"ბავშვები ანთებული ნაძვის ხის შიგნით ძვრებიან და ტიკ-ტოკისთვის ვიდეოებს იღებენ... მიაქციეთ შვილებს ყურადღება..." - სოციალურ ქსელში მშობლები საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებენ - მშობლები

"ბავშვები ანთებული ნაძვის ხის შიგნით ძვრებიან და ტიკ-ტოკისთვის ვიდეოებს იღებენ... მიაქციეთ შვილებს ყურადღება..." - სოციალურ ქსელში მშობლები საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებენ

2024-01-05 13:31:28+04:00

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფში მშობლები აქვეყნებენ ინფორმაციას, რომ თბილისში თუ რეგიონებში, ანთებული ნაძვის ხეების ქვეშ ბავშვები ძვრებიან, ვიდეოებს იღებენ და არც უფროსების შენიშვნას ითვალისწინებენ და უსაფრთხოების ზომებსაც უგულებელყოფენ.

  • "გუშინ საღამოს, ასე 9 საათისკენ, ანთებული ნაძვის ხის შიგნით ორი გოგონა ძვრებოდა. 11-12 წლის იქნებოდნენ, თან ტიკ-ტოკს იღებდნენ. მივედი და ორივეს ვუთხარი, რომ გამოსულიყვნენ, რადგან ნაძვის ხის ქვეშ დენი გადის და შეიძლება, რამე დამართნოდათ... მიაქციეთ ყურადღება შვილებს. მერე რაღაც უნდა მოხდეს და ვაი-ვიში გვიან იქნება. ის მაინც აუხსენით თქვენს შვილებს, რომ ანთებული ნაძვის ხის ქვეშ დენი გადის."
  • "მეც ვნახე, ქუთაისშიც შეძვრნენ ნაძვის ხის ქვეშ და ვიდეოს თუ ფოტოებს იღებდნენ. საერთოდ არ მომისმინეს, რომ ვუსაყვედურე..."
  • "განათება სადაცაა, ბუჩქებთან და ხეებთანაც ძვრებიან და რაღაცებს იღებენ, ეტყობა, კიდევ რაღაც ახალი ტრენდია, მაგრამ სახიფათოა და მიხედეთ ბავშვებს",- წერენ მშობლები.

საკითხზე თბილისის მერიას მივმართეთ, სადაც აღნიშნეს:

"თბილისის მთავარი ნაძვის ხე შემოსაზღვრულია ჯებირებით და უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს..."

რაც შეეხება შპს თბილსერვის ჯგუფს, რომელიც საახალწლო განათებებისა და ილუმინაციების მოწყობაზეა პასუხისმგებელი, როგორც ცხელ ხაზზე გვითხრეს, ყველა სამუშაო უსაფრთხოების ნორმების დაცვითაა განხორციელებული, თუმცა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ოფიციალური წერილით მიმართვა გვირჩიეს.

მშობლებს მაინც ვთხოვთ, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ და შვილები კიდევ ერთხელ გააფრთხილონ, რომ მსგავსი "გასართობი" არ არის უსაფრთხო.