რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი ლალი ფხალაძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რამ შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცებში უშვილობა:
- ეს პრობლემა ქალსაც და მამაკაცსაც თანაბარწილად ეხება. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ის მომენტი, რომ ხშირად, ადამიანები, რომლებსაც უშვილობის პრობლემა აქვთ, აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან, მაგრამ მათთვის აღნიშნული პრობლემა ძალიან მნიშვნელოვან სიმძიმეს ქმნის არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ფსიქოემოციური თვალსაზრისითაც. მატერიალურადაც მნიშვნელოვანი სიმძიმეა, რადგან იმისათვის, რომ ადამიანებმა რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სერვისები მიიღონ, რა თქმა უნდა, ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მამაკაცის უშვილობის განსაზღვრა სპერმის ანალიზის შეფასებით ძალიან მარტივად შეგვიძლია. ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ, როდესაც უარყოფითი შედეგი გვაქვს, განმეორებითი კვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რადგან მამაკაცის სპერმა ძალიან ცვალებადია. ყველაზე მძიმე შემთხვევა სპერმალურ სითხეში სპერმატოზოიდების არარსებობაა. ამ შემთხვევაში, თანდაყოლილი, გენეტიკური პათოლოგიები ყოველთვის უნდა გამოვრიცხოთ, მაგალითად, როგორიცაა კლაინფელტერის სინდრომი. ასევე, ბავშვობაში გადატანილ ინფექციებს, ყბაყურას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს, რომლებიც ძალიან ხშირად სპერმის გამომტანი სადინარების დახურვას იწვევენ.
შედარებით უფრო ნაკლები სიმძიმის დაზიანების შემთხვევაში, საუბარია ე.წ. ოლიგოსპერმიაზე, სპერმატოზოიდების როგორც ხარისხობრივი, ფუნქციური, ასევე რაოდენობრივი ცვლილებებია აღნიშნული. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გენეტიკურ ფაქტორებთან ერთად, სხვადასხვა ენდოკრინულ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციებს, ანთებით დაავადებებს, ვარიკოცელეს. რეპროდუქციული ფუნქციის რეალიზებას ჯანმრთელი მამაკაცი, ჯანმრთელი სქესობრივი ფუნქციით სჭირდება. ძალიან ხშირად უშვილობის მიზეზი სქესობრივი დისფუნქცია ხდება. მნიშვნელოვანია, აქტიური, ჯანსაღი სქესობრივი ურთიერთობა. ითვლება, რომ ორსულობის დასადგომად 2 დღეში ერთხელ სქესობრივი კონტაქტი საუკეთესოა. რაც შეეხება ხანგრძლივ თავშეკავებას, ამ შემთხვევაში შესაძლოა, პირიქითაც მოხდეს -შესაძლებელია ეაკულატში სპერმატოზოიდების რაოდენობა გაიზარდოს, მაგრამ ამ დროს ხშირად მათი ხარისხი ქვეითდება. ამიტომ, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ეკოლოგიური ფაქტორები, ცხოვრების წესი მამაკაცის უშვილობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. დღეს ყველა ავტორიტეტული, საერთაშორისო რეკომენდაცია მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ ალკოჰოლი, სიგარეტი, კვების ხასიათი მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. როგორც ჭარბი წონა, ასევე მალნუტრიცია გასათვალისწინებელია. მამაკაცის უშვილობა კომპლექსური მდგომარეობაა, სადაც ძალიან ბევრ ფაქტორს თავისი ხვედრითი წილი აქვს.