ქანთრი პოპ-მომღერალი ტეილორ სვიფტი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მაღალანაზღაურებადი შემსრულებელია. 34 წლის მომღერალი Time-ისა და Forbes-ის მიხედვით, ყველაზე გავლენიან ქალად და წლის ადამიანად დასახელდა. მსოფლიოს მასშტაბით მისი ჩანაწერების მილიონობით ეგზემპლარი იყიდება. სვიფტმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო და დიდი აღიარება მოიპოვა.
მომღერალი 1989 წლის 13 დეკემბერს პენსილვანიის პატარა ქალაქ რედინგში დაიბადა. თუმცა, ბავშვი იყო, როდესაც ოჯახთან ერთად რედინგი დატოვა და სხვა განაპირა ქალაქში - ვაიმოსინგში გადავიდა. მისი მამა ცნობილი ფინანსური კონსულტანტი იყო, დედა კი დიასახლისი. ტეილორმა ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მომღერლობა სურდა, მისი ნიჭისა და მისწრაფებების განვითარებას კი მშობლებმა ხელი მაქსიმალურად შეუწყვეს, დაჰყავდათ ვოკალის გაკვეთილებზე და მხარს უჭერდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტეილორ სვიფტის ბებიაც მომღერალი იყო (ტეილორის ბებია, მარჯორი ფინლი ოპერის მომღერალი გახლდათ) და როგორც ჩანს, გოგონამ შესანიშნავი ხმა და მონაცემები სწორედ მისგან მიიღო მემკვიდრეობით. 10 წლის ასაკში გიტარაზე დაკვრა ისწავლა, მალევე კი საკუთარი კომპოზიციების შექმნა დაიწყო...
გოგონას სცენაზე გამოსვლის არასოდეს ეშინოდა, ამიტომაც ბავშვობიდან ძალიან ბევრ კონცერტში, კონკურსსა და ფესტივალში იღებდა მონაწილეობას. თანდაყოლილი არტისტულობის, ნიჭისა და გამორჩეული გარეგნობის გამო ის უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობდა. 12 წლისამ ფილადელფიის 76-ე თამაშები გახსნა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნი შეასრულა. ტეილორმა მაშინ დიდი ოვაციები დაიმსახურა.
მოზარდობის ასაკში ტეილორ სვიფტი ნეშვილში, ქანთრი მუსიკის დედაქალაქში თან სწავლობდა კომპოზიტორ ლილი როუზთან დაიწყო და თან ქუჩაში გიტარაზე უკრავდა, ერთ-ერთი კაფეს წინ. სწორედ იქ შენიშნა პროდიუსერმა სკოტ ბორჩეტამ ბრაუნმა. მას მაშინ "Big Machine Records" ჰქონდა და მის აღორძინებას ცდილობდა.
2006 წელს ტეილორ სვიფტმა ბორჩეტას მხარდაჭერით პირველი სტუდიური სინგლი - "Tim McGraw" გამოუშვა, რომელიც საყვარელ ქანთრი არტისტს მიუძღვნა. ორი თვის შემდეგ კი, სადებიუტო ალბომი გამოუშვა. ალბომმა ხუთგზის პლატინის ალბომის სტატუსი მიიღო და "Billboard 200" ჩარტში ათწლეულის რეკორდი დაამყარა.
მაყურებელს ტეილორის სიმღერები განსაკუთრებით მოსწონდა. სვიფტის ტექსტები პირველი სიყვარულის, თინეიჯერული გამოცდილების, სხვადასხვა სირთულის შესახებ იყო და ამან ძალიან ბევრი ადამიანი დააინტერესა. დღემდე მისი ცხოვრებიუსეული ტექსტები განსაკუთრებით პოპულარულია.
მალევე ტეილორ სვიფტს, როგორც ქანთრი სტილის ამომავალ ვარსკვლავს განიხილავდნენ. ნეშვილის სიმღერების შემსრულებელთა საერთაშორისო ასოციაციამ გოგონა წლის საუკეთესო ავტორად და შემსრულებლად დაასახელა - ტეილორი იყო ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
2008 წელს ტეილორმა მსოფლიოს მეორე სტუდიური ალბომი - "Fearless" წარადგინა და წინა რეკორდი მოხსნა. ახალმა ალბომმა სვიფტს MTV Video Music Awards, People Choice Awards, American Music Awards ჯილდოები მოუტანა.
ტეილორ სვიფტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად გადაიქცა. 2010 და 2012 წლებში ახალი ალბომები "Speak Now", "Red" გამოუშვა, რომლებმაც არა მარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა. მსოფლიოს მასშტაბით ტურნეები დაიწყო და არაერთი წარმატებული კონცერტი გამართა.
2013 წელს "შიმშილის თამაშებისათვის" პოპულარული საუნდტრეკი ჩაწერა, რომელიც ოქროს გლობუსზეც იყო წარდგენილი. 2014 წელს მომღერალმა მე-5 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელსაც "1989" ერქვა. პირველივე კვირაში ალბომის 1,2 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, საბოლოოდ კი ამ რიცხვმა 9 მილიონამდე მიაღწია. მომღერალმა საკუთარი სტილი, იმიჯი შეცვალა, ელეგანტური მოკლე შორტებისა და კაბების, სანახაობრივი ლუქების მორგება დაიწყო.
ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა "Bad Blood" მისი ყოფილი მეგობრის კეტი პერის დის ტრეკია. ტეილორმა მაშინ კეტი პერი მისი ტურნეს ჩაშლის მცდელობასა და მოცეკვავეების გადაბირებაში დაადანაშაულა, რის გამოც მომღერლებმა მეგობრობა შეწყვიტეს.
2016 წლის ნოემბერში Forbes-ის მიხედვით, ტეილორ სვიფტმა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. 2017 წლის ნოემბერში მსმენელებს წარუდგინა თავისი მეექვსე სტუდიური ალბომი "Reputation", რომელიც 15 სიმღერისაგან შედგებოდა. პირველი კვირის განმავლობაში, ალბომის 1,216 მილიონი ეგზემპლარი მხოლოდ შეერთებულ შტატებში გაიყიდა, თუმცა კრიტიკოსებმა არც თუ ისე დადებითად შეაფასეს. მაშინ მომღერლის იმიჯსაც აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ სვიფტმა წონაში საგრძნობლად მოიმატა.
პარალელურად, ტეილორ სვიფტის სამსახიობო კარიერაც ვითარდებოდა. 2009 წელს იგი "ჰანა მონტანაში" გამოჩნდა, იქამდე კი სერიალ "CSI: Crime Scene Investigation"-ში ჰქონდა ეპიზოდური როლი. 2010 წელს რომანტიკულ კომედიაში "ვალენტინობის დღე" მიიღო მონაწილეობა და სატელევიზიო კომედიურ სერიალებშიც გამოჩნდა.
2011 წელს ტეილორ სვიფტმა ჟურნალმა Maxim-ის რეიტინგის მიხედვით, პლანეტის ყველაზე სასურველი ქალების რეიტინგში მე-20 ადგილი დაიკავა.
2009 წელს რეპერ კანიე უესტთან გახმურებული კონფლიქტი ჰქონდა. სვიფტმა MTV-ის ჯილდო მიიღო. როდესაც სცენაზე ავიდა და სამადლობელ სიტყვას ამბობდა, რეპერი მიეჭრა, მიკროფონი წაართვა და თქვა, რომ გამარჯვება ბიონსეს ეკუთვნოდა, რომელიც იმავე კატეგორიაში იყო წარდგენილი.
კონფლიქტი ამით არ დასრულებულა. მოგვიანებით კანიე უესტმა სინგლი "Famous" გამოუშვა, რომელშიც ამბობდა, რომ ტეილორი მან აქცია ვარსკვლავად. ასევე, კლიპში მომღერლის ცვილის ფიგურა გამოიყენა.
ტეილორმა კანიე უესტის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა, თუმცა რეპერმა საკუთარი საქციელის გამო არაერთხელ მოუხადა ბოდიში. მოგვიანებით გაირკვა, რომ სვიფტი იმ სტრიქონებს, რომლებიც კანიე უესტის სიმღერაში იყო, სატელეფონო საუბრის დროს თავად დასთანხმდა, შემდეგ კი მსხვერპლის იმიჯით სარგებლობდა, რამაც მომღერლის ზოგიერთი გულშემატკივარი გაანაწყენა.
ტეილორ სვიტის სასიყვარულო ურთიერთობები მედიის განხილვის ობიექტად არაერთხელ ქცეულა. 2008 წელს Jonas Brothers-ის ერთ-ერთ წევრთან, ჯო ჯონასთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა. 2009 წელს კი მსახიობ ტეილორ ლოტნერს ხვდებოდა. მომღერალს ურთიერთობა ჰქონდა ჯონ კენედის შვილიშვილთან - კონორ კენედისთან, One Direction-ის წევრთან - ჰარი სტაილთან და ასევე, მსახიობ ჯეიკ ჯილენჰოლთან. თუმცა, რომანების უმეტესობა 3-4 თვე განმავლობაში გრძელდებოდა.
2015 წლის მარტში მომღერალმა პოპულარულ შოტლანდიელ დიჯეისთან, კელვინ ჰარისთან დაიწყო შეხვედრა. ჟურნალმა Forbes-მა ისინი 2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად წყვილად აღიარა - მათმა მთლიანმა შემოსავალმა ამ პერიოდში 146 მილიონი დოლარი შეადგინა. 2016 წლის ივნისში სვიფტმა და ჰარისმა განაცხადეს, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. რამდენიმე კვირაში კი ტეილორი ბრიტანელ მსახიობთან - ტომ ჰიდლსტონთან ერთად გამოჩნდა. ეს რომანიც მალევე დასრულდა. ახლა სვიფტი ფეხბურთელ ტრევის კელის ხვდება.
ტეილორ სვიფტი საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული და ამის გამოც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. 2008 წელს მან წითელ ჯვარს აიოვას წყალდიდობის მსხვერპლთა დასახმარებლად $100,000 შესწირა. 2010 წლის ტენესის წყალდიდობის შემდეგ, ტეილორმა $500,000 გაიღო, 2016 წელს მან მილიონი დოლარი შესწირა ლუიზიანაში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს, 2020 წელს ტენესის სახელმწიფო სასწრაფო დახმარების ფონდს ტორნადოს შემდეგ მან 1,000,000 დოლარი გადაურიცხა. მონაწილეობა მიიღო არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებაში. საკუთარ ფანს ბინა უყიდა, არაერთ ადამიანს დაეხმარა, სწავლისა თუ სხვა ტიპის ხარჯების გადახდაში დაეხმარა და ამიტომ, მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
2015 წელს მომღერლის დედას, ანდრეა სვიფტს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ხანგრძლივი ქიმიოთერაპიის შემდეგ ქალმა სიმსივნე დაამარცხა. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას ამჯერად ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამ მოვლენამ მომღერლის შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. დედას სიმღერა სახელწოდებით «Soon "You’ll Get Better” მიუძღვნა, რომელმაც არაერთი თბილი კომენტარი დააგროვა.
სვიფტს თბილი ურთიერთობა აქვს საკუთარ ძმასთან და მის სამსახიობო კარიერას მხარს უჭერს.
როგორც აღინიშნა, წელს ტეილორი ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 2023 წლის ადამიანად დაასახელა. მომღერალი წარმატებული ტურნეების გამართვას განაგრძობს და მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარულია. მისმა სიმღერებმა იმდენად დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რომ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ტეილორ სვიფტის შემოქმედების შემსწავლელი კურსი გაიხსნება.