თამუნა მუსერიძე, რომელიც bbc-მ 2023 წლის 100 გავლენიან ქალს შორის სწორედ იმ საქმიანობის გამო დაასახელა, რომელიც ადამიანებისთვის ბიოლოგიური ნათესავების პოვნა-დაკავშირებას ეხება, სულისშემძვრელ სტატუსს აქვეყნებს და იმ დედებს, ვისაც, სამშობიაროში უთხრეს, რომ ბავშვი გარდაეცვალა და ჩვილი არ გამოატანეს, მოუწოდებს, მათი ძებნა დაიწყონ.
„მოგმართავთ ყველა ჩემ მეგობარს, ნაცნობს, ახლობელს, ფოლოუერს და ასე შემდეგ! საქართველოს არც ერთ სამშობიაროს არასდროს სასაფლაო არ ჰქონია, არც ერთ სამშობიაროს (2005 წლამდე) არ ჰქონია არც ერთ სასაფლაოსთან ხელშეკრულება! არც ერთი სამშობიარო არ კრძალავდა გარდაცვლილ ჩვილს! არც ერთი ბავშვთა საავადმყოფო არ კრძალავდა გარდაცვლილ ბავშვს. თუ თქვენ გითხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა და ჩვილი არ გამოგატანეს, ეს თავისთავად, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ძიება უნდა დაიწყოთ.
უამრავი გაშვილებული ბავშვი ეძებს ბიოლოგიურ ოჯახს და მარტო იმიტომ ვერ პოულობს, რომ მშობელს არ სჯერა, რომ ბავშვი სამშობიაროდან მოიპარეს და გაყიდეს. გვაქვს უამრავი დადასტურებული ფაქტი იმისა, რომ ბავშვები არიან სამშობიაროებიდან მოპარულები. გვყავს უამრავი “გარდაცვლილი” ბავშვი ნაპოვნი! ამ კვირაში უკვე მეოთხე ადამიანი მეუბნება, რომ პირველად ესმის სამშობიაროდან ბავშვების მოპარვის ფაქტები. უმორჩილესად გთხოვთ, გააზიარეთ ეს სტატუსი. უკვე ვეღარ ვხვდები, რომელი პლათფორმა გამოვიყენო, ოჯახებს ხმა რომ მივაწვდინო. ამიტომ თქვენ დაგვეხმარეთ გაავრცელეთ ეს სტატუსი“ .
თეკლა ჟვანია