გოგონა 13 წლის განმავლობაში დედასთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობდა. დედა ოთახს სალოცავად თვლიდა და შვილს გარეთ არ უშვებდა. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ თანამედროვე სამყაროში, მაშინ, როცა ბავშვები გაჯეტებს აქტიურად იყენებენ და მცირე ასაკშიც კი შეუძლიათ, სხვადასხვა პროგრამას ალღო კარგად აუღონ, არსებობენ ისეთებიც, რომელთა ცხოვრების სტილი შესაძლოა, მაუგლის ცხოვრების სტილს შევადაროთ. მშობლები, რატომღაც, ზოგჯერ თავიანთი შვილების ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევენ, ართმევენ გარე სამყაროსთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის შესაძლებლობას.
მსგავსი შემთხვევა ცოტახნის წინ ეკატერინბურგში მოხდა. მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს და განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ბინის კარიდან ხმამაღალი ყვირილი ისმოდა. პოლიციამ ბინა სწრაფად იპოვა, კარზე აკაკუნებდნენ, თუმცა არავინ აღებდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ სადარბაზოში ქალი გამოვიდა, რომელსაც მოზარდი გოგონა მოჰყვებოდა. ბავშვი შიშისგან კანკალებდა და მოუწესრიგებელი იყო, სახლში კი ჩანდა, რომ საშინელი ანტისანიტარია იყო. მალევე პოლიციამ საქმეში სოციალური სამსახურიც ჩართო.
მეზობლები ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ, სახლში თუ ცხოვრობდა ვინმე. 13 წლის გოგონას კი სკოლაში არც ერთი დღე არ უვლია. გოგონა სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა, დედა კი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, ქალი 2 დღის შემდეგ კვლავ სახლში გამოჩნდა.
ბინა ჭუჭყიანი ჭურჭლით, ტანსაცმლით, საეკლესიო ნივთებით იყო სავსე. კედელზე კი უზარმაზარი ჯვარი ჰქონდა გაკრული.
13 წლის გოგონას მდგომარეობა მაუგლის ცხოვრების სტილს შეადარეს. მას არც კომუნიკაცია შეეძლო, უჭირდა გადაადგილება, ეცვა ჭუჭყიანი ტანსაცმელი, აბსოლუტურად მოუწესრიგებელი იყო, ვერ იკვებებოდა, რადგან ბავშვის დედა იქამდე თვლიდა, რომ მას სრულფასოვანი კვება არ სჭირდებოდა და მხოლოდ ნარჩენებს აძლევდა.
ქალი კონტაქტურია და მედიასთან საუბრისას აცხადებს:
"თქვენ ფიქრობთ, რომ ახლა ჩემი შვილი თავს კარგად გრძნობს? სტრესშია და მუდმივად ავადაა. მაღალი ტემპერატურა აქვს, სიცხე 39-მდე ასდის და არასოდეს უგრძნია თავი ასე ცუდად, როგორც ახლა." - ამბობს 13 წლის გოგონას დედა, ნატალია.
ქალი აღნიშნავს იმასაც, რომ მის სახლში არანაირი უწესრიგობა და ანტისანიტარია არ არის და ვინც მართლმადიდებლურ სიწმინდეებს შეეხება, პრობლემები ექნება. როგორც ცნობილია, ნატალიამ სასაფლაოებიდან ჯვრები აიღო და სახლში წაიღო. ქალი ამბობს, რომ იქ ის ჯვრები სიბინძურეში იყო და ამიტომ გადაწყვიტა, საკუთარ ბინაში განეთავსებინა.
ახლა სოციალური სამსახური აქტიურად მუშაობს, რომ ქალს დედობის უფლება ჩამოართვან და ფსიქოლოგიური შემოწმება ჩაუტარონ. პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და უნდა დადგინდეს, ამდენი წლის განმავლობაში სხვადასხვა მარეგულირებელმა ორგანომ აღნიშნული ფაქტი რატომ ვერ გაიგო და რატომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები.