გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" სპეციალისტები საუბრობენ, რატომ შეიძლება, ყელში ბურთის გაჩხერვისა და ყლაპვის გაძნელების შეგრძნება გქონდეთ:
რეზო ომიაძე:
- ამ შეგრძნების გამომწვევი მიზეზი შეიძლება, საყლაპავის პრობლემასთან არ იყოს დაკავშირებული. ყლაპვის გაძნელების ერთ-ერთი მიზეზი პათოლოგიური ემოციური მდგომარეობაა, რასაც ჩვენ მარტივად ნევროზს ვუწოდებთ.
ლევან რატიანი:
- ყლაპვის გაძნელების სხვა უამრავი მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება საყლაპავის პათოლოგიით იყოს გამოწვეული, როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური. ფუნქციურს წარმოადგენს ე.წ. საყლაპავის სპაზმი, აქალაზია და ასე შემდეგ. ასევე, ეს შეიძლება სტრუქტურული პრობლემით იყოს გამოწვეული, როგორიცაა, მაგალითად, ამა თუ იმ პათოლოგიის გამო საყლაპავის შევიწროება, ასევე ზეწოლის შედეგად, სიმსივნური პათოლოგიების შედეგად და ასე შემდეგ. გარდა ამისა, აღნიშნული პრობლემა შეიძლება პირ-ხახის დაავადებებმა, გულ-მკერდის ღრუში არსებულ ორგანოთა პათოლოგიებმა გამოიწვიოს, რომლებიც შეიძლება გარედან მიაწვეს საყლაპავს და ასეთი შეგრძნება გამოიწვიოს. ასევე, შესაძლოა, პრობლემა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა გამოიწვიოს. მაგრამ, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, რასთანაც ე.წ. ბურთის გაჩხერვის შეგრძნება გაქვთ, უფრო მეტად ნევროზულ პათოლოგიასთან ასოცირდება. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ როდესაც მსგავსი შეგრძნება თვის განმავლობაში რამდენჯერმე გაქვთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და გაარკვიოთ - ეს ფუნქციურია, თუ სტრუქტურული პათოლოგიითაა გამოწვეული.
რეზო ომიაძე: - ყლაპვის გაძნელების მიზეზთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ნევროზული მდგომარეობით გამოწვეული პრობლემაა. სინამდვილეში, ყლაპვის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, დაღეჭილი ლუკმა საყლაპავ მილში თავისუფლად გაივლის და კუჭში ჩადის. ის არ რჩება საყლაპავში და არ ეჩხირება ადამიანს ყელში. მხოლოდ შეგრძნება გახლავთ. ეს შეგრძნება შეიძლება, ადამიანს არა მხოლოდ ყლაპვისას, არამედ სრულიად უმიზეზოდაც ჰქონდეს.
ლევან რატიანი: - ჰიპოკრატე ამ სიმპტომს ,,ისტერიულ სიმპტომს“ ეძახდა, ვინაიდან ის დამახასიათებელი იყო ისეთი ადამიანებისათვის, რომლებსაც ფსიქო-ემოციური სტატუსი წინა პლანზე ჰქონდათ გამოწეული. როცა ადამიანები უფრო ცუდ ხასიათზე არიან, შფოთვა, დეპრესია აქვთ, შეგრძნება მათთან უფრო ხშირად ვითარდება.
რეზო ომიაძე: - როდესაც შფოთვა იწყება და ეს რეგულარული ხდება, ადამიანი ამ დროს საკუთარ სხეულზე განსაკუთრებულ დაკვირვებას იწყებს. ის სხვადასხვა სიმპტომს პოულობს, რომლებიც რეალურად არ არის. ამის გამო შფოთვის შეგრძნება კიდევ უფრო ძლიერდება და ასეთ მდგომარეობაში ადამიანები არა მხოლოდ ყლაპვის პრობლემას უჩივიან, არამედ შეიძლება, გაძნელებული სუნთქვა, არითმიების შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა ჰქონდეთ.
ლევან რატიანი: - ყლაპვა ისედაც ბუნებრივი პროცესია, როდესაც ადამიანის პირის ღრუში საკვები მოხვდება, იღეჭება, პირის ღრუს აპარატი ფორმას აძლევს, ამის შემდეგ რეფლექსურად დამუშავებული, დაღეჭილი გუფთა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გადადის. როდესაც ლუკმა პირის ღრუდან კუჭამდე გადადის, მან რამდენიმე შევიწროების უბანი უნდა გაიაროს. ამას ადამიანი, ჩვეულებრივ სიტუაციაში, საერთოდ ვერ იგებს. მაგრამ, თუ გაჩნდა პრობლემა, თითოეულ ლუკმას, გადასვლის გზას, ტემპს აკონტროლებს. ასეთ დროს რელაქსაცია, მოდუნება, შფოთვის მოხსნა ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა ჩავისუნთქავთ ცხვირით, ამოვისუნთქავთ პირით, თუ ეს უსიამოვნო შეგრძნება სტრესითაა გამოწვეული, თავისით გადის.
რეზო ომიაძე: - სხვათა შორის, რეფლუქსის დროს მსგავსი ტიპის სიმპტომები ძალიან ხშირად ჩნდება. ამ დროს აუცილებელია, განვასხვაოთ, ეს ემოციური მდგომარეობითაა გამოწვეული, თუ პათოლოგიურით. თუ გრძნობთ, რომ ყელში ლუკმა არ გადაგდით, ჭამის დროს შეგიძლიათ, უყუროთ ტელევიზორს, მოუსმინოთ მუსიკას, ან სხვა რაიმე ისეთით დაკავდეთ, რაც ყურადღებას გადაგიტანთ და არ იფიქრებთ, როგორ ხდება ლუკმის გადასვლა საყლაპავიდან კუჭში.