გასულ კვირას ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უპრეცედენტო ვერდიქტი გამოიტანა. საქმე, რომელიც მსაჯულებმა განიხილეს, წელს, 11 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა. იმ დღეს 21 წლის კახა კობახიძემ 50 წლის მამა დანით მოკლა. ბრალდებული ძალოვანებმა იმავე დღეს დააკავეს. განსასჯელის სკამზე უმძიმესი ბრალდებით იჯდა კახა კობერიძე. შურისძიების მოტივით მას მამის განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი და უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
ამ საქმეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები სამი კვირის მანძილზე იხილავდნენ. პროკურატურა ბრალდებულის დასჯას ითხოვდა და ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ სახეზე იყო შურისძიების მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობა. საპირისპიროს ამტკიცებდა ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი. ის ირწმუნებოდა, რომ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო ჩადენილი, ასაბუთებდა კიდეც ამას და ბრალდებულის გამართლებას ითხოვდა. დიდხანს ჰკითხავდნენ მოწმეებს მსაჯულები, სიმართლეში გარკვევა რომ შესძლებოდათ. ემოციური იყო ბრალდებულის დედის დაკითხვა, რომელიც დეტალურად ჰყვებოდა თავისი ცხოვრების უმძიმეს 22 წელზე. მსაჯულებმა მოუსმინეს ბრალდებულს და მის ძმასაც. 3-კვირიანმა სასამართლო განხილვამ მსაჯულები ერთ აზრამდე მიიყვანა, საბოლოოდ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა თქვა, რომ ბრალდებული უდანაშაულო იყო და კახა კობერიძე სრულად გაამართლეს წარდგენილ ბრალდებაში. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ამ ფაქტს ოვაციებით შეხვდნენ ბიჭის ახლობლები. დედა-შვილის შეხვედრის ემოციური კადრები სოციალურ ქსელშიც კი გაავრცელეს. ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
"ჩემი შვილი", "ჩემი შვილი", - დიდხანს იმეორებდა ამ სიტყვებს დედა, რომელსაც გულში ჩახუტებული ჰყავდა ვაჟი. ნათია ჩარბოდაშვილს ვთხოვეთ მოეყოლა, თუ რატომ მოხდა მათ ოჯახში ამხელა ტრაგედია:
- მთელი 7 თვე, რაც ჩემმა შვილმა ციხეში გაატარა, უმძიმესი იყო ჩემთვის. არც მიძინია. ხშირად მოვდიოდი ბატონი ზურაბ როსტიაშვილის ოფისში, ვხედავდი მის თავდაუზოგავ შრომას და იმედს არ ვკარგავდი. როცა ნაფიცებმა უდანაშაულოდ ცნეს ჩემი შვილი, იმის მერე რა ხდებოდა, არაფერი მახსოვს. ჩემი შვილი თავს იცავდა. მანამდე ჯერ მე ვიცავდი თავს ჩემი ქმრისგან, ამიტომ წავედი იმ დღეს სახლიდან და მეზობელს შევაფარე თავი. დანით გამომეკიდა და მეშინოდა, ეს ამბავი ცუდად არ დამთავრებულიყო. ბოლოს მაინც ცუდად დამთავრა ყველაფერი. 22 წელი ვიცხოვრე ამ ადამიანთან და ვიცი, ეს თავდაცვა რომ არ ყოფილიყო, ჩემი შვილი არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეოდა ასე. მამა ძალიან უყვარდა, ერთად ეძინათ, ერთად დადიოდნენ. მოძალადე იყო, როცა თვრებოდა, ფხიზელი კი სულ სხვანაირი ადამიანი გახლდათ. ალკოჰოლის მიღების შემდეგ ვეღარ აანალიზებდა, რას აკეთებდა. როცა ბრაზდებოდა, პირველ რიგში დანებისკენ გარბოდა. დაგვდევდა დანით ან ცულით, ან წალდით, რაც ხელში მოხვდებოდა. ხშირად მეზობელთან გავქცეულვარ, იქაც მოვარდნილა, მეზობელსაც დამუქრებია. ძალიან ხშირად ჩემი შვილი გამოქცეულა ჩემთან ერთად და დავმალულვართ. ხშირად აწყნარებდა კახა მამამისს. მეტყოდა, მე დავამშვიდებო და ამას მართლა ახერხებდა, დააძინებდა და მერე ვბრუნდებოდი შინ. რომ გამოფხიზლდებოდა, ჩადენილს ნანობდა. პატიებას, ბოდიშს იხდიდა და ჩვენც ვპატიობდით. გვეცოდებოდა ოჯახის წევრი.
- სიყვარულით შექმენით ოჯახი?
- მე და კობა 22 წლის წინ დავქორწინდით. გამოვიდა, რომ სულ ბრძოლაში ვიყავი. სამი თვის გათხოვილი ვიყავი, 2 თვის ორსული, პირველად რომ იძალადა. მთვრალმა დაიძინა, 20 წუთში გაიღვიძა და საწოლთან რომ ვერ შენიშნა ჩუსტები, ამიტომ დამიძახა. მისვლისთანავე რამდენჯერმე გამარტყა სახეში, თმაზე მომქაჩა და მიყვიროდა, - აქ რატომ არ დამილაგე ჩუსტებიო? ეს იყო პირველი ფიზიკური ძალადობა, რამაც შემდგომ სისტემატური ხასიათი მიიღო. ყოველი მისი დათრობა პრაქტიკულად, ძალადობა იყო; ან ვინმე უნდა ჩარეულიყო და დაეძინებინა, როცა გამოფხიზლდებოდა, ნორმალურად გახლდათ. მთვრალს მიზეზიც არ სჭირდებოდა, ელემენტარულზე შეეძლო ეჩხუბა, - ეს აქ რატომ არის და იქ რატომ არ დევს, ან საჭმელი რატომ არის ცივი და არ არის ცხელი?.. განაგრძეთ კითხვა