„მაშინ მანქანები არ იყო, სამსახურში ცხენებშებმული ეტლით დავდიოდი... ყოველდღე უნდა ვივარჯიშო, სხვაგვარად არ შემიძლია“ - 102 წლის ანტისა ყარაულაშვილის დღეგრძელობის საიდუმლო - მშობლები

„მაშინ მანქანები არ იყო, სამსახურში ცხენებშებმული ეტლით დავდიოდი... ყოველდღე უნდა ვივარჯიშო, სხვაგვარად არ შემიძლია“ - 102 წლის ანტისა ყარაულაშვილის დღეგრძელობის საიდუმლო

2023-11-28 22:58:16+04:00

ჩემი მრავალწლიანი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა ასაკისა თუ პროფესიის ადამიანს შევხვედრივარ და ვხვდები, თუმცა, მათ შორის არავინ ყოფილა ერთი საუკუნის. მეტიც, ანტისა ყარაულაშვილი 102 წლისაა, მშვენიერი მოსაუბრე და თბილი ქალბატონი.

- ქალაქ თელავში 1921 წლის 16 მაისს დავიბადე. საბავშვო ბაღში ძალიან კარგი მასწავლებელი გვყავდა. დილას იატაკზე სათამაშოებს გაგვიშლიდა, ვთამაშობდით, ვცეკვავდით და დავრბოდით, მაგრამ როცა დაიძახებდა: „საუზმე!“ ჩვენ სიმღერას ვიწყებდით: „ერთ-ორ-სამ წუთშიააა, ალაგებულიააა“ (მღერის). ყველა სათამაშოს თავის ადგილს მივუჩენდით. ის ასე გვაჩვევდა წესრიგს... მაშინ პური არ იშოვებოდა და იქ თეთრი პურის მაღალ ნაჭრებს გვაძლევდნენ, რომელზეც თაფლი იყო გადასმული. დღემდე მახსოვს იმ თაფლიანი პურის გემო... პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ბაღსა და სკოლაში ძალიან კარგი მეგობრები მყავდა, სიკვდილის ბოლომდე ვმეგობრობდით. არ უნდა ვიკვეხნიდე, მაგრამ სკოლაში მასწავლებლებს ძალიან მოვწონდი, მოწინავე მოსწავლე ვიყავი და ყოველთვის ჯილდოებს ვიღებდი. სამი და ვიყავით: თინა, რუსუდანი და მე. დედაჩემი ივლიტა ბატიაშვილი, წინანდლელი ქალი, დიასახლისი იყო. მამა იროდიონ ყარაულაშვილი კი სოფელ ვარდისუბნიდან გახლდათ. განათლებული კაცი იყო, ძალიან უყვარდა კითხვა. თელავის სასულიერო სემინარიის შემდეგ, ორი ფაკულტეტი დაამთავრა, მათ შორის ფარმაცევტული. მამაჩემი სოფელ წინანდალში აფთიაქში მუშაობდა. მე რომ დავიბადე, უნდოდა ჩემთვის თამარი დაერქმია. იქვე ერთი კაცი, გრიშა ქვარაია მუშაობდა, რომელიც შემდეგ ჩემი ნათლია გახდა. მას უთქვამს, - შეყვარებული მყავდა, ანტისა, მასთან სიყვარულში არ გამიმართლა და მინდა ვიღაცას მაინც ერქვას ეს სახელიო... სკოლა რომ დავამთავრე, ფილოლოგიურზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ ძალიან დიდი კონკურსი იყო, ამიტომ საბუთები პოლიტექნიკურში შევიტანე, ინჟინერ-ქიმიკოსი გავხდი. სტუდენტობის დროსაც კარგი მეგობრები შემხვდნენ.

- ვინ იყო თქვენი მეუღლე?

- იოსებ ფეიქრიშვილი ღვინის ტექნოლოგი იყო. 1941 წლის მაისში, უმაღლესში ბოლო გამოცდა რომ ჩააბარა, მეორე დღეს ომი დაიწყო და მაშინვე ფრონტზე წავიდა. მაშინ პატარები თხოვდებოდნენ, მე კი 27 წლის ვიყავი და ერთ ოჯახში დამიბარეს, უსათუოდ ვინმე უნდა გაგირიგოთო. იქ რომ მივედი, „კარტს“ თამაშობდნენ. ერთ-ერთი „კარტს“ კი არა, მე მიყურებდა და მაკვირდებოდა. ის ჩემი მომავალი მეუღლე, იოსები იყო. იქიდან რომ წამოვედი, გამომაცილა. მაშინ მითხრა, ძალიან მომეწონე და მამაშენთან მინდა მოსვლაო. ასეც მოიქცა. მამაჩემმა ახედ-დახედა, ყურადღება მის „პაგონებზე“ რომ შეაჩერა, იოსებმა უთხრა: დიახ, ფრონტზე ვიყავი, კაპიტანი ვარო. მამაჩემს იმ დღესვე მოეწონა, მაგრამ დედაჩემმა დაიწუნა, ულვაში არ აქვსო (იცინის). ძალიან მალე სუფრა გამართეს და დავქორწინდით. ჩემი მეუღლე 2001 წელს გარდაიცვალა, 86 წლის ასაკში.

- თქვენი მომავალი მეუღლე ფრონტზე იყო, თქვენ სად გაატარეთ ის წლები? მეორე მსოფლიო ომის დაწყება-დასრულება როგორ გაიგეთ და ამ ამბავს როგორ შეხვდით?

- ომი რომ დაიწყო, ეს თბილისში გავიგე. ინსტიტუტში მივდიოდი, ნახაზები მიმქონდა. ზემელზე ჩამოვედი, სადაც ხალხი იყო შეგროვილი. ომის დაწყება რადიოდან გვაუწყეს. მახსოვს, ყველა როგორ დავიბენით... ომის პერიოდში თბილისში მამაჩემი თელავიდან პროდუქტს მიგზავნიდა და მეზობლებს ვუნაწილებდი. ლორს რომ მოვხარშავდი და ეზოში სუნი დადგებოდა, მის ნახარშს, წვენს მთხოვდნენ. იმ ნახარშში ხორცს ჩავუჭრიდი და მეზობლებს ბავშვებთან ისე ვატანდი. მახსოვს, განგაშის სიგნალი რომ ირთვებოდა და თვითმფრინავი გადაიფრენდა, ფანჯრებზე ფარდებს ვაფარებდით, ბინიდან სინათლე რომ არ გასულიყო. ომის დაწყებისას ინსტიტუტიდან ბიჭები ჯარში წაიყვანეს. კასპში პრაქტიკებზე რომ ჩავედი, ჯერ დიპლომი აღებული არ მქონდა, იქვე ინჟინრად დამტოვეს. ცემენტის ქარხნის ლაბორატორიაში ვმუშაობდი. ჩემი ინსტიტუტის ამხანაგიც იქვე დატოვეს, ბიჭები რომ არ იყვნენ, სხვა გზა არ იყო, ინჟინრები სჭირდებოდათ. ომი რომ დასრულდა, თელავში ვიყავი. კასპში მუშაობისას ბრმა ნაწლავის ოპერაცია მქონდა გასაკეთებელი. სამსახურში ვთქვი, თელავში ოპერაციის გასაკეთებლად უნდა წავიდე-მეთქი და თანამშრომლების სიმცირის გამო ძლივს გამიშვეს. ოპერაციის დღედ 9 მაისი ჩაინიშნა. საავადმყოფოში საოპერაციოდ მომამზადეს, როცა ომის დასრულება გამოცხადდა. რა დროს ჩემი ოპერაცია იყო?! ტანზე ხალათი შემოვიცვი და იქვე საავადმყოფოსთან, ბიძაჩემთან გავიქეცი. დიდი სიხარული იყო ქუჩებში, ხალხი ცეკვავდა. მერე მალევე გავიკეთე ის გადადებული ოპერაცია. ეგ ერთადერთი ქირურგიული ჩარევა იყო, სხვა მხრივ ჯანმრთელი ვარ.

- თბილისში სანამ ჩამოხვიდოდით, თავდაპირველად ახალდაოჯახებული სად ცხოვრობდით?

- 17 წელი თელავში ვცხოვრობდით. მაშინ მანქანები არ იყო, სამსახურში ცხენებშებმული ეტლით დავდიოდი. მე და ჩემს მეუღლეს სამი შვილი შეგვეძინა: თამრიკო, ნინო და ლევანი. ჩემმა უფროსმა შვილმა თამრიკომ სკოლა თელავში, ოქროს მედალზე დაამთავრა. ჩემი მეუღლე მეცნიერ-მუშაკი იყო. მევენახეობის ინსტიტუტში განყოფილება რომ გაუხსნეს, თბილისში გადმოვედით. თელავში „ხიდმშენში“ ნორმადარად ვმუშაობდი, კარგი თანამდებობა მქონდა და ასეთივე ხალხიც გარშემო. მუშაობას ადრე, 8 საათზე ვიწყებდი. სულ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვატარებდი. მეზობლები ბრაზობდნენ, - სამსახურში რომ მიდიხარ, დილაადრიან შენი ფეხსაცმლის კაკუნი გვაღვიძებსო (იღიმის). იმ დროს ფეხსაცმელს ძირითადად ვიკერავდით, ქუდებსაც. მთელი ცხოვრება ისეთი მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელი მეცვა, თითქმის თითის წვერებზე ვიდექი, მაგრამ როცა ეჩვევი, მერე ვეღარ გრძნობ, მაღალი გაცვია თუ დაბალი.

- თქვენს ცხოვრებას თვალს რომ გადაავლებთ, რას ფიქრობთ, რომელი იყო ყველაზე ბედნიერი წლები?

- ყველა ეტაპი თითქმის ერთნაირად ბედნიერი იყო. კარგი და თბილი დედ-მამა მყავდა, ასეთივე დები, ჭირსა და ლხინში ერთად ვიყავით. გავთხოვდი და ქმარიც კარგი შემხვდა, შვილებიც კარგები არიან. სამი შვილი და 5 შვილიშვილი მყავს: ირაკლი, ეკა, თამარი, იოსები და ნიკოლოზი. შვილთაშვილი კი 2: სოფი და ელენე. ტყუპია და გერმანიაში ცხოვრობენ. კარგად მახსენდება ის წლები, როცა ჩემს მეუღლეს აფხაზეთში დავყავდი და ბიჭვინთაში ვისვენებდით. ასე რომ, ცუდს ვერაფერს ვიტყვი.

- ლიტერატურა და თეატრი გამორჩეულად გყვარებიათ. იმ დროს სპექტაკლზე დასასწრებად გამორჩეულად ემზადებოდნენ, იპრანჭებოდნენ...

- არა, ბევრჯერ სპექტაკლზე ბამბაზიის კაბითაც შევსულვარ. პალტოს რომ გავიხდიდი, შემრცხვებოდა ხოლმე, ამ კაბით რატომ მოვედი-მეთქი (იღიმის). მარჯანიშვილის თეატრი ჩემთვის გამორჩეული იყო და იქ ხშირად დავდიოდი. მსახიობებიდან: ეროსი, აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე ძალიან მიყვარდა. მე და ზაქარიაძე ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით. თეატრში რომ მიდიოდა, ვიცოდი, სახლიდან როდის უნდა გამოსულიყო, მეც იმ დროს სტუდენტი გამოვიდოდი და უკან მივყვებოდი. ერთხელ, ქუჩაში კაცს მანქანა დაეჯახა. ზაქარიაძემ მაშინ მოიხედა და იმ დროს დავინახე ყველაზე კარგად. მაშინ მოსკოვის ქუჩის 13 ნომერში ვცხოვრობდი. ჩემს მეზობელ ჩიტოლა ჩხეიძესთან მისი მეგობარი, სპარტაკ ბაღაშვილი მოდიოდა და კარგად მახსოვს ეს მსახიობიც. მაღალი, სიმპათიური კაცი იყო. ერთხელ ჟორა შავგულიძე ახმეტელის ბაზარში ვნახე, ხელზე შარვალი ჰქონდა გადაკიდებული და ყიდდა. ეგეთი გაჭირვების ხანა იყო...

- რეპრესიები თქვენს ოჯახს ხომ არ შეხებია?

- არა, მაგრამ ჩვენს მეგობარ ოჯახს შეეხო, სახლიდან გამოასახლეს. დედაჩემი საჭმელს ჩანთაში ჩაგვილაგებდა და არავის რომ არ დავენახეთ ისე, მათთან მიგვქონდა, ჩუმად ვაწვდიდით.

- მაგიდაზე წიგნები გიწყვიათ. რას კითხულობთ ყველაზე ხშირად და რას უყურებთ ხოლმე?

- კითხვა დღემდე მიყვარს. ჩემი გოგონები ახალს რასაც მომიტანენ, ყველა წიგნს ვეცნობი. ბოლო წლებში „ვეფხისტყაოსანი“ სამჯერ წავიკითხე. ზოგიერთი მონაკვეთი ზეპირად ვიცი. ძალიან მიყვარს ილია, ვაჟა და მიხეილ ჯავახიშვილი. ფილმებიც მიყვარს, განსაკუთრებით ქართული. თურქული სერიალები არანაირად, მაგას რა მაყურებინებს?! ქართული ფილმებიდან გამორჩეულად „რაც გინახავს, ვეღარ ნახავს“ მიყვარს და ხშირადაც ვუყურებ. განაგრძეთ კითხვა