ბათუმში მდებარე კლინიკა "მედინა" სასიხარულო ფაქტის შესახებ წერს - დღენაკლთა საერთაშორისო დღეს კლინიკიდან გაწერეს ახალშობილი, რომელიც დაბადებისას 500 გრამს იწონიდა.
"თემესტია ნიშნიანიძე - ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ 2023 წლის 7 ივლისს, გესტაციის 23 3/7 კვირას დაიბადა. ახალშობილი იწონიდა 500 გრ-ს. ფაქტი, რომ ორსულობის მეხუთე თვეს დაბადებული 500-გრამიანი ახალშობილი დღეს კლინიკიდან 2 კილოზე მეტი, სრულიად ჯანმრთელი ეწერება, არის არა მხოლოდ „მედინას“, არამედ მთელი აჭარის სიამაყე. უღრმესი მადლობა პერინატოლოგიისა და მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბატონ ჯუმბერ უნგიაძეს და ბავშვთა მიმართულების ხელმძღვანელს, ქალბატონ ნატო გორგაძეს თავის გუნდთან ერთად, მათ მართლაც შეუძლებელი შეძლეს“, განაცხადა ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ირის ბორჩაშვილმა.
„თემესტია ჩვენი სიამაყეა, - ამბობს „მედინას“ ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, ნატო გორგაძე, - უამრავი სირთულის მიუხედავად ჩვენ შევძელით უმცირესი წონის ახალშობილის გამოზრდა, თემესტიამ გადალახა ყველა კრიზისი და ის უკვე დიდი გოგოა, დამოუკიდებლად წოვს საწოვარას და აკმაყოფილებს ასაკის შესაბამის ყველა კრიტერიუმს, დადგა დრო, ბედნიერი დღეები მშობლებთან ერთად გაატაროს".
თემესტიას მშობლები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „უშვილობის დიაგნოტისკის და მკურნალობის“ პროგრამის მოსარგებლეები არიან. სამინისტროს ცნობით პროგრამის განხორციელება 2022 წლის ივლისში დაიწყო და უკვე დაბადებულია 10 ბავშვი, 14 წყვილი კი შვილის მოლოდინშია.