მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიოს მარტო გართობას. ზამთარში კი, როცა გარეთ ცივა, სახლში მყოფ პატარას და მის მშობელს ეს უნარი ნამდვილად სჭირდება.
ბავშვებს ბუნებრივად აქვთ უფროსებთან და სხვა ბავშვებთან თამაშის სურვილი. თუ ეს ასეა, ყელაფერი კარგად მიდის. თუმცა, ბავშვს ყოველთვის არ აქვს სხვასთან ერთად თამაშის შესაძლებლობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად თამაში იცოდეს.
მარტომ რომ არ მოიწყინოს, საკუთარი აზრებისა და ფანტაზიების სამყაროში ჩაძირვა შეეძლოს, ძალიან სასარგებლო უნარია, რომელიც არა მხოლოდ ბავშვობაში, ზრდასრულ ასაკშიც გამოადგება.
ვთქვათ, ერთადერთი შვილი გყავთ, რომელიც, სახლშია, თქვენ კი შინიდან მუშაობა გიწევთ ან სხვა საქმეები გაქვთ. თუ მან მარტო თამაში არ იცის, ჩათვალეთ, რომ უარი უნდა თქვათ მუშაობაზე - სულ ჭირვეულობის და „დედა, მეთამაშეს“ ხვეწნის რეჟიმში იქნება, თქვენ კი იძულებულნი იქნებით მულტფილმები ჩაურთოთ ან დროის გასაყვანად გაჯეტი მიაწოდოთ. გთავაზობთ რამდენიმე ტექნიკას, რომლითაც ბავშვს დამოუკიდებელად თამაშს ასწავლის .
ბავშვები ყოველთვის უყურებენ, როგორ იქცევიან უფროსები და მათი ქცევის გამეორებას ცდილობენ. ამიტომ ბავშვის სათამაშო მაგიდა თქვენს სამუშაო მაგიდას მიუდგით გვერდით და შეუდექით მუშაობას. ეცადეთ, არ ჩაერთოთ იმაში, რასაც ის აკეთებს და არ მისცეთ საშუალება, რომ ყურადღება თავადაც გაგიფანტოთ. ნუ ელოდებით, რომ ყველაფერი მაშინვე გამოვა, მაგრამ ნელ-ნელა ბავშვი უფრო დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს.
ბავშვები ყოველთვის ითხოვენ ყურადღებას. ვერ ეგუებიან, რომ თქვენ სხვა საქმეზე ხართ გადართული. ამას აპროტესტებენ ტირილით, ჭირვეულობით. თუ ხედავთ, რომ ეს მხოლოდ დემონსტრაციული ქცევაა ყურადღების მისაპყრობად, შეეცადეთ, რაც არ უნდა რთული იყოს, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ესეც არა მაშინვე, არამედ თანდათან იმუშავებს, მთავარია უარი არ თქვათ მიზანზე.
აუხსენით, რომ თამაშში ის წყვეტს, რა და როგორ გააკეთოს. უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ნუ ჩაერევით, თუნდაც ძალიან გინდოდეთ. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა დააწესოთ წესები - მაგალითად, რისი აღების და სად შეძრომა-გამოძრომმის უფლება აქვს. სხვა მხრივ კი მიეცით საშუალება, გაერთოს.
იმისთვის, რომ თქვენი შვილი დამოუკიდებელი თამაშისთვის წაახალისოთ, შეგიძლიათ რამდენიმე ახალი სათამაშოც უყიდოთ. ასევე მის სათამაშო ზონაში მისი საყვარელი სასუსნავებიც დააწყვეთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთმა მიდგომამ ბავშვში წინააღმდეგობა გამოიწვიოს.