რა არის დემენციის პირველი ნიშნები და როგორ უნდა განვასხვაოთ მეხსიერების პრობლემები ერთმანეთისაგან - სპეციალისტები აქტუალურ თემაზე საუბრობენ - მშობლები

რა არის დემენციის პირველი ნიშნები და როგორ უნდა განვასხვაოთ მეხსიერების პრობლემები ერთმანეთისაგან - სპეციალისტები აქტუალურ თემაზე საუბრობენ

2023-11-23 11:05:31+04:00

ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემაში "იმედის დღე" საუბრობს, რა არის დემენცია და რა იწვევს ძირითადად მის განვითარებას:

- დემენცია კონკრეტული დაავადება არ არის. ეს არის ტერმინი, რომელიც ადამიანის დამახსოვრების, ფიქრის, გადაწყვეტილების უნარის დაქვეითებას განსაზღვრავს. შესაბამისად, მას თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს და ადამიანის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. მისი ყოველდღიური აქტივობები არეულ-დარეულია და ცხოვრების სრულფასოვნებაზეც აისახება. როდესაც დემენციის გამომწვევ მიზეზებზე ვსაუბრობთ, მიზეზი მრავალგვარია - თუმცა, მკვლევარები მაინც თანხმდებიან იმაზე, რომ 70% შემთხვევაში, დემენციის გამომწვევ მიზეზად ალცჰაიმერის დაავადებაა. თუ გენეტიკური ფაქტორი არსებობს და ოჯახის წევრს აღნიშნული დიაგნოზი ჰქონდა, დაავადების განვითარების რისკი მატულობს. ასაკიც მნიშვნელოვანია. წინათ, ძირითადად, აღნიშნული დაავადება 65 წლის შემდგომ ვითარდებოდა. ახლა კი ძალიან ბევრი ვალიდური მონაცემი არსებობს, რომ ასაკი გაახალგაზრდავდა. არსებობს მონაცემები იმასთან დაკავშირებითაც, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც, 30 წლის ასაკშიც კი დაისმება შესაბამისი დიაგნოზი.სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დაავადება უფრო ხშირად ქალებში ვლინდება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნევროლოგი მარინა ჯანელიძე საუბრობს, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ საქმე დემენციასთან აქვს და რა ნიშნებია ასეთ დროს გამოხატული:

- ეს ძალიან მძიმე პრობლემაა. არა მარტო ნევროლოგიის, არამედ მსოფლიო მედიცინის დიდი დარდია, რომ ადამიანი თანდათან კარგავს მეხსიერებას. სიტყვა დემენციის მიმართ გარკვეული სტიგმაც შეიქმნა. ქართულად კიდევ უფრო ცუდად - "ჭკუასუსტობად“ ჟღერს. ამიტომ, ამერიკელებმა, რომლებიც სტიგმას ებრძვიან, სხვა სიტყვა - ნეიროკოგნიტური დისფუნქცია მოიფიქრეს. ასაკის მატებასთან ერთად, მეხსიერების დაქვეითება ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა, იშვიათად, მაგრამ ახალგაზრდა პაციენტებიც არიან, რომლებსაც მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები უჩნდებათ.

აღსანიშნავია, რომ მეხსიერების დაქვეითება სხვა არაერთ ნევროლოგიურ პათოლოგიასაც ახლავს. მაგრამ, როდესაც ადამიანის მთავარი სიმპტომი მეხსიერების დაქვეითებაა და სხვა არაფერი აწუხებს, ეს პირველადი დემენციის ნიშანია. აქვე, აღსანიშნავია, რომ როდესაც ადამიანს ძალიან დიდი საინფორმაციო ველი აქვს, ინფორმაციის გაფილტვრა უჭირს. ამიტომ, ასეთ დროს, რაღაცების დავიწყება ბუნებრივია.

დემენციის დიაგნოზის მქონე ადამიანებს ძველი ამბები არაჩვეულებრივად ახსოვთ. მიმდინარე მოვლენები ავიწყდებათ. ძველი ინფორმაცია კი ყველაზე გვიან ზიანდება.

შორს წასული დემენციის დროს, პაციენტების ოჯახში ყოფნა ძალიან მძიმეა. ამერიკელებმა გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ დემენტური პაციენტის მომვლელებში დეპრესიის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ამიტომ, დასავლეთში და უკვე ჩვენთანაც, ასეთი პაციენტების სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანა დაიწყო. ასეთ დაწესებულებაში თავად პაციენტებიც გაცილებით უკეთესად გრძნობენ თავს. შვილს მშობლის მიმართ ყოველთვის ემოციური დამოკიდებულება აქვს. აქ კი ემოცია გვერდზე უნდა გადავდოთ და საკითხი რაციონალურად შევაფასოთ. დემენციის დიაგნოზის მქონე ადამიანს ღირსეულად ცხოვრების საშუალება უნდა მივცეთ.

მეხსიერების დარღვევებს საკმაოდ კვალიფიციური გამიჯვნა სჭირდება. არსებობს ტერმინი - ფსევდოდემენცია. ის დემენციას ჰგავს, მაგრამ დეპრესიის შედეგია. ანტიდეპრესანტების გამოყენების შემდეგ, შეიძლება, პაციენტის შემეცნებითი უნარები გაუმჯობესდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ანტიდეპრესანტის დანიშვნა და მოხსნა ექიმის პრეროგატივაა.

თუ ადამიანი ძალიან მაღალი ინტელექტისაა, ის თავად ხვდება და მეხსიერების დეფექტის შესახებ წუხს. როდესაც, ჩვეულებრივი ინტელექტის მქონე ადამიანს აქვს პრობლემა, ხშირად ვერ ხვდება და ოჯახის წევრები უფრო ატყობენ. თუმცა, პრობლემა ისაა,რომ ბევრად უფრო ადრე იწყება ის პროცესი, რომელსაც ბოლოს და ბოლოს დემენციისკენ მივყავართ, ვიდრე ადამიანი ამას ამჩნევს.

იმ ქვეყნებში, სადაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია მოხდა, აღმოჩნდა, რომ დემენციის რაოდენობაც შედარებით შემცირდა. ანუ, ჯანსაღი ცხოვრების წესი, გლიკემიის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა დემენციის განვითარებას გარკვეულად გადაავადებს და რისკს ამცირებს.

ჩვენი ტვინი, საკუთარი პოტენციალის, დაახლოებით, 30%-ს იყენებს. დანარჩენს "სძინავს". დიდი პოტენციალი გვაქვს. ამიტომ, მაგალითად, ახალი ენის შესწავლა ასაკში ახალი ნეირონული წრეების განვითარებას იწვევს და ეს, რასაკვირველია, დაავადებას გადაავადებს.

დემენცია ქალებში უფრო ხშირია და ეს ჰორმონულ ბალანსს უკავშირდება. ალცჰაიმერის გარდა, სხვა ფორმებიც არსებობს. მაგალითად, სისხლის მიმოქცევის უკმარისობის ფონზე, ან ინსულტების ფონზე განვითარებული მეხსიერების დაქვეითება. არსებობს ე.წ. შუბლისმიერი დემენცია. მაგრამ, ყველაზე ხშირად დემენცია ალცჰაიმერის დაავადებითაა გამოწვეული. ბევრად ადრე იწყება პროცესი, ვიდრე ადამიანი და ირგვლივმყოფები ამას შეამჩნევენ.

არსებობს მედიკამენტები, რომლებიც დაავადების განვითარებას აფერხებს, გადაავადებს. ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე, ყველას გირჩევთ, რომ იმაზე, რაზეც არ უნდა ინერვიულოთ, ნუ ინერვიულებთ და ინფორმაცია გაფილტრეთ.