14 დეკემბერს საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ „პალიტრა L-ის“ ორ ავტორს გადაეცა. გამარჯვებულები გახდნენ თამრი ფხაკაძე საუკეთესო პროზაული წიგნისთვის „ბებე მაწანწალების უფლისწული“ და თუთა ჯგუშია საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „კარგად ყოფნის წესები“.
ორივე ავტორი გამომცემლობა „პალიტრა l-ის“ კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულია.
ბებე მაწანწალების უფლისწული პატარებს მოუთხრობს მოხერხებული, მახვილგონიერი და კეთილი ბიჭუნას შესახებ, რომლის ცხოვრებაც თავგადასავლებით არის სავსე. კარგად ყოფნის წესები კი მკითხველებს სახალისო და სხარტი ენით აწვდის ინფორმაციას ყოველდღიურად აუცილებელი და მნიშვნელოვანი ქმედებების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პრემია „ნაკადულის“ ოთხ ნომინაციაში 50-მდე წიგნი იყო წარმოდგენილი, მოკლე სიაში კი 18 მათგანი მოხვდა. საბავშვო ლიტერატურული პრემიის დაჯილდოება მესამედ გაიმართა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.
პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.
პრემია „ნაკადული“, იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ ორგანიზებული თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში დაარსდა 2021 წელს.
R