"60 წელს რომ გადავცილდი, მერე მივხვდი ბევრ რამეს. ახლა გესაუბრებათ 60 წლის შემდეგ შექმნილი ზაზა, რომელიც ცხოვრებას სხვანაირად დაუკვირდა - ჩემი სამყარო რადიკალურად შეცვლილია. ყველაფერი გავარკვიე საკუთარ თავში", - ამბობს ზაზა კოლელიშვილი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და დამდგმელი მხატვარი, რომელიც თავის მრავალფეროვან შემოქმედებით საქმიანობაზე გვიყვება, დიდ ოჯახზე, თუ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ერთად; მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და იხსენებს, თუ როგორ იხსნა ვალისგან ბიძინა ივანიშვილმა ჭაბუა ამირეჯიბის წერილის წყალობით და კუთვნილი სახლის გამოსახსნელად სოლიდური თანხა აჩუქა...
11 იანვარს ზაზა კოლელიშვილს 67 წელი შეუსრულდა, ვულოცავთ მას და დღეგრძელობას ვუსურვებთ.
გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში "კვირის პალიტრა" (8 იანვარი, N2)
- მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ამ საახალწლოდ თქვენი გაზეთის ფურცლებზე ჩემს აზრებს იზიარებთ. ახალ წელს ჩვენი ოჯახი, ტრადიციულად, ერთად ვიკრიბებით, შვილები, თავიანთი მეუღლეებით, შვილიშვილები და მხიარულად აღვნიშნავთ. ახლა პატარა გვყავს, ჩემს უმცროს გოგონას მესამე შვილი შეეძინა. უკვე 8 შვილიშვილი მყავს. ვიტო საფრანგეთშია და ისინი იქიდან გვერთვებიან ხოლმე ინტერნეტით. ეს დღესასწაული მთელ ოჯახს აერთიანებს და ყველას ვუსურვებ ოჯახების ერთიანობას, უფლის რწმენას, ერთმანეთის სიყვარული არ მოგვშლოდეს. დილით პირჯვარს რომ გადაიწერ, მზეს შეხედავ და ანათებს, სიმშვიდეა და ხალხი ფუსფუსებს, შრომობს - ამაზე დიდი სიხარული ხომ არაფერია, ცოცხალი ხარ და შანსი გაქვს, კიდევ რაღაც გააკეთო. მეც ჩემს ასაკში ძალიან იმედიანად ვარ, რომ რამე ისეთს გავაკეთებ, რაც ქვეყანასა და ჩემს სახელს რაღაცას წამატებს. განაგრძეთ კითხვა