გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პრინცესა დიანამ წიგნის წერა დაიწყო, რომელსაც დაარქვა: "პრინცესა დიანა - ცხოვრება, რომელსაც თავად ჰყვება." წიგნი ბიოგრაფიული ცნობებითა და გულწრფელი აღიარებებითაა სავსე, რომელიც უემოციოდ არავის დატოვებს. დღეს ლედი დის ავტობიოგრაფიული ნაწარმოებიდან რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან ციტატას გაგიზიარებთ, რომლებიც დიდი ბრიტანეთის საყვარელი პრინცესას ემოციურ მდგომარეობასა და ტკივილს ზუსტად ასახავს:
"ერთია, სამეფო ოჯახს გარედან შეხედო და სულ სხვაა მის შიგნით ყოფნა! ბალმორალს ბუკინგემის სასახლეზე არანაკლებ მკაცრი რუტინა აქვს; დედოფალმა უბრალოდ არ იცის, მკაცრი ყოველდღიური რუტინის მიღმა როგორ უნდა იცხოვროს: ყოველთვის ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს და გაწერილი წუთების მიხედვით მოხდეს."
"ჩარლზს ჩემი დის წყალობით შევხვდი. ნოუბოტლის ტყეში, ელტორპთან ახლოს მელაზე ნადირობდნენ. ერთ-ერთი სტუმარი პრინცი ჩარლზიც იყო ისევე, როგორც ჩემი დის, სარას მეგობარი ბიჭი. როდესაც ეს ამბავი გავიგე, ყველაფერი გავაკეთე, რომ როგორმე სკოლიდან გავქცეულიყავი და ელტორპში მოვხვედრილიყავი. განა შესაძლებელია, იცოდე, რომ პრინცი ჩვენს მამულშია და სკოლაში გაჩერდე?!"
"ღმერთო, მზად ვიყავი, მისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ღალატისთვის მზად არ ვიყავი... მაგრამ, ეს მოგვიანებით გავაცნობიერე. ჩემი მდგომარეობის აღსაწერად შეგიძლიათ, მილიონი ძახილის ნიშანი დასვათ."
"ჩარლზი მხოლოდ მაშინაა თბილი და ნაზი, როცა ყველაფერი ისე მიდის, როგორც მას სურს. მეგობრებთან ურთიერთობისას ძალიან ზრდილობიანი და სასიამოვნო ადამიანია, ხმას არავისთან უწევს. მაგრამ, მე გამონაკლისი ვარ! მას შეუძლია, უყოყმანოდ საჯაროდ მიყვიროს ისე, რომ ყველამ იფიქროს, რომ არარაობა ვარ. შესაბამისად, ზედმეტ ყურადღებას, ღიმილს, მოხიბვლის მცდელობას აზრი არ აქვს."
"როდესაც საკურთხეველთან ნელ-ნელა მივდიოდი, სადაც პრინცი ჩარლზი მელოდებოდა, კამილა შევნიშნე, რომელსაც ჭუჭყიანი-ნაცრისფერი კაბა ეცვა და თავს სასაცილო ქუდში, ფარდის მიღმა ფარავდა. თითქოს, შეიძლებოდა, მისი მასიური ყბა ფარდის მიღმა დამალულიყო. ის საკუთარ შვილთან, ტომთან ერთად იყო. კამილა ნაცრისფერ თაგვს მეძახდა. მაგრამ, იმ დღეს ნაცრისფერი თაგვი მე კი არა, თავად იყო."
"ჩემი ქმრისთვის დღეში ერთხელ მაინც, სრულიად უმიზეზოდ რომ მეთქვა, რომ მიყვარდა, ამაზე რომ მესაუბრა, ალბათ, ჩვენი ურთიერთობა აყვავდებოდა. მაგრამ, სამეფო ოჯახში გრძნობების გამოხატვა მიღებული არ არის, განსაკუთრებით კი ზედმეტად..."
"უამრავი ხალხი, მისალმებები, ჩემ ირგვლივ შეკრება და სიყვარულის გამოხატვა, თუმცა არა პიროვნულად ჩემ მიმართ - ხალხს პრინცესას შექმნილი იმიჯი უყვარს, რომელიც კონკია იყო და არ სურთ, შეამჩნიონ, ყოფილი კონკია როგორი უბედურია..."
"ჩემი ქმარი ძალიან მიყვარდა. მინდოდა, ბედნიერი ცოლი, დედა და მომავალი დედოფალი ვყოფილიყავი! როდესაც ამას შევპირდი საკუთარ თავს, დამავიწყდა, რომ "საყვარელი" დამემატებინა."
"ულამაზესმა გრეის კელიმ პირველი შეხვედრის დროს "გამამხნევა" და მითხრა: "ნუ გეშინია, ჩემო ძვირფასო, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება." მომდევნო წლებში მისი სიტყვები ძალიან ხშირად მახსენდებოდა."
"სამეფო ოჯახის ქალები ფოლადისა და ბეტონისგან არიან შექმნილნი, არ ღელავენ, არ ავადდებიან, არ აქვთ ნერვები, მზად არიან თავიანთი მოვალეობები შეასრულონ მშობიარობიდან ნახევარი საათის, ან ინფარქტის შემდეგაც კი."
"სამეფო ეზო - მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი ადგილია. თითქოს, გაყინული და მშვიდია. ბუკინგემის სასახლეში, ბალმორალში, სანდრინგჰემში, ნებისმიერ რეზიდენციაში და ნებისმიერ სახლში, ის ერთნაირად მოსაწყენი, მშვიდი და საშინლად მარტოსულია."
"ბედნიერების ძალით გამოგონება არ შეიძლება. ილუზიების შექმნა საჭირო არ არის. შეგუების მცდელობა და გაძლება იმდენ ძალისხმევას მოითხოვს, რომ ბედნიერებისთვის უბრალოდ აღარაფერი რჩება."
"შემიძლია, ჩემს შვილებს ვურჩიო: ვიდრე საყვარელ ადამიანს დაქორწინებას შესთავაზებთ, დარწმუნდით, რომ მას ცისარტყელას სათვალე არ უკეთია და მოვლენებს რეალურად აღიქვამს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაზე გულწრფელმა სიყვარულმაც კი შეიძლება, უბედურება მოგიტანოს."
"ბებიაჩემმა ლედი ფერმოიმ ერთხელ სარკასტულად მითხრა: "შენი მთავარი შეცდომა ის არის, რომ არ იცი, როგორ იყო ედინბურგის ჰერცოგი." მივხვდი, ეს რას ნიშნავდა: არ ვიცოდი, როგორ არ დამეჩრდილა ჩემი ქმარი, ისევე როგორც პრინცი ფილიპი ახერხებს, რომ დედოფალი არ დაჩრდილოს. ნახევარი ნაბიჯით ჩამორჩენა იშვიათი ღირსებაა, მაგრამ მისი სამეფო უდიდებულესობა ქმარს, უკანა პლანზე არ აყენებს, განსაკუთრებით კი ოჯახში."
"პარიზიდან დავბრუნდები, ალბათ, წერას დავამთავრებ, ყველაფერს ავხსნი და უილიამს მივცემ წასაკითხად..."