"ცეკვავენ ვარსკვლავების“ არაერთი სეზონის მონაწილე ჯულიანა ბარგნარი ბევრისთვის საყვარელი მოცეკვავეა. ჯულიანა ეროვნებით ასურელია, თუმცა საქართველოში დაიბადა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა 6 წლის ასაკში უკან დაბრუნდა და სამი წლის შემდეგ ცეკვაც დაიწყო.
მამა, ვალერი ბარ-გნარი, საქართველოში გაიზარდა. დედა - ვერა ვარდაევა, აზერბაიჯანელია. ჯულიანას ბაბუა ბავშვობაში თურქეთში ცხოვრობდა. საიდანაც გამოიქცა რუსეთ-თურქეთის ომის დროს. თბილისში დასახლდა და მას შემდეგ საქართველოში ცხოვრობენ.
"დედა განჯაში ცხოვრობდა. მამა მეგობრებთან ერთად იქ ხშირად ჩადიოდა. გაიცნეს ერთმანეთი. თავიდან ერთმანეთს წერილებს სწერდნენ. ახლა ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკულად ჟღერს. 18 წლის ასაკში დედა მამას ცოლად გაჰყვა და საქართველოში ჩამოვიდა საცხოვრებლად. ჩვენ რაღაც პერიოდი რუსეთში ვცხოვრობდით. ბიძაშვილი სანქტ-პეტერბურგში წავიდა საცხოვრებლად. ბიზნესი ჰქონდა და ჩვენც წაგვიყვანა. სანქტ-პეტერბურგში ოთხ წლამდე ვცხოვრობდით. ბებია შეუძლოდ გახდა და საქართველოში დავბრუნდით.
მყავს ძმა ვოვა, რომელიც ახლა პეტერბურგში ცხოვრობს, პატარა გოგონა ჰყავს, ევა. დას ირინა ერქვა, რომელიც, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ირინა 36 წლის იყო.
დეიდაჩემს ძალიან უნდოდა, რომ მოცეკვავე ვყოფილიყავი. სკოლაში სანამ შევიდოდი, დედას არწმუნებდა, ცეკვაზე მივეყვანე" - ამბობდა ჯულიანა.
როდესაც პირველ კლასში იყო, სკოლაში სპორტული ცეკვების წრეზე დაიწყო სიარული, შემდეგ კი მოხვდა ერთ-ერთ სამეჯლისო ცეკვების კონკურსზე. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ცეკვებს უნდა გაჰყოლოდა.