1990-იანი წლების ბოლოს ამ ფაქტზე მსოფლიო პრესა წერდა, სასამართლოებიდან რეპორტაჟები უამრავ ტელევიზიაში გადაიცემოდა და საზოგადოება შოკირებული იყო მომხდარით. მით უფრო, რომ დამნაშავის სკამზე იჯდა ქალი საკმაოდ გავლენიანი ოჯახიდან და ბრალდებაც უკიდურესად შოკისმომგვრელი იყო - 12 წლის მოსწავლესთან ურთიერთობა...
ამ ამბავზე ცოტა ხნის წინ ჰოლივუდში ფილმი გადაიღეს, რომელშიც ჯულიანა მური და ნატალი პორტმანი თამაშობენ და ფილმს "ოსკარზე" დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ. ფილმის გამოჩენით კი მსოფლიომ კიდევ ერთხელ გაიხსენა მოვლენები, რომლებმაც თავის დროზე მართლაც შეძრა.
მერი კეი ლეტურნო 1962 წლის 30 იანვარს დაიბადა ტასტინში, კალიფორნიის შტატში, საკმაოდ გავლენიან ოჯახში, სადაც მის გარდა კიდევ სამი ბავშვი იზრდებოდა "მკაცრი კათოლიკური წესებით". დედა, მერი სუერი ყოფილი ქიმიკოსი იყო, მამა - ჯონ შმიტცი ადგილობრივ კოლეჯში ასწავლიდა, თუმცა მერი ორი წლის იყო, როცა მამამისმა პოლიტიკური კარიერა დაიწყო და რესპუბლიკური პარტიიდან იყარა კენჭი შტატის საკანონმდებლო ორგანოში. გარკვეულ ხანს კალიფორნიის შტატის სენატორის და აშშ-ის კონგრესმენის პოსტებს იკავებდა. 1972 წელს აშშ-ის პრეზიდენტადაც კი იყრიდა კენჭს.
1973 წელს მერის სამი წლის ძმა სახლის აუზში დაიხრჩო, სადაც მეორე ძმასთან ერთად თამაშობდა. ეს უდიდესი ტრაგედია ძალიან მძიმედ გადაიტანა ოჯახმა.
1978 წელს მამამისი აშშ-ის სენატში ხელახლა აირჩიეს. 1982 წელსაც გეგმავდა ხელახლა კენჭისყრას, თუმცა მისი პოლიტიკური კარიერა პირადმა ცხოვრებამ დაანგრია - გაირკვა, რომ უკანონო შვილები ჰყავდა, თანაც - თავისი ყოფილი სტუდენტისგან, რომელსაც სანტა ანას კოლეჯში პოლიტოლოგიას ასწავლიდა. ამ ღალატის გამჟღავნებამ მას პოლიტიკური კარიერაც დაუნგრია და ოჯახიც - ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაშორდა.
სხვათა შორის, ასევე პოლიტიკურ გზას გაჰყვნენ მისი ძმებიც, ასევე ჯონ შმიტცი, რომელიც ჯორჯ ბუშ-უფროსის მრჩეველის მოადგილე იყო. მეორე ძმა, ჯოზეფ შმიტცი, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორი იყო ჯორჯ ბუშ-უმცროსის ხელისუფლებაში და დონალდ ტრამპის მრჩეველი შიდა პოლიტიკაში.
მერიმ კორნელი კონელის კათოლიკური გოგონათა სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი არიზონის შტატის უნივერსიტეტში ჩააბარა.
სწორედ არიზონის უნივერსიტეტში გაიცნო თანაკურსელი სტივ ლეტურნო, რომელსაც ცოლადაც გაჰყვა და მალე მისგან შვილიც გააჩინა.
როგორც მერი მოგვიანებით ამბობდა, მას არ უყვარდა ლეტურნო და ცოლად მშობლების რჩევით გაჰყვა.
წყვილი ანკორიჯში, ალასკის შტატში დასახლდა, სადაც სტივმა ავიაკომპანიაში მტვირთავად დაიწყო მუშაობა. ერთი წლის შემდეგ სტივი სამსახურიდან სიეტლში გადაიყვანეს, ვაშინგტონის შტატში. იქ გაჩნდა მათი მეორე შვილი. პარალელურად, მერი სწავლას აგრძელებდა. 1989 წელს სიეტლის უნივერსიტეტი დაამთავრა და მასწავლებლობის უფლება მიიღო. ასე აღმოჩნდა პირველად სკოლაში - შორვუდის დაწყებითი სკოლის მეორე კლასში მასწავლებლობდა.
ქორწინება ფინანსური პრობლემების გამო დაინგრა და ასევე, ცოლ-ქმრის ორმხრივი ღალატის. მოგვიანებით მერის ადვოკატი ამბობდა, რომ მერი ემოციურად და ფიზიკურად იტანჯებოდა ქმრის უხეში მოპყრობის გამო და ორჯერ მკურნალობაც გაიარა საავადმყოფოში, პოლიციაც გამოიძახა, თუმცა მისი ქმრისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.
უკვე 1999 წელს, როცა მერი ძალიან დიდ სკანდალში გაეხვა, ქმარს ოფიციალურად გაშორდა და ბავშვებზე მეურვეობა სტივს გადასცეს.
ვილი ფუალაუ (დაბადებული 1983 წლის 26 ივნისს), სამოადან ემიგრირებული ოჯახის შვილი, მერი ლეტურნოს მოსწავლე იყო დაწყებითი სკოლის მეორე და მეექვსე კლასებში. როდესაც ლეტურნო 34 წლის იყო, 1996 წელს, მისი ურთიერთობები 12-13 წლის ფუალაუსთან, პლატონურიდან სქესობრივში გადაიზარდა, 1996 წლის 18 ივნისს კი პოლიციამ მერი ვილისთან ერთად აღმოაჩინა ერთ-ერთ ავტოსადგომზე. როდესაც პოლიცია დაინახეს, ქალი მანქანის წინა სავარძელზე გადახტა, ბავშვმა კი თავი მოიმძინარა. პოლიციას გამოგონილი სახელები უთხრეს და მერიმ ვილის ასაკიც მოიტყუა - თითქოს ბიჭი 18 წლის იყო. კიდევ ბევრი რამ მოყვნენ, რაც პოლიციას არადამაჯერებლად მოეჩვენა და წყვილი განყოფილებაში გადაიყვანეს... თუმცა საქმე მაშინვე არ აღძრულა, იმ დაკავებას მერიმ თავი რაღაცნაირად დააღწია. ქალი მხოლოდ 1997 წლის მარტში დააპატიმრეს, როცა მისი ქმრის ნათესავმა შეიტანა საჩივარი პოლიციაში.
დაიწყო ხმაურიანი სასამართლო პროცესები და მსოფლიო ადევნებდა თვალს ამ ყველაფერს. მით უმეტეს, რომ დაპატიმრებიდან ორ თვეში, მერიმ ციხეში გააჩინა შვილი ვილისგან.
სასამართლოზე 100 ჟურნალისტის თანდასწრებით მერიმ თავი დამნაშავედ ცნო, ბავშვის გაუპატიურების ბრალდების ორ პუნქტში. ბრალდების მხარეს სურდა, მას ექვსი წელი მოეხადა სასჯელი, თუმცა ბრალის აღიარების შემდეგ შეთანხმება შედგა და პატიმრობის ვადა ექვს თვემდე შემცირდა (აქედან 3 პირობითი იყო), ასევე სამი წლით დაეკისრა მკურნალობა, როგორც სექსუალურ დამნაშავეს. ბრალის აღიარების შემდეგ იგულისხმებოდა ისიც, რომ მას არ უნდა ჰქონოდა არავითარი კონტაქტი არასრულწლოვნებთან, ვილისა და საკუთარი შვილების ჩათვლით. მერი გახდა საჯარო სკანდალის ობიექტი, მას პაპარაცებმა დაუწყეს დევნა და სულ მალე, მისივე მონათხრობის თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობა შეერყა.
1998 წლის 3 თებერვალს, ციხიდან გამოსვლიდან ორ კვირაში, მერი პოლიციამ აღმოაჩინა ვილისთან ერთად, მის სახლთან ახლოს. პოლიციამ გაარკვია, რომ ისინი მანამდეც შეხვედრიან ერთმანეთს, მანქანაში კი იპოვეს 6200 დოლარი ნაღდი ფული, ბავშვის ტანსაცმელი და პასპორტი. როგორც ჩანს, ისინი გაქცევას გეგმავდნენ, თუმცა ვერ მოასწრეს...
მერი ისევ სასამართლოს წინაშე წარდგა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
1998 წლის ოქტომბერში, მერიმ მეორე შვილი გააჩინა, ისევ ციხეში. იმავე წელს მან ფუალაუსთან თანაავტორობით დაწერა წიგნი, რომელიც საფრანგეთში გამოიცა სათაურით - "მხოლოდ ერთი დანაშაული - სიყვარული". 1999 წელს უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვიდა მეორე წიგნი - "თუ შენი სიყვარული არასწორია", თუმცა უკვე ვილის ჩარევის გარეშე და მერის მცირე თანამონაწილეობით.
ციხეში მერი თანასაკნელებს ამეცადინებდა, იწერდა აუდიოწიგნებს უსინათლო მსმენელებისთვის, მღეროდა ციხის გუნდში და იშვიათად თუ გამოტოვებდა მესას. ცუდი სახელის გამო, მაინც არ იყო პოპულარული პატიმრებს შორის, დაცვის თანამშრომლებსაც ეუხეშებოდა და ფიზიკურ მუშაობაზეც უარს ამბობდა, რის გამოც სათანადოდ ისჯებოდა. ერთხელ ვილისთან მიწერილი წერილები აღმოუჩინეს, რის გამოც ექვსი თვე მარტო გაატარა საკანში.
2002 წელს ფუალაუს ოჯახმა ქალაქის ხელისუფლებას და სკოლას უჩივლა, მათ მიერ მიყენებული ემოციური ტანჯვის გამო და იმის გამო, რომ ვერ დაიცვეს ბავშვი მერისგან. საჩივარი სასამართლომ განიხილა, თუმცა არანაირი ზარალი არ აუნაზღაურებიათ ოჯახისთვის.
2004 წლის 4 აგვისტოს მერი ლეტურნო ციხიდან გაათავისუფლეს და მეორე დღესვე დაარეგისტრირეს, როგორც სექსუალური დამნაშავე.
როდესაც მერი ციხიდან გამოვიდა, ვილი უკვე 21 წლის იყო. სასამართლომ გააუქმა დადგენილება ლეტურნოსა და ფუალაუს კონტაქტების აკრძალვაზე. 2005 წლის 20 მაისს წყვილმა იქორწინა.
ქორწილს ექსკლუზიურად ერთ-ერთი სატელევიზიო შოუ ესწრებოდა. ლეტურნომ თქვა, რომ კიდევ აპირებდა შვილის გაჩენას და მასწავლებლობის გაგრძელებას და აღნიშნა, რომ კანონით უფლება ჰქონდა კერძო სკოლებსა და საზოგადოებრივ კოლეჯებში სწავლების.
2017 წლის 9 მაისს ვილიმ განქორწინებაზე შეიტანა განცხადება, თუმცა შემდეგ უკან გამოითხოვა. ამ დროისთვის ის საყოფაცხოვრებო მაღაზიაში მუშაობდა, საღამოობით კი დიჯეობდა. მერი იურისტის თანაშემწე იყო.
2019 წელს წყვილი მაინც დაშორდა ერთმანეთს და ზუსტად ერთ წელიწადში, 2020 წელს, ლეტურნო ნაწლავის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა თავის სახლში, 58 წლის ასაკში.