საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს. ასევე, მედიკამენტების, კვებისა და პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს; შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები გათანაბრდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, 1 222 ლარით განსაზღვრა;
მანამდე ფიზიოლოგიურ მშობიარობას სახელმწიფო 500 ლარით, ჩვენებით გაკეთებულ საკეისრო კვეთას კი - 800 ლარით აფინანსებდა. როგორც უკვე აღინიშნა, ახალი ტარიფი ექიმის აყვანის, გაუტკივარების, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს დაფარავს.
როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტის თანაგადახდის შემცირება, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის გაზრდა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვაა.
ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის გამო კი, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და მშობიარობის ფასის გათანაბრება, რაც შეამცირებს სამედიცინო პერსონალის მოტივაციას საკეისრო კვეთის სასარგებლოდ;
რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურებას, აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება;
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური ამბობს: "მშობიარობასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო აიღებს და კლინიკებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბენეფიციარებს დამატებითი თანხები გადაახდევინონ. ეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ვფიქრობ, ეს მიმართულება არა ნაკლებ წარმატებული იქნება."
VIP და სხვა იმ ტიპის მომსახურების მისაღებად, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს, პაციენტს შეუძლია, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ერთჯერადად, განცხადების საფუძველზე დატოვოს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ყველა ხარჯის დაფარვა თავად მოუწევს.
მეან-გინეკოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ პაციენტს სასურველი სერვისის მისაღებად არა პროგრამიდან გათიშვა, არამედ თანხის დამატება უნდა შეეძლოს.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში მეან-გინეკოლოგი, დავით დავარაშვილი ამბობს: "უნდა იყოს თანაგადახდა. ისეთი სერვისები, რომლებიც აუცილებელი არ არის მომსახურებისთვის, მაგრამ ზოგიერთი პაციენტისთვისაა აუცილებელი, VIP პალატისთვის, თუ მას უნდა, რატომ უნდა შევზღუდოთ?!"
გაგუას კლინიკის საოპერაციო დირექტორი, ირაკლი გაგუა კი აღნიშნავს: "ვფიქრობთ, მოლოდინია, რომ, ზოგადად საკეისრო კვეთის წილი უნდა შემცირდეს. თუმცა, ამას დრო, ადაპტირება დასჭირდება როგორც კლინიკებისა და ექიმების, ასევე პაციენტის მხრიდან".
ჯანდაცვის ექსპერტი, თენგიზ ვერულავა ცვლილებას დადებითად აფასებს: "მისასალმებელია, რომ საკეისრო კვეთისა და მშობიარობების ფასი გათანაბრდა, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებულ გამოცდილებას ეხმიანება. ჯანდაცვის ეკონომისტები ბევრ ქვეყანაში ასეთი გათანაბრების რეკომენდაციას იძლევიან. რადგან, ეს სამედიცინო პერსონალის მოტივაციას ამცირებს, რომ მაღალი ფასის გამო, საკეისრო კვეთა ჩაატარონ."
ქვეყანაში DRG მეთოდი გასული წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა და მისი მიზანი სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო სერვისებზე ფასების გათანაბრებაა.