ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად 5 და 2 წლის ძმები დაშავდნენ, განსაკუთრებით საყურადღებო კი 2 წლის ბიჭის მდგომარეობაა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.
როგორც ცნობილია, 2 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში იყო გადაყვანილი.
"აუცილებელი ჩარევა, რაც განხორციელდა პირველ ეტაპზე, ეს იყო კანის დაზიანებული უბნების მოცილება, ჭრილობის გასუფთავება, ამის ძირითადი მიზანი იყო მეორადი ინფექციისგან ბავშვის დაცვა. რისკი ამ ეტაპზე ინფექციის განვითარების ძვლის ინფექციის, სისტემური ინფექციის, არის მინიმუმამდე დაყვანილი. ახლა ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, წუხანდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა და მშობლები აღნიშნავენ, რომ პირველი ღამე იყო, როცა ბავშვს წყნარად ეძინა, ტემპერატურა არ აქვს", – ამბობს იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე.
ახლა ის "კარაპს მედლაინშია" გადაყვანილი. როგორც კლინიკაში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაცია მიმდინარეობს და დამატებითი დეტალები ოპერაციის დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება.
როგორც ცნობილია, ბავშვის ოპერაციას ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს.
„მთლიანად უფალზე ვართ დამოკიდებული. არ ვიცით როგორი იქნება მისი მდგომარეობა. მთელმა სამეზობლომ ბავშვი ძაღლს პირიდან ძლივს წავართვით. არ ვიცი ეს რა იყო. მთელი სოფელი ფეხზე ვიდექით, ბავშვები დაჭამა ძაღლმა", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი "რეზონანსთან" საუბრისას.
ფაქტს "ცხოველთა პოპულაციის ცენტრი ოზურგეთში" გამოეხმაურა.
"ძაღლმა, რომელმაც დაკბინა ბავშვები, გადმოყვანილია ჩვენთან! მისი აყვანა მოხდა ეზოს შიდა ტერიტორიაზე, მაგრამ ოჯახი აცხადებს, რომ ცუგა არის უსახლკარო. მერიის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება საკარანტინე დაკვირვება! იმის მიუხედავად, რომ ოჯახი ამბობს რომ ეს არ არის მათი ძაღლი. აქვე ავღნიშნავ, ეს არ ჰგავს ქუჩაში დაბადებულ და გაზრდილს. სავარაუდოდ, ცუგა ან ახალ გადმოსმულია ან არასათანადო პირობებში იზრდებოდა! საქართველოში გავრცელებული არასწორი აღზრდის და წვრთნის შემდეგ მათში ხორციელდება აგრესია და არასათანადოდ რეაგირებენ ადამიანებზე." - აცხადებს ორგანიზაცია.
როგორც ცნობილია, 2 წლის ბავშვის ოპერაცია 14 საათის განმავლობაში გაგრძელდება.