თინა ბებოს "წითელი ხაჭაპური" - გამოცდილი რეცეპტი - მშობლები

თინა ბებოს "წითელი ხაჭაპური" - გამოცდილი რეცეპტი

2015-02-18 07:42:10+04:00

ერთი ძალიან აქტიური დიასახლისის საფირმო ხაჭაპურის რეცეპტი ხაჭაპურის ცხობა დღეს არავის ესწავლება. თუმცა მაინც გვინდა გაგიზიაროთ ერთი ძალიან აქტიური დიასახლისის საფირმო ხაჭაპურის რეცეპტი. თინა ბებოს ხაჭაპური 4 თაობის არც ერთ მნიშვნელოვან სუფრას არ დაჰკლებია. რაც მთავარია, ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობდა. რეცეპტში დიდი საიდუმლოება არ დევს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ცომის დოზები წლების გამოცდილებამ "დააზუსტებინა". ამ ნამზადს ის "წითელ ხაჭაპურს" ეძახის.

mshoblebi

ცომისთვის დაგჭირდებათ:

5 ჩაის ჭიქა ფქვილი

250 გრ მარგარინი

600 მილილიტრი მაწონი

1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით

1 ჩაის კოვზი მარილი

ასევე:

150 მილილიტრი მაწონი და 2 კვერცხის გული ზემოდან მოსასმელად

გულსართი:

ამ პორციისთვის 1.5 კილოგრამი ყველი საკმარისია. ყველი ნაკლებმარილიანი უნდა იყოს, თუ მლაშეა, თხლად დაჭრილი ცოტა ხნით თბილ წყალში დაალბეთ. თუ საკმარისად ცხიმიანი არ არის, კარაქი დაამატეთ.

მომზადება:

მარგარინი ფქვილში ასრისეთ. ისე უნდა შეერიოს, რომ ერთიან ფხვიერ მასად იქცეს. მაწონი ოდნავ შეათბეთ, დაამატეთ სოდა ძმრით, მარილი და მოზილეთ ცომი. გაყავით 3 ნაწილად (თუ უფრო მცირე ზომის ხაჭაპურები გნებავთ, 4-5 ნაწილადაც შეგიძლიათ გაყოთ).

თითო გუნდა გააბრტყელეთ, დაადეთ გულსართი და შეახვიეთ. ცენტრში ოდნავ გახსნილი დატოვეთ (გაითვალისწინეთ, ამ ცომს ძლიერი გაბრტყელება და დატკეპნა არ უხდება). გადაუსვით მაწვნისა და კვერცხის გულის ნაზავი და შედგით ღუმელში.