11 წლის ნუცა ფრუიძე საზოგადოებამ იუმორისტული ნომრით გაიცნო. მასწავლებლის შესახებ გამოგონილმა ისტორიამ უამრავი ადამიანი გაამხიარულა და ვიდეოს ათასობით გაზიარება და კომენტარი აქვს. როგორც ნუცას დედა, ხატია გაბიძაშვილი გვიყვება, ამხელა გამოხმაურებას არ ელოდნენ. არაერთმა თბილმა კომენტარმა ნუცა გააბედნიერა და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცა. ხატია პატარა ინტერნეტვარსკვლავის, მისი ინტერესებისა და ყოველდღიურობის შესახებ უფრო ვრცლად გვიყვება:
- ნუცა ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მე-6 კლასში სწავლობს. ძალიან მოსწონს სხვადასხვა წარმოდგენის დადგმა და ოჯახშიც ხშირად გვამხიარულებს. კარგად ცეკვავს და ეს მიმართულებაც უყვარს. მსახიობური ნიჭით გამოირჩევა, აქვს უნარი, ჩვეულებრივი ამბებიც კი განსხვავებულად მოყვეს და გაგვაცინოს. სახლში მსგავს წარმოდგენებს ხშირად მართავს, სხვადასხვა კოსტიუმს ირგებს, სახეს მოიხატავს და გვართობს, მაგრამ არასდროს გადაგვიღია. ძალიან კომუნიკაბელური და თბილი ბავშვია. ქუთაისში ვცხოვრობთ. ჩემი მეუღლე ლეჩხუმიდან, სოფელი ალპანიდანაა. ნუცას ძალიან უყვარს ალპანა და დღეებს ითვლის, როდის მოვა ზაფხულის არდადეგები. ყოველ ზაფხულს იქ ატარებს, ძალიან ერთობა, ცურავს, თევზაობს. ალპანაში საკუთარი აუზი გვაქვს და მთელ დღეს იქ ატარებს მეგობრებთან ერთად.
- ამ ნომრისთვის კონკრეტული მასწავლებელი და მისი ხასიათი არ აქვს აღებული. ხშირად "კომედი შოუს" უყურებს, დაზეპირებული აქვს სკეტჩები. საგნებს რაც შეეხება, ყველაზე მეტად ქართული ენა და ლიტერატურა უყვარს და ალბათ, ეს ინტერესები გააერთიანა.
- თავად იგონებს, ხშირად ხუმრობს და ბევრს გვაცინებს. ვიდეოს არ გვაღებინებს, მსგავსი არაერთი წარმოდგენა აქვს სახლში. ვერც ამ ვიდეოზე ვიფიქრებდით, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა. მამიდას გავუგზავნეთ შვედეთში, მან საკუთარ გვერდზე დადო და ახლობლებმა რომ გააზიარეს, ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ნახა. იმდენად მიჩვეულები ვართ ნუცასგან მსგავს იუმორს, რომ არც გვიფიქრია, რომ ეს რაიმე განსაკუთრებულია და ხალხს მოეწონებოდა. თავადაც ძალიან ბედნიერია. ბევრი კარგი კომენტარი ნახა და მოტივაცია მიეცა, რომ კიდევ გააგრძელოს. ქუთაისის თეატრიდან დაგვირეკეს და შეხვედრა გვთხოვეს. აღფრთოვანებულია იმით, რაც ხდება. ტექსტებს მთლიანად თავად იგონებს, არასდროს ვიცით წინასწარ, რას იტყვის.
- ნუცა ცეკვაზე დადის, სოლისტია, ახლა მალე კონცერტი ექნება, სწავლობს, მასწავლებლებთან მეცადინეობს. ძალიან უკონფლიქტო ბავშვია. რამდენიმე კვირის წინ სკოლიდან მოსვლა დააგვიანდა და მიზეზი რომ ვკითხეთ, გვითხრა, შემაჯამებელი გვქონდა, ბავშვებმა ვერ დაწერეს, ტიროდნენ და ვაწყნარებდიო. ძალიან გულთბილია და სხვისი გაჭირვება გულთან ახლოს მიაქვს. შევაქე, ვიფიქრე, რომ თავად არ გაუჭირდა დაწერა, დავინტერესდი, შენ რა ქენი, ხომ დაწერე-თქო და მითხრა: "არა დედა, ვერც მე დავწერე, მაგრამ რა მატირებდა?!" ბევრ საკითხს იუმორისტულად უყვარს. ძალიან მეგობრულია, სულ ზრუნავს, რომ სხვა გააბედნიეროს, დაეხმაროს და ახლა ამდენმა თბილმა კომენტარმა კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცა.
თამარ იაკობაშვილი