მისი ღვაწლი ქართულ კინოში დიდია, თუმცა არ მახსოვს, ოდესმე ვინმეს სადმე გაეხსენებინოს. მისი არც 60 წლის იუბილე აღუნიშნავთ და არც -70-ის. არადა, ისეთ საეტაპო ფილმებში აქვს ნათამაშები და ისეთ მკაფიო სახეები აქვს შექმნილი, თაობებისთვის მართლა დაუვიწყარია. ვინაიდან 25 დეკემბერს მისი გარდაცვალების თარიღია, გადავწყვიტეთ, საზოგადოებას ეს ნიჭიერი და საოცრად კეთილი ადამიანი შევახსენოთ.
მსახიობი და რეჟისორი რამაზ გიორგობიანი 1995 წელს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ ბნელი 90-იანები იყო და არავის არაფრისთვის ეცალათ. როგორც ჩანს, ესეც ამ მსახიობის თავისებური ბედისწერა იყო...
"რამაზი მოულოდნელად ინსულტით გარდაიცვალა. საავადმყოფოში მხოლოდ 10 დღე იწვა, ექიმებმა ვერ უშველეს, არადა, იმ დიაგნოზით და იმ ჩივილებით დღეს ადამიანები იკურნებიან, მაგრამ 1995 წელი იყო და მოგეხსენებათ, მაშინ რაც ხდებოდა", - ამბობს რამაზ გიორგობიანის და თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ქუთაისის თეატრის მთავარი რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე.
პირველი ფილმი
კინოში ჯერ კიდევ სტუდენტი გამოჩნდა, მაშინ ოთარ იოსელიანი "გიორგობის თვეს" იღებდა. რეჟისორისთვის პირველი ფილმი იყო და რამაზისთვისაც პირველი როლი, სადაც კინოთი "მოიწამლა“ კიდეც... რეჟისორმა შემთხვევით, უნივერსიტეტში იპოვა. ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და ოთარ იოსელიანის ასისტენტმა მათემატიკის ოლიმპიადაზე უნახავს, ტიპაჟი მოსწონებია... იმ ფილმით და რამაზ გიორგობიანის ტიპაჟით რეჟისორმა ქართულ კინოში ახალი გმირი შემოიყვანა...
"ცისფერი მთები"
"ხაბურზანია არ არის, წვერავა ჯარშია, კაკო - ციხისძირში, ჭიჭინაძე - კურსებზე, გომელაური პრინციპულად არ კითხულობს, კოპალეიშვილი საერთოდ არ იციან, სად არის", - ეს იმ ახალგაზრდა მწერლის სიტყვებია, რედაქციაში მოთხრობა რომ მიიტანა და მისი განხილვის მოლოდინში გავიდა - შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული... ნამუშევარი არათუ ვინმემ წაიკითხა, ეგზემპლარებიც უკვალოდ გაქრა... როგორც მიხვდით, ეს "ცისფერი მთების" სიუჟეტია, რომელმაც, თავის დროზე, საბჭოთა სისტემის დრომოჭმულობა აჩვენა, რომლის მსხვერპლიც ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა მწერალი, სოსო აღმოჩნდა... რამაზ გიორგობიანის საოცრად შესრულებული ეს მთავარი როლი კი მართლა დაუვიწყარია...
მსახიობი არაერთ ფილმშია გადაღებული და ქართულ კინოში მრავალი საინტერესო სახე აქვს შექმნილი. ეს სურატების არასრული ჩამონათვალია: „ქოლგა,“ „სერენადა,“ „ფერისცვალება,“ "ფილატელისტის სიკვდილი,“ „სამკაული სატრფოსათვის,“ „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში,“ "ბატონი ავანტიურისტები“... განაგრძეთ კითხვა