"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება.
კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ:
"მომწოდებლების მიერ, შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის გამო, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დააკორექტიროს. გამომდინარე აქედან, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შპს "თბილისი ენერჯის" არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი)ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.29 (ერთი ლარი და 29თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით."
კომპანიის განცხადებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი არ იცვლება და ერთ კუბურ მეტრზე კვლავ 0.539708 ლარი იქნება.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივ აირზე გადასახადი იზრდება რეგიონებშიც, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის კი ტარიფი არ იცვლება.
როგორც "სოკარ ჯორჯიაში" განგვიცხადეს, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ტარიფი 1.29 ლარი იქნება.
როგორც ენერგეტიკისა და წყალბმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში განგვიცხადეს, ჯერჯერობით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებთან დაკავშირებით სიახლე არ არის და ცვლილების შემთხვევაში, კომპანია ინფორმაციას თვის ბოლომდე გაავრცელებს.
თამარ იაკობაშვილი