ნეიროფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გაგოშიძე "შუადღის" ეთერში საუბრობს, რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება და როგორ უნდა დავეხმაროთ მათ სწავლის პროცესში:
- ყველაზე ხშირად, ამ ბოლო დროს, მოდიან ბავშვები, რომლებსაც სწავლა უჭირთ. უცნაურია, ძალიან ბევრი რამ კეთდება სკოლაში, მასწავლებლებისთვის, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოდიან ბავშვები, რომლებსაც კითხვა, წერა, მათემატიკა უჭირთ. ან კიდევ ერთი უცნაური ფენომენია, რომ ბავშვს ქართულად კითხვა უჭირს და მერე აღმოაჩენ, რომ ინგლისურად კარგად კითხულობს. დღევანდელ ვითარებაში ეს კიდევ ერთი საინტერესო ფენომენია.
სკოლა გვჭირდება იმისთვის, რომ ის მომავალი ცხოვრებისთვის გვამზადებს. წერა-კითხვის გარეშე მომავალი ცხოვრება არ არსებობს. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მისი ყველა თანატოლი რაღაცას მარტივად აკეთებს და თავად იგივე არ შეუძლია, ეს იცით, პიროვნების როგორი გაუფასურებაა? როდესაც ადამიანმა იცის, რა შეუძლია და რა - არა, როდესაც ადეკვატური თვითშეფასება აქვს, რაღაც დაბრკოლებები რომ ექმნება, ცდილობს, გადალახოს. იმ ბავშვებს, რომლებსაც წერა-კითხვა უჭირთ და დასწავლის უნარის დაღვევა აქვთ, როგორც წესი, მაღალი ინტელექტი აქვთ და აცნობიერებენ, რომ სხვებისაგან ძალიან განსხვავდებიან, ვერ აკეთებენ იმას, რაც სხვებს მარტივად გამოსდით. ეს მათი პიროვნების გაუფასურების მაქსიმუმია. საბოლოო შედეგი არის ის, რომ რადგან ერთი საქმე არ გამოსდის, აღარც სხვა რამის გაკეთებას ცდილობს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლის მოსწავლეთა 20%-ს დასწავლა უჭირს, დასწავლის უნარის დარღვევა აქვს. იგულისხმება კითხვაც, წერაც, მათემატიკაც, მაგრამ მათ შორის კითხვის უნარის დარღვევის პროცენტი ყველაზე მეტია. ამ კვლევებში არ მონაწილეობენ ბავშვები, რომლებსაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება აქვთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ბოლო ადგილებზე ვართ.
ის, რომ ბავშვი უკეთესად ლაპარაკობს და კითხულობს ინგლისურ ენაზე, ეს პრობლემა ახლა წამოვიდა. ატიპიური განვითარების, სპექტრის მქონე ბავშვები, როგორც წესი, უცხოურ ენაზე უკეთესად ლაპარაკობენ. მაგრამ, ტიპური განვითარების დროსაც საკუთარ ენაზე აგრამატიზმით ლაპარაკობენ. მე საბჭოთა კავშირში გავიზარდე. მაშინ რუსული იყო პრესტიჟული. დღეს ინგლისურია. მაგრამ, ჩვენ დროს ქართული ენა რუსულს ბევრი მიზეზის გამო კონკურენციას უწევდა. მაშინ რუსული ენის მიმართ ნეგატიური განწყობა მაინც არსებობდა. დღეს ინგლისური ენის მიმართ პოზიტიური განწყობაა. ბავშვს 6 თვის ასაკიდან გაჯეტი უჭირავს, ყველაფერი ინგლისურ ენაზე შემოდის. მშობლების, მასწავლებლების განწყობა არის ისეთი, რომ ჩვენი, მშობლიური ენა, რეალურად, არაფერში გვჭირდება და 3 წლიდან ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიან.
საბედნიეროდ, ჩვენი ნერვული სისტემა ძალიან კონსერვატიულია. ის ისე სწრაფად არ იცვლება, როგორც გარემო. ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ მარცხენა ჰემისფერო ენის ჰემისფეროა. ბავშვის მარცხენა ჰემისფეროს განვითარებას მისი ენის განვითარება მიჰყვება. ეს 3 წლამდე ხდება. შესაბამისად, მარჯვენა ჰემისფერო კრეატიული, ვიზუალური, სივრცითი, არავერბალური ჰემისფეროა. მაგრამ, ენის განვითარებაში ორივე ჰემისფერო მონაწილეობს. უცხო ენაზე საუბარს მარჯვენა ჰემისფეროთი ვეუფლებით, საკუთარ ენაზე საუბარს კი - მარცხენა ჰემისფეროთი. კითხვასაც ასე ვეუფლებით - ვიწყებთ მარჯვენათი და მერე მარცხენაზე უნდა გადავიდეთ. ნახეთ, პრობლემა რაშია: ბავშვი 6 თვიდან რომ გაჯეტებს უყურებს, რომელიც ბრჭყვიალა, მრავალფეროვანია, ვიზუალურ-სივრცითი ინფორმაციაა ბევრად უფრო დეტალიზებულია, მარჯვენა ჰემისფერო ვითარდება. მარცხენა ჰემისფეროსა და ენობრივ კომპეტენციებს ცოცხალი ენა ავითარებს. შედეგად, მარცხენა ჰემისფერო კარგად ვერ ვითარდება, მარჯვენა ჰემისფეროთი კი უცხოურ ენაზე ლაპარაკს იწყებს. 3 წლის ასაკიდან ინგლისურ ჯგუფებში არიან, საკუთარი მშობლიური ენის მიმართ უარყოფითი განწყობა აქვთ, იმიტომ, რომ უფროსებსაც ეს განწყობა აქვთ. შედეგს კი ვიღებთ იმას, რაც გვაქვს. იმის გამო, რომ ბავშვს მარცხენა ჰემისფერო კარგად არ უვითარდება, ლექსიკაც არ უვითარდება, აგრამატიზმით ლაპარაკობს და წაკითხულის გააზრების პრობლემა უჩნდება.
თამაში წაგებული გვაქვს და არც ვინდომებთ, რომ მოვიგოთ. ვამბობთ, რომ მსოფლიოში ასპარეზზე გასასვლელად ის ენა გვჭირდება და არა მშობლიური. მაგრამ, გვავიწყდება, რომ ჯერ მშობლიური უნდა ისწავლოს და შემდეგ სხვა, იმიტომ, რომ ჩვენი ტვინი ასეა მოწყობილი. ეს სახელმძღვანელოები და ის, როგორც სკოლაში ვასწავლით, კონკურენტად ვერ გამოდგება. იმიტომ, რომ ის მრავალფეროვანი სამყაროა, ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი და ჩვენ მე-3 კლასიდან ბავშვებს დემოტივირებაში ხელს ვუწყობთ. აღარ აინტერესებს, იმიტომ, რომ შავ-თეთრ, გაუგებარ ტექსტებს უყურებს.
ორი პრინციპი არსებობს, რომლებითაც ჩვენ ვხედავთ, რომ შედეგი გვექნება - ბავშვი რამდენად ჩართულია და თანამონაწილეა სასწავლო პროცესის და რამდენად აქვს კეთილდღეობის განცდა. ჩვენს ბავშვებს ეს განცდა არ აქვთ. არც მოტივაცია აქვთ, არც ინტერესი და ეს მათი ბრალი არ არის. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სასწავლო პროცესის გასაინტერესოებაა. ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს ჩაანაცვლებს. ამიტომ, ჩვენს შვილებს წაკითხულის გააზრება და კრიტიკული ანალიზი უნდა ვასწავლოთ. რაც შეიძლება, მეტი ინფორმაციით ვტვირთავთ. თანამედროვე ბავშვი კითხვას სვამს, რაში სჭირდება ეს ინფორმაცია და ამ შეკითხვას სწორად სვამს. უნდა ავუხსნათ, რაში სჭირდება და თუ არ სჭირდება, ესეც უნდა ვუთხრათ. მან უნდა დაინახოს, რომ ყველა ის საგანი, რომლებიც სკოლაში ისწავლება, სჭირდება და ცხოვრებაში გამოადგება.
მე-2 კლასიდან ბავშვებს 2 ენას ასწავლიან, მაგრამ ცოტახანში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გამო, თარჯიმნები საერთოდ აღარ დაგვჭირდება. ამაზე უნდა ვიფიქროთ. გვინდა, ბავშვები წარმატებაზე გავწვრთნათ, მაგრამ ადამიანი პატარა შენიშვნას ვეღარ იტანს, იმიტომ, რომ მაშინვე უფასურდება, თვითშეფასება უქვეითდება. არათვითეფექტური ადამიანი საზოგადოებისათვის საშიში ადამიანია. ან კრიმინალური მიმართულებით წავა, ან მენტალური პრობლემა ექნება. ჩვენი სკოლები საუკეთესო მოსწავლეებზე არიან ორიენტირებულები. ფინური სკოლა იმიტომაა ფინური სკოლა, რომ საშუალო მოსწავლეზეა ორიენტირებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლების წინააღმდეგი ვარ. იმდენი ენერგია და რესურსი გვაქვს ჩადებული მასწავლებლის მომზადებაში, მათ გადამზადებაში, ტრენინგებში. უბრალოდ, ენერგიას შესაძლოა იმ მიმართულებით არ ვხარჯავთ და იმ მიმართულებით არ ვიყურებით, რა მიმართულებითაც უნდა ვიყურებოდეთ.