"გრიპმა შეიძლება ისეთივე გრძელვადიანი პრობლემები გამოიწვიოს, როგორც კორონავირუსმა" - ახალი კვლევის შედეგები - მშობლები

"გრიპმა შეიძლება ისეთივე გრძელვადიანი პრობლემები გამოიწვიოს, როგორც კორონავირუსმა" - ახალი კვლევის შედეგები

2023-12-19 13:14:30+04:00

გრიპმა შეიძლება ისეთივე გრძელვადიანი პრობლემები გამოიწვიოს, როგორც კორონავირუსმა. - ამის შესახებ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერები აცხადებენ, რომლებმაც კვლევა ახლახან დაასრულეს.

მათ გააანალიზეს რომელიმე ვირუსით დაინფიცირებული 90,000-ზე მეტი პაციენტის ჩანაწერი. დაკვირვება 18 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. შეადარეს სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია და 94 სხვა არასასურველი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც გავლენას ახდენენ ძირითად ორგანოთა სისტემებზე.

მიღებული მონაცემების მიხედვით, რომელიც ცნობილ სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა, ყველაზე დიდი საფრთხე მოსალოდნელი იყო დაინფიცირების 30-ე დღიდან და გართულებების განვითარების ალბათობა გაცილებით მაღალი იყო ავადმყოფობიდან მომდევნო რვა თვეში, ვიდრე პირველ 30 დღეში. კვლევამ ისიც აჩვენა, რომ Covid-ი უფრო სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, ვიდრე სეზონური გრიპი.

კოვიდგადატანილ ადამიანებს 68%-ით მეტი აქვთ გართულებებისა და ახალი ქრონიკული დაავადებების გაჩენის რისკი, რადგან ის ყველა ორგანოს აზიანებს. გრიპი, თავის მხრივ, გართულებების რისკის მხოლოდ 6%-ით ზრდის და ძირითადად, სასუნთქ სისტემაზე ახდენს გავლენას.

თუმცა, მკვლევარები აფრთხილებენ, რომ ეს გართულებებიც არანაკლებ საშიშია.

კვლევის ავტორის, ვაშინგტონის უნივერსიტეტის კლინიკური ეპიდემიოლოგის, ზიად ალ-ალის თქმით, დაცვის საუკეთესო ვარიანტი ვაქცინაციაა: „როგორც Covid-ის, ასევე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს ვირუსით ინფექციის თავიდან აცილებას, ასევე შეამციროს დაავადების რისკი. ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი“.