დეკემბერში თვის საშუალო ტემპერატურა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალი იქნება, ნალექების რაოდენობა კი ნორმის ფარგლებში - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ გვითხრა:
"დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებსა და დაბლობში თვის საშუალო ტემპერატურა +9, +10 გრადუსია მოსალოდნელი, რაც საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალია. თვის ცალკეულ პერიოდებში, შესაძლოა, მინიმალური ტემპერატურა სანაპირო რაიონებში, -1 გრადუსამდე დაეცეს, კოლხეთის დაბლობზე კი -5 გრადუსამდე. ცალკეულ დღეებში შესაძლოა, +20, +25 გრადუსამდე მოიმატოს, რაც თვის დასაწყისში უკვე დაფიქსირდა. დასავლეთ საქართველოს მთაში, თვის საშუალო ტემპერატურა +4, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება, მაღალ მთაში 0, +1, რაც საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალია. მთაში, თვის განმავლობაში, ღამის საათებში -6, -9 გრადუსამდე შეიძლება დაიკლოს ტემპერატურამ, მაღალ მთაში კი -12, -15 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოში, თვის საშუალო ტემპერატურა ქართლის ვაკესა და კახეთში +3, +6 გრადუსის ფარგლებში იქნება, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალია. შიდა ქართლში -8 გრადუსამდე შეიძლება დაიკლოს ტემპერატურამ. ქვემო ქართლში -6 გრადუსამდე და ცალკეულ დღეებში შესაძლოა, ტემპერატურამ +20 გრადუსამდე მოიმატოს, რაც თვის დასაწყისში უკვე იყო.
აღმოსავლეთ საქართველოში, მთაში, თვის საშუალო ტემპერატურა +1, +2, მაღალ მთაში -1, +1 გრადუსია ნავარაუდევი, რაც ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალია. ცალკეულ პერიოდებში, შესაძლოა, მთაში -10 გრადუსამდე, მაღალ მთაში კი -14 გრადუსამდე დაიკლოს ტემპერატურამ.
ნალექების რაოდენობა თვის განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.“ - განგვიცხადა სვეტლანა ნიორაძემ.
თამარ იაკობაშვილი