"მამის გარეშე გავიზარდე... დედა იყო მამაც და დედაც... დიაგნოზი რომ გავიგეთ, ეს იყო დღე, როდესაც ვიფიქრე, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა" - ნინი ქარსელაძე ხათუნა ჟორდანიაზე - მშობლები

"მამის გარეშე გავიზარდე... დედა იყო მამაც და დედაც... დიაგნოზი რომ გავიგეთ, ეს იყო დღე, როდესაც ვიფიქრე, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა" - ნინი ქარსელაძე ხათუნა ჟორდანიაზე

2023-12-26 11:41:56+04:00

მომღერალი ნინი ქარსელაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" დედაზე, ხათუნა ჟორდანიაზე საუბრობს და იხსენებს იმ წლებსაც, როდესაც მძიმე დიაგნოზთან ბრძოლა უწევდათ:

- მამის გარეშე გავიზარდე. ის ჩვენთან ერთად არ ცხოვრობდა და დედა იყო მამაც და დედაც. მას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ძალიან მკაცრი იყო, არსად არ მიშვებდა. 22 წლამდე 10 საათზე უკვე სახლში უნდა ვყოფილიყავი და მქონდა უფლება, პარასკევი-შაბათი გავსულიყავი სახლიდან. ისიც დამსახურების მიხედვით იყო, როგორ ნიშნებს მოვიტანდი სკოლიდან კვირის ბოლოს. რაც შეეხება კარიერასა და ჩემს სიმღერას, ალბათ, ყველაფერი ხათუნას დამსახურებაა. მას შეეძლო ღამეები გაეთენებინა სტუდიაში, როდესაც სიმღერა კეთდებოდა, ბალანსდებოდა... ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული. ყველაზე მთავარი, რაც დედაჩემისაგან ვისწავლე, სიკეთის კეთებაა. მაგრამ, მე მას, ალბათ, ვერც კი მივუახლოვდები, რადგან ის წარმოუდგენლად კეთილი ადამიანია. შეუძლია, ბოლო ამოიღოს და გაჩუქოს. ამას ისეთი სიხარულით გააკეთებს, რომ არც კი იფიქრებ, რომ ის მისთვის ბოლოა. ჩემი ცხოვრების გზაზე მისი გაკეთებული ძალიან ბევრი სიკეთე მხვდება და მეც ვცდილობ, დედას ამაში ვგავდე. ერთი, რასაც მისგან დღესაც ვსწავლობ და, სამწუხაროდ, აქამდე ვერ ვისწავლე, მოთმინებაა. ეს მას ძალიან მაღალ ხარისხში აქვს. მე მის გარეშე არასდროს ვჩერდებოდი. ყველაზე სწორი დამოკიდებულება, რომ არ მეეჭვიანა და არ მქონოდა პრობლემა, რომ ხათუნა ზურას გაჰყოლოდა ცოლად, ეს ყველაფერი ზურამ შექმნა. მოვიდა და დედას ხელი მე მთხოვა და ამ ნაბიჯით ჩემი და ზურას ურთიერთობა სხვანაირად დაიწყო. მე რომ არ მიმეცა უფლება, ზუსტად ვიცი, რომ დედაჩემი არ გათხოვდებოდა. ეს უფლება, რაც მივეცი, არც ერთი წამით არ მინანია. მამა გარდაიცვალა და ერთ კვირაში დედა მოტყუებით წავიყვანე ექიმთან. ეჭვი არავის გვქონია, რომ შეიძლებოდა, რაიმე ცუდი ყოფილიყო. აბსოლუტურად შემთხვევით აღმოვაჩინეთ. დიაგნოზი რომ გავიგეთ, ეს იყო დღე, როდესაც ვიფიქრე, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა. ღმერთმა მომცა ძალა, რომ ის გზა გამეარა, რაც გავიარეთ. ძალიან დიდი ტკივილია. ფაქტობრივად, ხათუნას დედა გავხდი. მისი მეგობრები ხუმრობენ ხოლმე, ნინი რომ არა, ისიც არ იცის, რომელ ფილტვზე ჰქონდა სიმსივნეო.

საკუთარი სიძლიერე აქ გამოაჩინა. არც ერთი წამით არ მახსოვს ცუდი ხასიათი, მოწყენა... მაშინაც, როცა ძალიან ცუდად იყო და, ფაქტობრივად, მე და ზურა აქეთ-იქით დავატარებდით, იმიტომ, რომ სიარული არ შეეძლო. საქართველოში არ ვიყავი, 1 კვირით მომიწია წასვლა და პანდემიის გამო ჩავიკეტეთ. დედა იმ პერიოდში განსაკუთრებით ცუდად იყო. თმის ცვენა რომ დაეწყო, დილით კამერით დამირეკა და მაჩვენა, რომ თავად გადაიპარსა. ამასაც კი ხუმრობით, სიცილით შეხვდა. პირიქით, მე მაწყნარებდა, არ ინერვიულო, უფრო კარგი თმა ამომივაო. მე ნერვიულობის ფონზე ვეუბნებოდი, რომ მე და ანასტასიაც გადავიპარსავთ და ყველას ასე გვექნება-თქო. რა თქმა უნდა, ამის უფლება არც ერთს არ მოგვცა. განსაკუთრებით გამოვყოფ იმ პერიოდს, როდესაც მკურნალობის გამო, ისრაელში ვცხოვრობდით. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე რთული პერიოდი იყო, ერთო წამი არ გვინდოდა უერთმანეთოდ. მგონია, ეს ძალიან დიდი ძალაა, მისთვისაც და ჩემთვისაც. ეს ცუდი პერიოდი იმდენად კარგად გვახსენდება, სულ რომ ცდილობ, კარგ ხასიათზე დააყენო და წამებასთან ერთად, ყველაფერი კარგი იყო იქ, სადაც ვმკურნალობდით. ყოფილა პერიოდები, როდესაც მე მისთვის ძალიან მიტკენია გული. ამას ახლა განსაკუთრებით ვნანობ. რომ არა დედა, ალბათ, ჩემი ცხოვრება საერთოდ არ იქნებოდა არც ლამაზი, არც ფერადი. ალბათ, მე არ ვიქნებოდი ის, ვინც დღეს ვარ. დედა, მადლობა, ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ შენი ცხოვრება გადადე, იცხოვრე ჩემი ცხოვრებით, ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ვყოფილიყავი ის გოგო, ვინც დღეს ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი, მადლობა იმისათვის, რომ გადარჩი და კიდევ 100 წელი უნდა იყო ჩვენთან ერთად.