და ნეონატოლოგები დედასა და ჩვილს აკვირდებიან. ძუძუთი კვების ხელშეწყობა მშობლების მაქსიმალური ინფორმირებით ხდება. ბავშვის წონის კონტროლი ყოველდღიურად მიმდინარეობს. 36-72 საათის შუალედში კეთდება „სკრინინგი მეტაბოლურ დაავადებებზე" (სისხლის აღება ქუსლიდან). 48 საათის შემდეგ ხდება ჩვილის მეორე გეგმიური კვლევა გამოცდილი ნეონატოლოგის მიერ. მოწმდება წონის მატება, ძუძუთი კვების ეფექტურობა, სიყვითლე (ახალშობილის იქტერუსი), ხდება სმენის სკრინინგი, დგინდება ოჯახს ჰყავს თუ არა პედიატრი, ვისთანაც ჩატარდება მესამე და სხვა ყველა დანარჩენი გეგმიური კვლევა. მეორე გეგმიურ კვლევას ესწრება როგორც დედა, ასევე მამა. ხდება მათი ინფორმირება, თუ როგორ უნდა ეძინოს ჩვილს უსაფრთხოდ, ბინის პირობებში; განემარტებათ D ვიტამინის მნიშვნელობა, როდის უნდა მოხდეს პროფილაქტიკის მიზნით დაწყება და რა ხანგრძლივობით; როგორ უნდა მოიქცეს მშობელი გადაღლის შემთხვევაში და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ დედას და ახალშობილს ამ ეტაპზე არ აქვთ არანაირი პრობლემა, დედა და მამა არიან მზად ახალშობილის ბინის პირობებში მოვლისათვის, ჩვილს ბინაზე წერენ.
შემდეგი ეტაპის კვლევები უკვე პედიატრთან, ამბულატორიულ პირობებში ხდება. თუ რა ასაკში და რა პერიოდულობით უნდა მოხდეს გეგმიური კვლევები, ამისთვის გაწერილი გეგმა არსებობს, რომელიც ყველა მშობელს კლინიკიდან გაწერის წინ ეძლევა. მშობელს აქვს საშუალება გაწერილ თარიღებზე პედიატრთან ჩაეწეროს და ყველა გეგმიური კვლევა გაიაროს.
- ორგანიზაცია "Save the Tiny Life" ("გადაარჩინე პატარა სიცოცხლე") 2022 წლის ნოემბერში შეიქმნა. ორგანიზაცია ნეონატოლოგ ქალბატონ თინათინ ქურდაძესთან ერთად, მისი შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ნეონატოლოგიურ განყოფილებაში კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდში ჩამოყალიბდა. ამ ორგანიზაციის მიზანია, ჩვენს ქართველ კოლეგებს ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში თანამედროვე მიდგომები და სიახლეები, ის მეთოდები, გეგმიური თუ არაგეგმიური კვლევები, მიდგომები, რომლებიც აქტიურად გამოყენება გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნებში, გავაცნოთ. ასევე, სხვადასხვა საჭირო და საინტერესო საკითხზე ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი პატარა პაციენტების მშობლებს.
ოქტომბრის თვეში ამ ორგანიზაციამ ნეონატოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია - „თანამედროვე მიდგომები ნეონატოლოგიაში" ჩაატარა, სადაც 3 დღის განმავლობაში ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ნეონატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ ქრისტოფ ბიურერთან ერთად ნეონატოლოგიის უახლესი საკითხების განხილვა მიმდინარეობდა. კონფერენციის პროცესში ჩვენი ქართველი კოლეგები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი და მრავალი საინტერესო ინფორმაცია გავუცვალეთ ერთმანეთს. ორგანიზაცია მომავალშიც არაერთ სიახლეს შესთავაზებს როგორც ექიმებს, ასევე მშობლებს და გარკვეულ საინტერესო აქტივობებში ჩართულნი „პატარა სიცოცხლეების" მშობლებიც იქნებიან.