4 მიზეზი, რატომ ისველებს ბავშვი შარვალში და როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა - მშობლები

4 მიზეზი, რატომ ისველებს ბავშვი შარვალში და როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა

2024-01-04 12:28:39+04:00

ყველა ბავშვს შეიძლება ხანდახან შარდი „გაეპაროს“. მაგრამ როდესაც ამას სისტემატური ხასიათი აქვს, მშობელი ნერვიულობას იწყებს.

1. ეს შემთხვევითობაა

ჩასველებული დარცხვენილი იღიმის და თავი ისე უჭირავს, თითქოს არაფერი მომხდარა. მას საერთოდ არ სურს ამ ინციდენტის განხილვა. თუმცა შეეცადეთ გაიგოთ, რა მოხდა, რათა საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროთ პატარას. შესაძლოა, ის უბრალოდ ისე იყო გატაცებული თამაშით, რომ მოთხოვნილება ვერ იგრძნო. არ სურდა, თამაშის მიტოვება და რაღაც მომენტში უკვე გვიანი იყო - იძულებული გახდა, ბედს შეგუებოდა და სველი შარვლით მჯდარიყო.

რა რეაქცია უნდა გქონდეთ?

ნუ გაკიცხავთ და ნუ შეარცხვენთ თქვენს შვილს. ის უკვე საკმარისად უხერხულად გრძნობს თავს და თქვენი აღშფოთება მხოლოდ გაამწვავებს მის გრძნობებს. დაამშვიდეთ და უთხარით, რომ ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. მხოლოდ ამის შემდეგ აუხსენით, რომ უფრო ყურადღებიანი უნდა იყოს და არ დააგვიანოს ტუალეტში შესვლა. შემდეგ ჯერზე ის უფრო ფრთხილად იქნება, რადგან, ალბათ, აღარ მოუნდება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეს.

2. პროტესტის ნიშნად

ხშირად სველი შარვლის პრობლემა დაძაბულობითა და დისკომფორტითაა გამოწვეული. როგორ წესი, ეს საბავშვო ბაღში ყოფნის პერიოდს ემთხვევა. ბავშვს შეიძლება უჭირდეს ისეთი კოლექტიური ბრძანებების შესრულება, როგორიცაა რეჟიმის დაცვა, აქტივობების კეთება და ამავდროულად მასწავლებლის მითითებების შესრულება. შესაძლოა, მასწავლებლის საუბრის მანერა არასასიამოვნოდ ეჩვენება და თავს დაუცველად გრძნობს. შეიძება სხვა ბავშვებთან ურთიერთობა უჭირთ.შარვალში ჩასველებით კი გაუცნობიერებლად იმ დროის უკან დაბრუნებას ცდილობს, როცა დედის გვერდით თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობდა.

როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ?

ესაუბრეთ მასწავლებელს. იპოვეთ გზა, რათა დაეხმაროთ მას, გაუმკლავდეს წარმოქმნილ სირთულეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. თუ შესაძლებელია, რამდენჯერმე ადრე წამოიყვანეთ სახლში.

თუ მისი შფოთვა მასწავლებელთან ან ბავშვებთან ურთიერთობას უკავშირდება, ნუ მიატოვებთ საქმეს იმ იმედით, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. ის დიდ დროს ატარებს ბაღში, კომუნიკაცია და ერთობლივი აქტივობები კი მისი ბაღის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. დაეხმარეთ მას, რათა თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოს.

ძილის წინ დააწესეთ რიტუალი, როცა თავისი იმედგაცრუებებისა და მიღწევების შესახებ მოგიყვებათ. აუხსენით, რომ ბაღი ნაწილია და ერთად შეეცდებით გაუმკლავდეთ წარმოშობილ სირთულეებს.

3. ზედმეტად მორცხვი

ზოგჯერ მორცხვობა ხელს უშლის მას დროულად მოითხოვოს საპირფარეშოში გასვლა. მასწავლებელს ბავშვები ტუალეტში მიჰყავს, მაგრამ იმ მომენტში შეიძლება ბავშვს არ ჰქონდეს სურვილი. ნახევარი საათის შემდეგ კი, გაკვეთილის დროს, ნერვიულობას და წუხილს იწყებს, მაგრამ თქმას ვერ ბედავს.

ბავშვმა, რომელიც დადგენილ წესებს ემორჩილება, შეიძლება თავი დამნაშავედ იგრძნოს, რომ საჭირო დროს არ გავიდა. შესაძლოა, მასწავლებელმა მსგავს სიტუაციაში მყოფ სხვა ბავშვს შენიშვნა მისცა და არ სურს მის მდგომარეობაში ჩავარდეს. შეიძლება ბაღის შენობაც აფრთხობდეს: ეშინოდეს მარტოს საპირფარეშომდე გასვლის და დიდ, მოფილაქნებულ ოთახში მარტო დარჩენის.

როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს?

უთხარით მას მასწავლებლის თანდასწრებით, რომ შეუძლია ტუალეტში წასვლა მოითხოვოს და ამის გამო არ დაისჯება. აუხსენით მას, რომ რასაც არ უნდა აკეთებდეს, ტუალეტში წასვლა მოითხოვოს. გაიარეთ მასთან ერთად გზა ტუალეტამდე. შაბათ-კვირას კი რომელიმე კაფის ან სუპერმარკეტის ტუალეტში შეიყვანეთ. ეს დაეხმარება მას შეეგუოს საზოგადოებრივ, უცნობ ადგილებში ტუალეტში შესვლას.

4. ძლიერი სტრესი

თუ ზემოხსენებული ღონისძიებები უშედეგოა და ბავშვი კვლავ ისველებს შარვალში, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი სტრესს ებრძვის და ვერ უმკლავდება მას. ეს სერიოზული პრობლემაა, რომელიც ხშირად სპეციალისტების კონსულტაციას მოითხოვს. შესაძლოა, ბავშვი მძიმე შფოთვას განიცდის დედმამიშვილის დაბადების, მშობლების განქორწინების, ახლობელი ადამიანის ავადმყოფობის ან შეცვლილი გარემო პირობების გამო. ის თავის შფოთვას ამ გზით გამოხატავს, რადგან არ აქვს საკმარისი ლექსიკა, რომ გითხრათ, რას გრძნობს.

როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ?

თუ ვერ პოულობთ მიზეზს, რა აშფოთებს ბავშვს, კონსულტაცია ბავშვთა ფსიქოლოგთან გაიარეთ, რომელიც მას ნეგატიური გრძნობების გაგებაში და გამოხატვაში დაეხმარება.

თუ სველი შარვლის ეპიზოდები დიდხანს გაგრძელდა, ბავშვის თვითშეფასება შეიძლება დაზარალდეს და არსებობს რისკი, რომ თანატოლებთან ურთიერთობა გაუჭირდეს არა მარტო საბავშვო ბაღში, არამედ სკოლაშიც. ამის დაშვება არ შეიძლება. თუ ხედავთ, რომ სიტუაცია უკონტროლოა, მიმართეთ ფსიქოლოგს: ის თქვენზე უფრო სწრაფად გაიგებს ასეთი რეგრესიის მიზეზს და დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ მას.