"დღეს ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს..." - ნინო მუმლაძე პირადსა და პროფესიაზე - მშობლები

"დღეს ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს..." - ნინო მუმლაძე პირადსა და პროფესიაზე

2023-11-18 19:12:42+04:00

"შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩემს ცხოვრებაში, ჩემს გვერდით არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ. დანარჩენს ყველაფერს დრო გვიჩვენებს" - ამბობს ყველასათვის საყვარელი მსახიობი, მშვენიერი ნინო მუმლაძე. იგი თავის დღევანდელობაზე ვრცლად და გულწრფელად გვესაუბრა...

- დღედღეობით ორ თეატრში ვარ დაკავებული... ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი და სოხუმის, გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი...

- რთულია, დიდ ძალისხმევას მოითხოვს საბავშვო სპექტაკლებში თამაში?

- უფროსი ადამიანებისთვისაც გვაქვს სპექტაკლები, თუმცა ძირითადად ბავშვებზეა მორგებული... სირთულის რა გითხრათ, უფრო რთული ის რეჟიმია, რომელშიც მუშაობა გვიწევს. ბავშვები კი უმეტესწილად გადასარევი მაყურებლები არიან... მსახიობი ბოლომდე ნებისმიერ სპექტაკლში უნდა დაიხარჯო! მაყურებელი ამას არ განსაზღვრავს, შენი პატიოსანი დამოკიდებულებაა შენი პროფესიის მიმართ.

იმედია, ბავშვების მოლოდინს ვამართლებთ... სხვათა შორის, ძალიან რთული გასათვლელია. ზოგჯერ არის სპექტაკლი, რომელიც ჩვენ ძალიან მოგვწონს და მიგვაჩნია, რომ ბავშვისთვის ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ ბავშვმა ამ სპექტაკლზე მოიწყინა... ზოგჯერ არის სპექტაკლი, რომელიც შეიძლება ჩვენთვის ნაკლებად ფასეული იყოს, მაგრამ ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს... ეს უფრო რეჟისორის პრეროგატივაა. ჩვენ, მსახიობები ჩვენს მონდომებას მაქსიმალურად ვდებთ პერსონაჟების განსახიერებაში. იგივე მონდომებით ვიხარჯებით, როგორც ზრდასრული მაყურებლისთვის.

- სატელევიზიო სერიალებში არ ხართ დაკავებული?

- რატომღაც, ამ ეტაპზე არ ვარ დაკავებული... ძალიან გული მწყდება, ტელევიზიას რომ ჩამოვშორდი, მართლაც ძალიან მენატრება სატელევიზიო ეთერი, ნებისმიერი არხი. ტელევიზია და ზოგადად, კამერა სხვა კომფორტია, სხვა დამოკიდებულებაა მსახიობის მიმართ, სხვა სიყვარულია. ძალიან მენატრება და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში საშუალება მომეცემა, ეკრანს დავუბრუნდე.

- თქვენი გმირი მაყურებელმა შეიყვარა პოპულარულ სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები“, მიუხედავად იმისა, რომ მისაბაძი ქალის როლის თამაში არ მოგიხდათ...

- ჩემი გმირი მაყურებელმა რამდენად შეიყვარა, ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ძალიან მეამაყება და მადლიერი ვარ მაყურებლის იმ თვალსაზრისით, რომ როგორც მსახიობი, ყოველთვის დიდ კომპლიმენტებს ვიღებდი ამ როლის შესრულებისას... მომისმენია და კომენტარებშიც არაერთი საქებარი სიტყვა წამიკითხავს, რომ კარგად ვასრულებდი, დამაჯერებელი ვიყავი და ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი შეფასებაა... რაც შეეხება პერსონაჟს, რასაკვირველია, უარყოფითი კომენტარებით განიხილავდნენ და რადგან მაყურებელს გულთან ახლოს მიჰქონდა, ყველაფრის მიმართ ასეთი მძაფრი რეაქცია იყო, ჩემთვის ესეც ერთგვარი კომპლიმენტია... თუ ახერხებ მაყურებელში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვიო, ეს იმას ნიშნავს, რომ შენს ნამუშევარს ფუჭად არ ჩაუვლია. მოახერხე მაყურებელში ემოციები გაგეღვიძებინა და ზუსტად ეს არის, რასაც განსაკუთრებით ვცდილობთ, როდესაც კამერის წინ ვდგებით. განაგრძეთ კითხვა