7 დეკემბერს ბრიანსკის მე-5 გიმნაზიაში ნამდვილი ტრაგედია მოხდა - მერვეკლასელმა გოგონამ, ალინამ, სკოლაში მამის კუთვნილი იარაღი მიიტანა და თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა.
პირველი სროლის ხმა დილის 9:15-ზე გაისმა. გოგონამ თავდასხმის გეგმა წინასწარ შეიმუშავა. როგორც ცნობილია, ის კლასში რამდენიმე წუთის დაგვიანებით შეგნებულად შევიდა. იცოდა, რომ ამ დროს ყველა ბავშვი საკუთარ მერხთან იქნებოდა. მამის იარაღი სკოლაში ჩუმად შეიტანა, რომლის გამოყენებაც შესანიშნავად იცოდა.
14 წლის ალინას ამბავმა საზოგადოება შეძრა. სამწუხაროდ, ეს პირველი და მეორე შემთხვევა არაა, როდესაც არასრულწლოვნები სკოლაში სასაკლაოს აწყობენ...
გოგონამ ერთ დილას კლასის კარი შეაღო და 5-ჯერ გაისროლა... ბოლო გასროლით მან თავი მოიკლა, მასთან ერთად გარდაიცვალა 14 წლის მაშა, ორი ბიჭი კი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
დაპატიმრებულია გოგონას მამა, ასევე ბრიანსკში იმ გიმნაზიის დირექტორის მოადგილე, სადაც 7 დეკემბერს სროლა იყო. ასევე დააკავეს საგანმანათლებლო დაწესებულების კერძო დაცვის კომპანიის დირექტორი და მისი თანამშრომელი. სწორედ მათი დანაშაული იკვეთება იმ ფაქტში, რომ გოგონამ სკოლაში იარაღისა და დანის შეტანა მოახერხა. როგორც ამბობენ, დეტექტორები არ მუშაობდა...
გამოძიება დაიწყო და მუშაობენ ვერსიებზე. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, გოგონას თანაკლასელები დასცინოდნენ. მეორე ვერსიის თანახმად, კლასელ გოგონებთან ბიჭის გამო მოუვიდა კამათი. სასამართლოზე მესამე ვერსიაც განიხილეს. აღნიშნული ვერსიის მიხედვით, გოგონა თვითმკვლელობამდე მამის სასტიკმა მოპყრობამ მიიყვანა. მამაკაცი 10 დეკემბერს 2 თვით დააპატიმრეს. ის ბრალს კატეგორიულად უარყოფს. მას მეგობრები მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანად ახასიათებენ და მომხდარით გაკვირვებულები არიან. 52 წლის მამაკაცი ამბობს, რომ მას და მის შვილს კამათი არასოდეს მოსვლიათ. თუმცა, ბრალის წაყენების მიზეზი ალინას დღიური და იქ აღმოჩენილი ჩანაწერია...
მეტიც, გოგონამ ტელეგრამის გვერდზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება:
"თუ ამას კითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ უკვე მკვდარი ვარ."
როგორ ცნობილია, პოსტების წერა გოგონამ ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყო, თუმცა პერიოდულად ცვლილებები შეჰქონდა. ბოლო ცვლილება 2 დეკემბერს განახორციელა.
მისი პოსტები უამრავ უცენზურო და შეურაცხმყოფელ სიტყვას შეიცავდა.
"მე არც ტერორისტი ვარ და არც სკოლაში მსროლელი. უბრალოდ, მინდა, რამდენიმე საზიზღარი ადამიანი მოვკლა, რომლებმაც ჩემი ცხოვრება დაანგრიეს. როგორც კი არდადეგები დასრულდება, ვფიქრობ, მე მათ სიურპრიზს გავუკეთებ." - წერდა გოგონა აგვისტოში თავის ელექტრონულ დღიურში. სავარაუდოდ, ის თავდასხმას 1-ელ სექტემბერს გეგმავდა, თუმცა შემდეგ თარიღი შეცვალა.
ალინა ასევე საკუთარ დღიურში წერდა, რომ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაკეთების ინსტრუქციებს ეცნობოდა, რათა "მტრები" მოეკლა.
"არაფერი საინტერესო. დღედაღამ ბულინგი. სახლშიც კი გარდაცვლილი მამა და მკვდარი დაა." - ნათქვამია 14 ოქტომბრის პოსტში.
1 დეკემბერს კი ალინამ დაწერა, რომ მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. ტრაგედიამდე 1 დღით ადრე საკუთარ სოციალურ ქსელში სევდიანი სმაილები გამოაქვეყნა.
ალინას მამა ამტკიცებს, რომ მსგავსი შინაარსის პოსტებს მისი შვილი არ დაწერდა და ვინმე უფროსი მართავდა.
"ჩვენს ოჯახში არასდროს ყოფილა ჩხუბი, ხმაური, ყვირილი, მით უმეტეს ძალადობა. მე და ჩემი მეუღლე 30 წელზე მეტია, ერთად ვცხოვრობთ. არ ვიცი, ვინ, ან რატომ დაწერა ეს დღიური." - განაცხადა მამამ სასამართლოში.
გოგონას დედა დიასახლისად მუშაობდა, მამა კი დაცვის თანამშრომელი იყო. მათ კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავდათ - ალინას ტყუპისცალი, რომელიც ასევე იმყოფებოდა იმ დღეს საკლასო ოთახში და სასწაულებრივად გადარჩა.
პოსტებისა და დღიურის ავთენტურობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მამაკაცი ქალიშვილის დაკრძალვას არ დასწრებია და არც გაუშვეს. ალინას გამოსამშვიდობებლად მხოლოდ ახლო ნათესავები მივიდნენ.