რა იწვევს ძილში უეცარ შეკრთომას და როგორ უნდა აირიდოთ ეს პრობლემა თავიდან - გიორგი ღოღობერიძე განმარტავს - მშობლები

რა იწვევს ძილში უეცარ შეკრთომას და როგორ უნდა აირიდოთ ეს პრობლემა თავიდან - გიორგი ღოღობერიძე განმარტავს

2023-12-11 13:22:31+04:00

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" საუბრობს, რა იწვევს ძილში უეცარ შეკრთომას და რა უნდა გააკეთოთ, რომ ეს პრობლემა თავიდან აირიდოთ:

- ალბათ, ძილის დროს უეცარი კრთომა გამოგიცდიათ. გეღვიძებათ, გული გაქვთ აჩქარებული, რაღაც სიზმარი ნახეთ, განიცდით, ემოციებში ხართ და რომ შეკრთით, გეგონათ, რომ სადღაც ვარდებოდით. პაციენტების 70%-ს ეს ჩივილი აქვს და მთელი ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე მაინც მეორდება. ამას ჰიპნაგოგური მიოკლონია ეწოდება. როდესაც ჩაგვეძინება, ჩვენთვის აუხსნელი მიზეზით, ჩვენი თავის ტვინი კუნთებს ინტენსიურ იმპულსებს უგზავნის. კუნთები რომ კრთის, გვაღვიძებს. როგორც წესი, ამ ყველაფერს თან გულისცემის აჩქარება ახლავს, გამოხატულად კარგად გამახსოვრდებათ სიზმარი და შიშის განცდა გაქვთ. ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა, რაიმე დაავადებას არ უკავშირდება და არ შეგეშინდეთ. მაგრამ, მას თავისი გამომწვევიც გააჩნია. რისკ ფაქტორებში, რამაც შეიძლება, ძილის დროს შეკრთომას ხელი შეუწყოს, შეიძლება შემდეგი რამ იყოს:

  • განსაკუთრებით სტიმულანტებს გამოვარჩევ. თუ დიდი რაოდენობით ნიკოტინს, კოფეინს მოიხმართ, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ შეკრთომის ფონზე, გამოღვიძების ეპიზოდი გქონდეთ.
  • გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება უძილობა იყოს - თუ წინა ღამით არ გეძინათ, ან ცუდად გეძინათ, ძილში კრთომა წინა დღეების უძილობით შეიძლება იყოს გამოწვეული.
  • ასევე, გამომწვევი შეიძლება სტრესი იყოს - როდესაც დაძაბული ხართ, შფოთვის, სტრესის დროს მოსალოდნელია, რომ ძილში შეკრთომის ეპიზოდი გქონდეთ.

პრობლემის გამომწვევი ზუსტი მექანიზმი არ ვიცით. ბევრი ვერსია არსებობს. მათ შორის, თავის ტვინს ჰგონია, რომ კუნთები ზედმეტად მოდუნდნენ და ჩვენს სადღაც ვვარდებით. სწორედ ამის საპრევენციოდ, ჩონჩხის განივზოლიან კუნთებს მასიურ იმპულსებს უგზავნის, ისინი კრთებიან და გვაღვიძებენ, რომ შემთხვევით საფრთხეში არ აღმოვჩნდეთ. თუმცა, რეალურად, არაფერი გვემუქრება, საწოლში ვწევართ და ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა.

თუ გინდათ, რომ იგივე აღარ განმეორდეს, მოიქეცით შემდეგნაირად:

  • პირველ რიგში, ნიკოტინისა და კოფეინის გამოყენება შეამცირეთ;
  • თუ მაგნიუმი გაკლიათ, ეცადეთ, რომ შეივსოთ;
  • ძილი მოიწესრიგეთ.