"ვამაყობ, რომ ბავშვები ჩემგან ცუდს ვერაფერს ისწავლიან და ვიდეოების ყურება სრულიად "უსაფრთხოა" ნებისმიერისთვის" - გაიცანით ბევრისთვის საყვარელი ახალგაზრდა იუმორისტი სანდრო გოცირიძე - მშობლები

"ვამაყობ, რომ ბავშვები ჩემგან ცუდს ვერაფერს ისწავლიან და ვიდეოების ყურება სრულიად "უსაფრთხოა" ნებისმიერისთვის" - გაიცანით ბევრისთვის საყვარელი ახალგაზრდა იუმორისტი სანდრო გოცირიძე

2023-11-20 11:58:38+04:00

24 წლის სანდრო გოცირიძეს სოციალური ქსელებიდან უამრავი ადამიანი იცნობს. სანდრო მაყურებელს სახალისო ვიდეოებს სთავაზობს, რამდენჯერმე გარდაისახება, საინტერესო პერსონაჟები ჰყავს და არაერთ აქტუალურ თემას ეხება. ქალაქ ხაშურში ცხოვრობს, პროფესიით, იურისტია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ახლა აკეთებს იმ საქმეს, რომელიც ბედნიერებას ანიჭებს. სანდრო სამოქალაქო განათლების სერტიფიცირებული მასწავლებელია, გეგმავს აბიტურიენტებთან მუშაობას, სურს სხვადასხვა უცხოური ენის ცოდნის დახვეწა და სოციალური ქსელების განვითარება. დღეს ბევრი ადამიანისათვის საყვარელ იუმორისტს უფრო ახლოდან გაგაცნობთ:

- ჩემი პროფესიით, იურისტად, არასდროს მიმუშავია, რადგან ვხვდები, რომ ეს ის არაა, რაც ცხოვრებაში უნდა ვაკეთო, ამიტომ მასზე დიდი ხანია უარი მაქვს ნათქვამი. ამჟამად ჩემი შემოსავალი დაკავშირებულია სოციალურ ქსელებთან.

- სოციალურ ქსელებში ბევრი გამომწერი გყავს და შენს ვიდეოებსაც უამრავი ადამიანი აზიარებს - მოგვიყევი, როდის გაგიჩნდა ვიდეოების გადაღებისა და სოციალურ ქსელში ასე აქტიურად განთავსების იდეა?

- სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მინდოდა მსახიობობა, ბავშვობიდანვე კარგი იუმორის გრძნობა მქონდა და ჩემს ვიდეოებში ეს ორი რამაა შეთავსებული. მათი გადაღების იდეა 2021 წლის ივნისში გამიჩნდა, თუმცა რომ ვთქვა, ჩემი გეგმა იყო და გაწერილად მოქმედება დავიწყე-მეთქი, მოვიტყუები. უბრალოდ, 20 წამიანი ვიდეო ჩავწერე და იმდენად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ყველასგან, რომ გადავწყვიტე გამეგრძელებინა. აი, მას შემდეგ უკვე 2 წელზე მეტი გავიდა და უკვე უამრავი ადამიანი მიცნობს და ელოდება ჩემს ვიდეოებს.

- მოგვიყევი შენი ვიდეოების გმირებზე - ერთ ვიდეოში რამდენჯერმე გარდაისახები ხოლმე - როგორ არჩევ თემებს, რა ხდება ინსპირაცია?

- თითოეული ჩემი პერსონაჟი - მუდმივი თუ ეპიზოდური, არის რეალური ადამიანებისგან აღებული მანერების, ჟესტებისა და მიმიკებისგან გამოძერწილი. ასეთი ადამიანები ჩემ გარშემო მართლა არსებობენ, უბრალოდ, ზოგიერთი ჩვენგანი არ აკვირდება. თუმცა, მე ადამიანებზე დაკვირვება ძალიან მიყვარს, რაც ვიდეოებში ნამდვილად მადგება. ინსპირაციას რაც შეეხება, ვიდეოსათვის ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს შთაგონება. ზოგჯერ, ერთი გაგონილი სიტყვაც კი საკმარისია, რომ გონებაში სცენარი თავისით, ავტომატურად დაიწეროს. ასევე, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული სიტუაციები შთამაგონებს: რიგი მაღაზიაში, ნაცნობთან შეხვედრა ქუჩაში, მეცადინეობა და უბრალოდ ურთიერთობები. თემების შერჩევისას ვაკვირდები, თუ რა ხდება ჩემ გარშემო, საზოგადოებაში და ხშირად სახელმწიფოშიც კი - რაზეც არაერთხელ გამიკეთებია ვიდეო.

3-1700468725.jpg

- როგორ ფიქრობ, რატომაა შენი ვიდეოები ასეთი პოპულარული?

- ჩემი ვიდეოების პოპულარიზაცია, ჩემი აზრით, ორ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული: პირველი ის, რომ კონტენტი უნიკალურია - საქართველოში მსგავსი არავის აქვს, ამიტომ როცა პირველი ხარ და თან იმას აკეთებ, რისი ყურებაც, ალბათ, ყველას უყვარს, პოპულარობაც არ აყოვნებს. მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ ჩემი ვიდეოები მორგებულია ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაზე - უყურებენ ძალიან პატარებიც და დიდებიც - და რაც მთავარია, არის მხოლოდ პოზიტივი, საინტერესო თემები და ჩვენი ყოველდღიურობა. იმითაც ვამაყობ, რომ ბავშვები ჩემგან ცუდს ვერაფერს ისწავლიან და ვიდეოების ყურება სრულიად "უსაფრთხოა" ნებისმიერისთვის.

- როგორია გამოხმაურება - უარყოფით კომენტარებს თუ გწერენ, ან თავიდან, ვიდრე მაყურებელი კარგად გაგიცნობდა, ამ კუთხით, რა სირთულეები შეგხვდა?

- სიმართლე გითხრათ, უარყოფითი დამოკიდებულება არც თავიდან გამოვლენილა და არც ახლა მხვდება ცუდი კომენტარები - რა თქმა უნდა, ძირითადად. თორემ, ბუნებრივია,ყველას გემოვნებაში ვერავინ და ვერაფერი ჩაჯდება, ეს მოსალოდნელიცაა და უნდა იცოდე, როცა სოციალურ ქსელში ამგვარ კონტენტს აკეთებ. თუმცა, გულწრფელად, არ მახსენდება გამოკვეთილი და უარყოფითი დამოკიდებულებები.

- როგორია შენი ცხოვრება სოციალური ქსელების მიღმა - რას საქმიანობ, რისი გაკეთება გიყვარს?

- ჩემი ცხოვრება ზოგჯერ მრავალფეროვანია, ზოგჯერ ერთფეროვანი - ალბათ, გააჩნია დროის მონაკვეთს, ვისთან ერთად ვარ და რას ვაკეთებ. ვაცნობიერებ, რომ სოციალურ ქსელებს დიდი დრო მიაქვს, ამიტომ ვცდილობ, ბალანსი ვიპოვო. გარდა სოციალური ქსელისა, ბევრი ჰობი მაქვს: ვარ აქტიური მკითხველი (საკუთარი პატარა ბიბლიოთეკაც მაქვს), ვმღერი და ძალიან მიყვარს მუსიკა. ასევე, უკვე 10 თვეა, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ესპანური ენა გახდა. უცხო ენები ძალიან მიყვარს - ინგლისური და ესპანური კარგად ვიცი, ასევე კარგად მესმის რუსულიც და პოლონურიც. ჩემი ახლანდელი მიზანია ესპანური ენის მაქსიმალური დახვეწა და ესპანეთში მოგზაურობა.ასევე, ამ ზაფხულს ჩავაბარე სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გამოცდა უმაღლეს ქულაზე და სექტემბრიდან ვაპირებ აბიტურიენტებთან მუშაობას, რადგან სკოლამ დასაქმებაზე უარი მითხრა - საკმარისი გამოცდილება არ გაქვსო.

- სანდრო, როგორც წესი, შენგან მიჩვეულები ვართ, რომ სახალისო ვიდეოებს გვიზიარებ. თუმცა, ერთ-ერთ ვიდეოში საკუთარ ნეგატიურ გამოცდილებაზე საუბრობდი და ამბობდი, რომ კონკრეტულმა სკოლამ მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა არ მოგცა - თუ შეგიძლია, მოგვიყევი ამის შესახებ...

- კი, ნამდვილად ასე იყო. ყველა მიჩვეულია ჩემგან პოზიტივს, თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური გამოცდილებაა, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. რეალურად, იმდენად მძიმე იყო ჩემთვის ეს, რომ აღარ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი, რადგან ის ბრაზი და უსამართლობის შეგრძნება მიახლდება ხოლმე, თუმცა ძალიან ვამაყობ იმით, რომ ამაზე საჯაროდ ვისაუბრე - ამას ვიდეოზე გამოხმაურებები და ათიათასობით ნახვაც მოწმობს.ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ ვაკანსიაზე განაცხადი საკუთარ სკოლაში მქონდა შეტანილი, რომელიც თავად დავამთავრე და ყველა ვინც კი მიცნობს პირადად, იცის როგორი მოსწავლე ვიყავი, რა ღირებულებები მქონდა და მაქვს ახლაც. ყველაზე ალოგიკური კი ის იყო, რომ 23 წლის ასაკში დამიწუნეს, რომ სკოლაში მუშაობის გამოცდილება არ მქონდა - ეს ხომ აბსურდია და შეუძლებელიც? ჩემი კანდიდატურის დაწუნების სხვა მიზეზი, პირდაპირ ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ არ არსებობდა. შესაბამისად, კი, ძალიან ნაწყენი დავრჩი, თუმცა ამან უკვე გაიარა, ახლა ახალი მიზნები მაქვს და უკან მიხედვა აღარ მინდა. ბევრი ვისწავლე ამ გამოცდილებით და რაღაცებს სხვა თვალით შევხედე, ამიტომ მადლიერი ვარ ცხოვრების, რომ ეს გამოცდილება მიმაღებინა.

- ზოგადად, როგორ ფიქრობ, რა პრობლემას აწყდებიან ჩვენ ქვეყანაში დამწყები მასწავლებლები?

- ჩვენს ქვეყანაში არათუ დამწყები, არამედ მოქმედი მასწავლებლებიც ყოველდღიურად უამრავ სირთულეს აწყდებიან, რომელთა გადაწყვეტა მათ კომპეტენციაში არ შედის და არც უნდა ევალებოდეთ. თუმცა, განათლების სისტემაში რომ უამრავი პრობლემაა და გამოსავალი ჯერაც არ ჩანს, ეს აშკარაა. ეს უკანასკნელი, ძალიან ჩაკეტილია, მასში ახალი კადრების შეღწევა ურთულესია, ვინაიდან მარტივად შეუძლიათ ისეთი მიზეზით გამოგაბრუნონ უკან, როგორც ეს თუნდაც ჩემ და კიდევ ასეულობით ადამიანის შემთხვევაში მოხდა. დღეს მასწავლებელი დაშორებულია მოსწავლეს და სამინისტროს ბიუროკრატიაში, იმ ქაღალდომანიაშია ჩართული, რომელსაც პედაგოგები წლიდან წლამდე აკეთებენ და რომელსაც ჩემი აზრით, არანაირი სასიკეთო და რეალური შედეგი არ მოაქვს არც მოსწავლის, არც სკოლის და არც მთლიანად საზოგადოების განვითარებისა და პროგრესისთვის.

- რა გეგმები გაქვს სამომავლოდ - რა მიმართულებით აპირებ განვითარებას, ახლა თუ გაქვს სარეკლამო შეთავაზებები?

- სამომავლო გეგმებზე ხშირად ძალიან ღიად და თავისუფლად ვსაუბრობ... ალბათ, ამას ხელიც შეუშლია, თუმცა უფრო მეტად სასარგებლო აღმოჩენილა. სამომავლო გეგმა ბევრია: მოგზაურობა ევროპაში, უცხო ენების დახვეწა, აბიტურიენტებთან მუშაობის დაწყება (რისთვისაც გენერალური მზადება უკვე დავიწყე) და ჩემი სოციალური ქსელების განვითარება.სარეკლამო შეთავაზებები უამრავია, განსაკუთრებით ვცდილობ, რომ ქართულ სტარტაპებს დავეხმარო ხოლმე. ამასობაში, პროდუქტისა და მომსახურების "რეკლამირების" უნიკალური მეთოდი ვიპოვე, რითაც მეც კმაყოფილი ვარ, მაყურებელიც და დამკვეთი კომპანიებიც. ამიტომ, ძალიან ხშირია, რომ დამკვეთი ვიდეოს ეფექტურობის გამო ჩემთან მრავალჯერადად თანამშრომლობს.

თამარ იაკობაშვილი