ცოტა ხნის წინ კონკურენციის სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანია 53 მილიონი ლარით დააჯარიმა. ჯარიმის დაკისრების წინაპირობა კი გახდა ის, რომ ფარმაცევტული კომპანიები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამართავად შექმნილ მედიკამენტებზე ფასებს ხელოვნურად ზრდიდნენ და მოსახლეობას იმაზე ძვირად ატანდნენ, ვიდრე ეს რეალურად უნდა ყოფილიყო. ბრალდებას ფარმაცევტული კომპანიები არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას აპირებენ. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სულაბერიძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა:
- ზუსტად იმიტომ, რომ მოსახლეობისათვის მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო, ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ სექტორში ბევრი რეფორმა გაატარა. ერთ-ერთი რეფერენტული ფასები იყო. ასევე, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების სიის გაფართოება და მოსახლეობისათვის ამ მედიკამენტების უფრო მეტი რაოდენობით მიწოდება, ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა... რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელსაც ფარმაცევტული სექტორი არ ეთანხმება, ეს დასკვნა და გონივრული ეჭვი ჯანდაცვის სამინისტროს თავის დროზე გაუჩნდა. ამ ყველაფრის უკან ფაქტები იყო, რის საფუძველზეც სამინისტრომ კონკურენციის სამინისტროს მიმართა, რომ ბაზარზე არსებული სიტუაცია შეესწავლა და შედეგად მივიღეთ ის, რომ ეჭვი დადასტურდა და კომპანიები დავაჯარიმეთ. არ მგონია, რომ ამ ფაქტმა მოსახლეობისათვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე გავლენა მოახდინოს. ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ფასებისა და მარაგების კუთხით ინფორმაციას რეალურ რეჟიმში ფლობს. იქ, სადაც რისკი იკვეთება ან დეფიციტთან, ან ფასის ხელოვნურ ზრდასთან დაკავშირებით, ამის შესახებ აქტიური ქმედებები ხორციელდება. რეფერენტული ფასების შემოღება 2022 წლის ბოლოს საკანონმდებლო დონეზე მოხდა. 2023 წლის 15 იანვარს კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებიც ქრონიკული, ონკოლოგიური დაავადებების სამართავად გამოიყენება, რეფერენტული ფასები დადგინდა. რაკი ფარმაცევტული კომპანიებისათვის მოგების პოტენციალი შემჭიდროვდა, მეორე მხრივ, იქ, სადაც გარანტირებული შემოსავლის წყარო არსებობდა, სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების ანაზღაურების შესაძლებლობის კუთხით, რიგ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების მატება დაფიქსირდა. შესაძლოა, მოგების შემცირების ფონზე, კომპენსირების მცდელობა იყო.
ლელა სულაბერიძე ამბობს, რომ ონკოლოგიური დაავადებების სამართავად აუცილებელ ძვირად ღირებულ მედიკამენტებს სახელმწიფო უშუალოდ მწარმოებელი კომპანიებისაგან შეისყიდის, რაც ფასის შემცირებასაც გამოიწვევს, თუმცა მოსახლეობისთვის ზუსტად იქ იქნება ხელმისაწვდომი, სადაც აქამდე ყიდულობდნენ.
- ამ ეტაპზე, ძირითადად, რეფერენტული ფასები რეცეპტორულ მედიკამენტებს ეხება. თუმცა, წლის მანძილზე ეს მიდგომა არარეცეპტორულ მედიკამენტებზეც გავრცელდება. განსაკუთრებით, იმ ტიპის მედიკამენტებზე, რომელთა მოხმარებაც საკმაოდ მაღალია. ეს ხორციელდება იმის საპასუხოდ, რომ ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ფასები იყოს ადეკვატური და სამართლიანი, რომ მოსახლეობას ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქდეს.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გადაცემაში ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, შესაძლოა, ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგების საფუძველზე, ადამიანებს არასაჭირო ვიტამინებსა და საკვებ დანამატებს უწერდნენ და სამინისტრო მონიტორინგს უფრო აქტიურად გააგრძელებს:
- ვიტამინები და საკვები დანამატები სამკურნალწამლო საშუალებები არ გახლავთ. მაგრამ, ამ ტიპის მედიკამენტებზეც არსებობს გავრცელებული პრაქტიკა, რასაც სხვა ქვეყნებიც იყენებს. საერთაშორისო დონეზე კონსენსუსი მიღწეული არ არის, თუმცა ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოწერილი რეცეპტების მონიტორინგია, რომელსაც სამინისტრო ასევე ახორციელებს. წინა პერიოდებშიც საკმაოდ ხშირი იყო ამ ტიპის მედიკამენტების არსებობა რეცეპტებში. ამ კუთხით, ანალიზი კიდევ უფრო აქტიური იქნება. შესაბამის სარეკომენდაციო ხასიათის შეხვედრებს სამინისტრო და რეგულირების სააგენტო ექიმებთან დაგეგმავს. სამინისტრო მსოფლიო ტენდენციებს არ ჩამორჩება. თუკი რაიმე ხელჩასაჭიდი მექანიზმი, რომელიც ერთი რეგულაციით პრობლემას მოაგვარებს, ამ მიდგომას გაითვალისწინებს. ერთ-ერთი საინტერესო ე.წ. გამჭვირვალობის აქტი გახლავთ. თითოეული ექიმისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ჩარიცხული თანხების კონკრეტული მედიკამენტების რეალიზაციის სანაცვლოდ, ან თუნდაც რეალიზაცია არ იყოს და ამ მედიკამენტის შესახებ ინფორმაციის კონკრეტული ჯგუფებისათვის მიწოდება, ამ ტიპი პროცედურებს გამჭვირვალობის აქტი ასაჯაროებს. ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა ჯანდაცვის სამინისტროში, რომ მსგავსი ტიპის რეგულაცია შესაძლოა, უახლოეს მომავალში საქართველოშიც დაწესდეს და თითოეული სამედიცინო პერსონალისათვის ანაზღაურების საკითხი მეტად გამჭვირვალე გახდეს.