განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის ბუფეტების მიმართ აუცილებელი მოთხოვნების ჩამონათვალი დაამტკიცა. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნების“ ამსახველ დოკუმენტში განსაზღვრულია აკრძალული მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა.
შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით. სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც
როგორი სურსათი იქნება დაშვებული სკოლის კვების ობიექტში
- ბიზნესოპერატორი, სკოლაში საკვებით მომსახურების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის №01-306/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციით(გაიდლაინით) – „ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში“.
- არაგადამდებ დაავადებათა განვითარების რისკის შემცირებისა და სიმსუქნის პრევენციის მიზნით, შერჩეული უნდა იქნეს შაქრის ნაკლები შემცველობის სურსათი, მათ შორის სასმელი.
- დაუშვებელია ტკბილი და გაზიანი სასმელების შეტანა (მათ შორის ხილის სასმელების, გაზიანი/უალკოჰოლო სასმელების, აღდგენილი სასმელების, ენერგეტიკული სასმელების) და გამოყენება.
- კვებისათვის შერჩეული უნდა იქნეს დაბალი ცხიმის შემცველობის სურსათი. მიზანშეწონილია, ნაჯერი ცხიმები ჩანაცვლებულ იქნეს უჯერი ცხიმებით.
- შერჩეული უნდა იქნეს მარილის/ნატრიუმის ნაკლები შემცველობის სურსათი.
- ახალი პური წარმოადგენს თითოეული კვების აუცილებელ ნაწილს. ის შეიძლება შეიცვალოს ორცხობილით (დაუმტკბარი) ან მჭადით.
- მოსწავლეთა კვებისათვის არ არის დასაშვები შემდეგი საკვებდანამატების შემცველი სურსათის გამოყენება: ა) ნატრიუმის ბენზოატი (E211) – კონსერვანტი; ბ) ტარტრაზინი (E102) – საღებავი; გ) ქინოლინისებრი ყვითელი (E104) – საღებავი; დ) ყვითელი „მზის ჩასვლა“ (E110) – საღებავი; ე) კარმუაზინი (E122) – საღებავი; ვ) პონსო ალისფერი 4R (E124) – საღებავი; ზ) წითელი ალურა AC (E129) – საღებავი.
- მოსწავლეთა კვებისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული მოზრდილთათვის განკუთვნილი სპეციალური და დიეტური პროდუქტები, მაგალითად, ქოლესტეროლის დამწევი ან სურსათი/სასმელი შაქრის შემცვლელი ხელოვნური დამატკბობლებით, როგორიცაა: ა) ასპარტამი (E951); ბ) სახარინი (E954); გ) სორბიტოლი (E420); დ) აცესულფამი K (E950); ე) სუკრალოზა (E955). 9. სპეციალური კვებითი საჭიროების მქონე ბავშვების კვებაში (საჭიროების შემთხვევაში) გამოსაყენებელი სურსათის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების და/ან აღიარებული საერთაშორისო რეკომენდაციები.
აკრძალული მზა პროდუქტები
მოსწავლეებში ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, სკოლის კვების ბლოკში აკრძალულია შემდეგი პროდუქტების გამოყენება:
- ა) საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);
- ბ) მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;
- გ) მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;
- დ) დაკონსერვებული პროდუქტები;
- ე) თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;
- ვ) სოკო ნებისმიერი ფორმით;
- ზ) კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
- თ) ტკბილი გაზიანი სასმელები;
- ი) ყავა.
დეტალურად შესაბამისი ბრძანების დანართი იილეთ ბმულზე.