11 ნოემბერს იტალიაში 22 წლის სტუდენტი ჯულია ჩეკეტინი გაუჩინარდა. მისი ცხედარი ერთი კვირის შემდეგ ტბის მახლობლად, თხრილში იპოვეს. ქალის ყოფილი მეგობარი ბიჭი კი, რომელიც გერმანიაში გაქცევას ცდილობდა, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ჯულიას გარდაცვალებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იტალიურ საზოგადოებაში; სტუდენტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გამართეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. იტალიის პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო კანონი ქალების დასაცავად პრევენციული ზომების შესახებ, მაგრამ უფლებადამცველები და იურისტები შიშობენ, რომ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის.
სააგენტო ANSA, გამომძიებლების დასკვნაზე დაყრდნობით წერს, რომ ჯულია მკვლელს წინააღმდეგობას უწევდა, დაახლოებით, 25 წუთის განმავლობაში - მან გაქცევა სცადა, მაგრამ მდევარი დაეწია და დანა დაარტყა.
მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, სანამ 22 წლის ჯულია ჩეკეტინი ბიოსამედიცინო ინჟინერიის დიპლომს მიიღებდა - ის ყოფილ მეგობარ ბიჭთან, ფილიპო ტურეტასთან ერთად, გამოსაშვები სამოსის საყიდლად წავიდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, 22 წლის ტურეტა როგორ სცემს თავის ყოფილ პარტნიორს ავტოსადგომზე მის სახლთან ახლოს. ქალმა გაქცევა სცადა, მაგრამ პროკურორების თქმით, მოძალადემ პირზე ლენტი დააკრა, მანქანაში ძალით ჩასვა და გაიტაცა.
ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი თხრილში, შავ ცელოფანში გახვეული იპოვეს.
გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა სასტიკი მკვლელობის ნიშნები - თავსა და კისერზე მიყენებული ჰქონდა მინიმუმ 20 ღრმა ჭრილობა. ვარაუდობენ, რომ ის 11 ნოემბრის ღამეს გარდაიცვალა. განაგრძეთ კითხვა