სტიმულის მიცემა, გამხნევება, შთაგონება ნებისმიერი ბავშვის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი გვახსენებს, რომ არარეალური გეგმების შედგენა და ბავშვისთვის თავს მოხვევა ისევე საზიანოა, როგორც იმედგაცრუება.
ავსტრალიელი სტივენ ბიდულფი 30 წლიანი გამოცდილების მქონე ბავშვთა ფსიქოლოგია. ის ასევე მსოფლიოში ცნობილი ბავშვთა აღზრდის სპეციალისტია და ამ თემაზე მრავალი წიგნის ავტორიც გახლავთ. თავის ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას, ბიდულფი ამბობს, რომ ფრაზა „რასაც მოისურვებ, ყველაფერს მიაღწევ“ სახიფათოა, რადგან მას რეალობასთან მცირე კავშირი აქვს.
ბევრ ბავშვს სურს გახდეს ვარსკვლავი, ცნობილი სპორტსმენი, მოდელი და მილიონერი, მაგრამ ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ამ ოცნებების ახდენის საკმაოდ მცირე შანსი არსებობს.
ბიდულფის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ოცნებები მომავალზე უფრო რეალისტური იყოს.
„მშობლები გულწრფელები უნდა იყვნენ შვილებთან და ასეთი რამ უთხრან: „მსოფლიოში ბევრი მშვენიერი რამ არის, რისი გაკეთებაც შეგიძლია: შენთვის ყველა გზა ხსნილია. იფიქრე იმაზე, რისი კეთება გსიამოვნებს, რა გახარებს. მაგრამ ეს ყველაფერი ადვილად არ მოვა. ყველაფერს აქვს თავისი ფასი: ნებისმიერი ოცნების მისაღწევად საჭიროა ნებისყოფა, შეუპოვრობა, არ დანებების უნარი და დრო.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია ბავშვს აუხსნათ, თუ რა გზა უნდა გაიაროს სანუკვარი მიზნის მისაღწევად. მაგალითად, ექიმი რომ გახდეს, ექვსი წელი უნდა ისწავლოს უნივერსიტეტში, შემდეგ გაიაროს რეზიდენტურა. რა თქმა უნდა, თქვენ არ უნდა დაამსხვრიოთ ბავშვის ოცნებები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩააგონოთ: ცხოვრებაში არაფერი არ არის მარტივად მისაღწევი (ყოველ შემთხვევაში არა ყოველთვის და არა ყველასთვის). ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ზოგადი წარმოდგენა იმაზე, თუ რამხელა შრომა და გამძლეობა სჭირდებათ მათ, ვისაც ვარსკვლავობა სურს." - ამბობს ბიდულფი.