ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში"პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რომელი ჩვევები იწვევს ძილის დარღვევას და რა უნდა გავითვალისწინოთ კვებისა და ფიზიკური აქტივობის თვალსაზრისით:
- ფიზიკური აქტივობა ჩვენი ცხოვრების წესის აუცილებელი კომპონენტია და დღეს აღარავის დავობს იმაზე, რომ, მაგალითად, ყოველკვირეულად 150 წუთი აქტივობა, ანუ 5 დღის განმავლობაში 30-30 წუთიანი ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, ადამიანებისათვის ოპტიმალურია. არა ნაბიჯების გადათვლა, არამედ ფიზიკური აქტივობის უზრუნველყოფა. ჩვენი ორგანიზმის საჭიროებიდან გამომდინარე, დღევანდელი მონაცემებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სწორედ 150 წუთი, ანუ 5 დღის განმავლობაში 30-30 წუთი განსაზღვრა. რა გაფუჭდება, თუ ჩვენს ბიოლოგიურ საათს დავარღვევთ? - დავარღვევთ იმ ჰარმონიას, რომელიც ორგანიზმსა და გარემოს შორისაა. ძილის წინ, თუ თქვენ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას დაგეგმავთ, ეს შეიძლება, ძილის დარღვევის მიზეზი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ შევთანხმდით, ფიზიკური აქტივობა კარგია და გვჭირდება, აღმოჩნდა, რომ უშუალოდ ძილის წინ, ფიზიკური აქტივობის დაგეგმვა ძალიან სახიფათოა ძილისა და ზოგადად, ჯანმრთელობისათვის. დადგინდა, რომ ასეთივე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს გვიან შინდაბრუნებული მშობლების შვილებთან გახანგრძლივებულ თამაშს, როდესაც ბავშვი ზედმეტად აქტიური, გამხიარულებულია და მისი აჟიტირება შესაძლოა, ძილის დარღვევის მიზეზი გახდეს. უხვად მიღებული საკვები გვაიძულებს, იმაზე უარესად ვისუნთქოთ, ვიდრე ამ დატვირთვის გარეშე ვისუნთქებდით. როდესაც ჩვენი ვახშამი უკიდურესად გვიანაა და ბიოლოგიური კანონზომიერება - რეჟიმი, ულუფა, რაციონი დავარღვიეთ, ჩვენი წონასწორობაც ირღვევა. მაგრამ, არის ერთი ფაქტორი, რომელსაც ნაკლებად ვაქცევთ, ყურადღებას. დღეს უსაფრთხოდ აღიარებულია სუფრის მარილის ყოველდღიური მოხმარება 5-6 გრამის ოდენობით ჯამურად. ეს, დაახლოებით, 1 ჩაის კოვზია და ერთჯერადად, კერძზე მიმოპნეულ მარილს არ გულისხმობს. ეს არის მარილის ყველა ის ნაწილი, რომელიც შეიძლება ნატურალურად იყოს თავად პროდუქტში, მომზადებისას დამატებული და ასე შემდეგ.
1 ჩაის კოვზი, ანუ 5-6 გრამი ნატრიუმის ქლორიდი, დაახლოებით, 2300 მილიგრამ ნატრიუმს გულისხმობს. მაგრამ, თუ პროდუქტის მარილიანობაზე ვლაპარაკობთ,დაბალი, ანუ ნაკლებად მარილიანია პროდუქტი, რომელშიც 140 მილიგრამზე ნაკლებია მარილი. ძალიან დაბალია იმ შემთხვევაში, თუ 35 მილიგრამი და მასზე ნაკლებია. თუ პროდუქტს აწერია, რომ მასში მარილის შემცველობა შეზღუდულია, მაშინ აუცილებელია, მწარმოებელმა სტანდარტი დაიცვას და მიღებულ ნორმაზე 25%-ით ნაკლები იყოს. ანუ, 5-6 გრამის მეოთხედი უნდა დავაკლოთ მარილის რეკომენდებულ რაოდენობას და ეს პროდუქტში შეზღუდული შემცველობა იქნება. ძალიან შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ ნორმაზე 50%-ით ნაკლებია. ხოლო, დანამატების გარეშე აწერია პროდუქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ტექნოლოგიური დამუშავება მარილის გამოყენებით საერთოდ არ მომხდარა, ასეთ შემთხვევაში, პროდუქტი მხოლოდ ნატურალურ მდგომარეობაშია და ამ პროდუქტს აქვს უფლება, "დანამატის გარეშე" ეწოდოს.
რაც უფრო მლაშე საკვებს მივიღებთ, მით უფრო შეიძლება, მოგვწყურდეს. მლაშე საკვები შეიძლება, იმის წინაპირობა აღმოჩნდეს, რომ ღამით წყურვილმა გაგვაღვიძოს, ერთბაშად დავლიოთ ბევრი წყალი, სითხის გამოყოფა კი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა. მეორე დილით, ჩვენი სხეული უფრო მეტად შეშუპებული იქნება. ეს არ არის მარტო თვალები, ან ფეხები. ეს არის უჯრედშორის შეკავებული მეტი სითხე, რაც მეორე დილით შეიძლება, ადვილად შევნიშნოთ, როდესაც საკუთარ თავს სარკეში ვათვალიერებთ.
ღამით წყურვილი შეიძლება გააძლიეროს: ცხიმიანმა პროდუქტებმა, განსაკუთრებით, პროცესირებულმა პროდუქტებმა, სანელებლებით უხვად შეზავებულმა საკვებმა. ტკბილი პროდუქტების გამოყენების დროსაც შესაძლოა, ღამით წყურვილმა გაგვაღვიძოს. გარდა იმ მარილისა, რომელსაც ფხვნილის სახით ვხედავთ, ისეთი პროდუქტები, რომლებიც წყურვილს გამოიწვევს და ძილს დაგვარღვევინებს, შეიძლება, შენიღბულადაც აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ კონსერვები. ჩვენი მამა-პაპური წესებით დამზადებული სხვადასხვა მწნილი უხვად მარილის გამოყენებას გულისხმობს. ყველი, რომელიც შეიძლება, მლაშე იყოს. ასევე, სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმი და პურ-ფუნთუშეული, რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო მეტად დამარილებული იყოს. გასათვალისწინებელია ისეთი პროდუქტები, რომლებიც შებოლვისა და გამოყვანის პრინციპით მზადდება. მაგალითად, შებოლილი თევზი, შაშხი, ლორი და ასე შემდეგ.
ნატრიუმის, ფტორის მაღალი შემცველობა იოდთან ერთად თევზეულის შემადგენლობაში გვხვდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ თევზეული მდინარის არ არის და ზღვისა და ოკეანისაა. რაც უფრო ღრმა წყლის ბინადარია, რაც უფრო მეტი ცხიმი აქვს, მით უფრო კარგადაა მასში ფიქსირებული არა მარტო D3 ვიტამინი, არამედ ყველა ის პროდუქტი, რაც მე უკვე დავასახელე. არ დაგავიწყდეთ, როდესაც მინერალებზე ვსაუბრობთ, მიწასთან ახლოს მზარდი პროდუქტები, რომელთა შორის, უპირველეს ყოვლისა, მარცვლეულ-ბურღულეულია.