გასტროენტეროლოგი, თსსუ პროფესორი გელა სულაბერიძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა კავშირია ნევროლოგიასა და კუჭ-ნაწლავს შორის:
- ძილსა და კუჭ-ნაწლავს შორის ძალიან დიდი კავშირია. ბოლო წლებში დამტკიცდა, რომ ეს კავშირი იმაზე დიდია, ვიდრე გვეგონა. ტვინი ნაწლავის ღერძია, ეს ხომ ბოლო წლების ტერმინია. საქმე იs გახლავთ, რომ ძილის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არა ნაკლებ მნიშვნელოვანი პროცესები ხდება, ვიდრე ღვიძილის დროს. საჭმლის მომნელებელ სისტემაში მხოლოდ საჭმლის მონელება არ მიმდინარეობს. შეწოვის პროცესებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც ნივთიერებათა ცვლა მოსდევს. ასევე, გამომყოფი ფუნქციაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ეს კარგად არ ხდება და აწყობილი არ არის, ორგანიზმი მძიმე მდგომარეობაშია. ეს სწორედ დიდწილად ძილის დროს ხდება. ამიტომაც ვამბობთ, რომ ძილის დროს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი პროცესებიც კი ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ვიდრე ღვიძილის დროს. ეს მეორე დღისთვის მომზადებაა. ორგანიზმი ძილის დროსა და ღამის განმავლობაში მეორე დღისთვის ემზადება, რომელიც როგორი იქნება, არავინ არ იცის. შეიძლება, მას ძალიან ბევრი საკვების მიღება მოუწიოს და მონელებაც მნიშვნელოვანი და ძნელი პროცესია და შეიძლება, საკვები საერთოდ ვერ მიიღოს. შესაძლოა, ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა ჰქონდეს, ან კიდევ ნაკლები. ასე რომ, ღამის პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პროცესები არა მარტო ნერვულ სისტემაში, არამედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტშიც მიმდინარეობს. ცენტრალური და პერიოდული საათი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. ცენტრალურi საათი ცენტრალური ნერვული სისტემაა და პერიფერიული საათი საჭმლის მომნელებელი სისტემაა. თუ ორგანიზმი კარგად ფუნქციონირებს, ეს ერთმანეთს ემთხვევა. ყველა უჯრედს თავისი საათი აქვს და ამას ბიოლოგიური საათი ჰქვია. უჯრედის გარდა, იმ მიკრობებს, რომლებიც ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტშია, მათაც თავისი საათი აქვთ. ეს ორგანიზმისთვის წონასწორობაა. ამ წონასწორობისთვის ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორმე ეს პროცესები ერთმანეთს დაემთხვეს. თუ ემთხვევა, მაშინ ორგანიზმი ჯანსაღია, პროცესებიც ჯანსაღად მიდის და ადამიანი თავსაც კარგად გრძნობს. თუ არა, მაშინ პრობლემები იწყება.