ძალიან ბევრი ბავშვია, ვისაც ხორცეული ან რძის ნაწარმი არ უყვარს და ბევრი მცდელობის მიუხედავად, მშობლები ვერ ახერხებენ, ამ საკვებს შეაჩვიონ. ეს პრობლემა, როგორც წესი, ცილოვანი საკვების მიმართ მიუღებლობითაა გამოწვეული. როგორც ნუტრიციოლოგები განმარტავენ, არსებობს მიზეზები, რატომ შეიძლება არ უყვარდეს ბავშვს ცილოვანი საკვები, რომელიც, სინამდვილეში, ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის.
თუ ბავშვი არ ჭამს ხორცს, თევზს, კვერცხს და სხვა ცილოვან პროდუქტებს, მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი:
- შაქრისა და სახამებლის შემცველი პროდუქტები, როგორიცაა, ორცხობილები, ხრუხუნები, კანფეტები, წვენები და ა. შ აქვეითებენ კუჭის მჟავიანობას, რაც კუჭის წვენის სეკრეციას ხელს უშლის. შესაბამისაც, კუჭი ძნელად იცლება, უძნელდება ცილის მონელება და ამ საკვების მიმართ აუტანლობა იწყება.
- ბავშვებში ხშირია რკინის დეფიციტი, რაც აქვეითებს მადას, განსაკუთრებით, ცილოვანი საკვების მიმართ.

როგორ მოვიქცეთ?
- თანდათან შეამცირეთ არასაჭირო და არასასურველი პროდუქტები ბავშვის მენიუში.
- ნელ-ნელა გადაიყვანეთ „ჯანსაღი თეფშის“ მოდელზე. ეს გულისხმობს დღიური რაციონის ხილითა და ბოსტნეულით შევსებას. მეორე ნახევარი კი ცილოვანი და ნახშირწყლებიანი პროდუქტებით უნდა იყოს დაბალანსებული.
- აუცილებლად გააკონტროლეთ სისხლში რკინა და საჭიროების შემთხვევაში, იზრუნეთ მის შევსებაზე.