რატომ არის ორსულობა და მშობიარობა ზამთარში უფრო რთული და როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცივ სეზონს უფრო მარტივად - მშობლები

რატომ არის ორსულობა და მშობიარობა ზამთარში უფრო რთული და როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცივ სეზონს უფრო მარტივად

2023-11-20 12:11:16+04:00

მათ, ვისაც ზამთარში უწევს ორსულობა და ბავშვის გაჩენა, ცივი სეზონი აშინებს. სიცივე, ვირუსები, გარეთ სეირნობისთვის შეუფერებელი ამინდები - ეს სერიოზულად აშინებს მომავალ დედებს. მაგრამ ყველაფერი არც ისე რთულადაა. გიზიარებთ რჩევებს, როგორ უნდა გადალახოს ორსულმა ზამთრის ცივი სეზონი.

ჩაიცვით სწორად

დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სუფთა ჰაერია. მაქსიმალურად უსაფრთხო რომ იყოს თქვენი სეირნობა, შესაფერისი ფეხსაცმელი ჩაიცვით. აირჩიეთ მოდელი, რომელიც ტერფის სახსარს კარგად აფიქსირებს. ასევე მისაღებია ფართო ქუსლი არაუმეტეს 2,5-3 სმ-ისა, რაც შეამცირებს მოცურების შესაძლებლობას.

ნუ ჩაიფუთნებით, ძალიან ბევრი ტანსაცმელი ჭარბ ოფლიანობას გამოიწვევს და შეიძლება გაცივდეთ. ამისგან ნატურალური ქსოვილის საცვლებიც დაგიცავთ. ზამთრის გასეირნებისთვის 30-40 წუთი საკმარისია.

ატარეთ ქამარი

თუ 20 კვირაზე მეტი ხნის ორსული ხართ, საორსულო ქამარზე უარს ნუ იტყვით. სიმძიმის ცენტრის ცვლის გამო ხერხემალზე დატვირთვა საგრძნობლად იზრდება. სახვევი თანაბრად გადაანაწილებს დატვირთვას ხერხემალზე და სიარულს კომფორტულს გახდის. ქამარს თვითნებურად ნუ შეიძენთ. ის ექიმმა უნდა შეგირჩიოთ და მოგარგოთ.

დატენიანეთ ჰაერი

ზამთარში გამათბობლები საკმაოდ აშრობენ ჰაერს სახლებში. ასეთი ჰაერის სუნთქვისას ცხვირის ლორწოვანი გარსი შრება და თავის დამცავ ფუნქციას - მტვრის, ვირუსების და ბაქტერიების ნაწილაკების განეიტრალებას, ვეღარ ახერხებს. მიკროორგანიზმები უფრო ადვილად აღწევენ ორგანიზმში და დაავადებებს იწვევენ. გარდა ამისა, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გამოშრობამ შეიძლება ალერგია გაამწვავოს. ჰაერის დატენიანება რთული არ არის. საკმარისია საცხოვრებელი ფართის დღეში რამდენჯერმე განიავება, ყოველდღიური სველი წმენდის ჩატარება და ჰაერის დამატენიანებელის გამოყენება.

გააკონტროლეთ რაციონი

ცდება, ვისაც ჰგონია, რომ ზამთარში ხილ-ბოსტნეულის ნაკლებობაა და ამიტომ კვება ნაკლებად სრულფასოვანია. ამის გამომ ბევრი ფეხმძიმე დიდი ხნის განმავლობაში ვიტამინების კომპლექსს იღებს. ნუ იჩქარებთ. ზამთრის რაციონი არანაკლებ სასარგებლოა. საზაფხულო ხილი ადვილად შეიძლება ჩაანაცვლოთ მოცვით, ასკილით, ციტრუსით და ა.შ. სხვათა შორის, ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო და ნიახური სასარგებლო ვიტამინებისა და მიკროელემენტების საბადოა. ზამთარში უმჯობესია უპირატესობა ცხოველური წარმოშობის ცილებს: თევზს, ხორცს, კვერცხს, ხაჭოს, რძის პროდუქტებს მიანიჭოთ .

ისიამოვნეთ ცხოვრებით

ზამთარში მზის შუქის რაოდენობა იკლებს და ეს განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს. ორსულს ისედაც უამრავი რამ აწუხებს ემოციურადაც და ფიზიკურადაც. თუ დისკომფორტი ძალიან ძლიერია, დროულად აცნობეთ ექიმს, რათა D ვიტამინი ან ფოტოთერაპია დაგინიშნოთ.