"დღევანდელი მოზარდების ტრაგედია დედ-მამასთან გაუცხოებაა, რასაც მწვავე ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მივყავართ", - ამბობს ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილი, რომელსაც ამ მტკივნეულ საკითხზე ვესაუბრეთ:
- გარდატეხის ასაკში მშობლის როლი განუზომელია: სწორედ ამ ასაკში მიმდინარეობს ბავშვის ტრანსფორმაცია, მისი მომწიფება ფიზიკურად და სექსუალურად... ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოზარდობის ასაკად მიიჩნევს ადამიანის სიცოცხლის ეტაპს 10-დან 20 წლამდე, საქართველოში კი მიჩნეულია, რომ ეს ეტაპი 12-დან 19 წლის ასაკამდე გრძელდება. ეს არის მოზარდობის ასაკი - ყველაზე რთული, გარდამავალი პერიოდი. ამ ასაკში მოზარდი შეიძლება უმიზეზოდ ტიროდეს, იცინოდეს, ბრაზობდეს... ისინი დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან, მაგრამ საამისოდ არც ფინანსური რესურსი აქვთ და არც სხვა საშუალება. წარმოიდგინეთ, რამდენად უმწეოა ამ სიტუაციაში ბავშვი, რომელსაც დედა ან მამა გვერდით არ ჰყავს.
- უკიდურესად აზიანებს. ამ ასაკში მოზარდს ისედაც ახასიათებს მშობლებისგან გაუცხოება. ამ მოვლენაზე მოსწრებულად ამბობდა მარკ ტვენი, როცა 15 წლის ვიყავი, მამაჩემი იმდენ სისულელეს ამბობდა, ვერ ვიტანდი, მაგრამ 21 წლის რომ გავხდი, გამიკვირდა, როგორ დაჭკვიანდა მოხუცი რამდენიმე წელიწადშიო... დიახ, ამ ასაკის ბავშვებს თანატოლებთან ურთიერთობა უფრო მოსწონთ და მათ მეტად ენდობიან, ვიდრე მშობლებს, მით უმეტეს, როცა ისინი შორს არიან. დედ-მამის სიშორე ყველაზე მეტად მოზარდის თვითშეფასებას აზიანებს, თვითშეფასება კი დიდ როლს ასრულებს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. როდესაც ბავშვს დედა, მამა ან ორივე მშობელი ტოვებს იმ ასაკში, როცა მის ორგანიზმში წარმოუდგენელი ძვრებია, მოზარდები გულჩათხრობილები ხდებიან, თავს დაუცველად გრძნობენ და ზოგჯერ აგრესიულადაც იქცევიან. მშობელთან დაშორება კიდევ უფრო ამძაფრებს ყველა ემოციას, რაც ამ სტადიაზე მოზარდისთვის ისედაც დამახასიათებელია. შესაძლოა ჩვენი მკითხველი დაინტერესდეს, რით აიხსნება ეს ყველაფერი - უპირველეს ყოვლისა, მშობელსა და მოზარდს შორის ხშირი ემოციური კავშირის უქონლობიით. მათ შორის ემოციური კავშირი არ უნდა გაწყდეს, განსაკუთრებით, მამასთან.
- ფსიქოლოგებმა კარგად იციან, რომ მამა-შვილს შორის კავშირი განსაკუთრებით სათუთი და მოსაფრთხილებელია. შვილი დედასთან ემოციურ კავშირს დიდხანს ინარჩუნებს, თუნდაც იშვიათად ხედავდნენ ერთმანეთს. რა ხდება მამასა და შვილს შორის? - საკმარისია, ერთმანეთს ორი კვირის განმავლობაში არ დაელაპარაკონ, რომ ემოციური კავშირი გაწყდეს.
შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს ფაქტია. დედა შესაძლოა წასული იყოს, მაგრამ შვილთან მისი კავშირი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდეს - სანამ რომელიმე მათგანის სიცოცხლე არ დასრულდება. ეს კანონზომიერება დადგენილია იმ დედებთანაც კი, რომლებმაც შვილი გააჩინეს და ისე გააშვილეს, რომ არც უნახავთ. სწორედ ამით აიხსნება, რომ ასეთი დედები მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებიან და დედა-შვილი ერთმანეთს ეძებს. ადვილი წარმოსადგენია, რა ემართება ბავშვს, რომლის დედა ემიგრაციაში მიდის და ბებია-ბაბუის, ნათესავების ან ძიძის იმედად ტოვებს!