როდემდე გაგრძელდება საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი და როგორია ნოემბრის თვის ზოგადი პროგნოზი - ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოდან - მშობლები

როდემდე გაგრძელდება საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი და როგორია ნოემბრის თვის ზოგადი პროგნოზი - ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოდან

2023-11-13 12:32:17+04:00

საქართველოში დღეს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხვალიდან კი ზოგიერთ რაიონში შესაძლოა, გაწვიმდეს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ გვითხრა:

- დღეს თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ხვალ, 14 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში ყველგან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე ხასიათის წვიმა იქნება და ტემპერატურა მცირედით დაიკლებს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 15 ნოემბერს გამოიდარებს და როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 16 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდის გაუარესებას ველოდებით. 16-17 ნოემბერს ნალექიანი და ქარიანი ამინდი იქნება მოსალოდნელი. ტემპერატურაც დაიკლებს. ზოგადად, ნოემბერი, კლიმატურ ნორმასთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალია. თვის დასაწყისიდან +27 გრადუსი ბათუმში, +29 გრადუსი ფოთში, +24 გრადუსი თბილისში დაფიქსირდა და ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყო. ამაზე მაღალ ტემპერატურას მომდევნო დღეებში, რა თქმა უნდა, აღარ ველოდებით. 18 ნოემბერს გამოიდარებს, თუმცა ტემპერატურა დაიკლებს.

14-15 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიაზე +17, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა. 17-18 ნოემბერს ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. თვის ბოლომდე დროგამოშვებით ხან გაწვიმდება, ხან გამოიდარებს. მაღალ მთაში ყინვა უკვე დაფიქსირდა, ბარში ჯერჯერობით ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურა არ დაფიქსირებულა. უახლოეს დღეებში მოსალოდნელი არ არის.

თამარ იაკობაშვილი