რთულია, ძველი ეგვიპტის ისტორიასა და მითოლოგიას გაეცნო და არ შეგიპყროს ცნობისმოყვარეობამ, კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლო ის.
ძველი ეგვიპტის ისტორიის შემეცნება შეუძლებელია იმ არტეფაქტების გარეშე, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გამოფენილი და ყოველდღიურად ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს. ეგვიპტის საზღვრებს გარეთ აღნიშნული არტეფაქტების ყველაზე მდიდარი კოლექცია ბრიტანეთის მუზეუმშია წარმოდგენილი. მუზეუმში საგანძურის შეგროვებას საინტერესო ისტორია აქვს: 1798 წელს ნილოსის ბრძოლაში ნაპოლეონის მიერ ფრანგული ძალების დამარცხების შემდეგ, მოპოვებული ეგვიპტური სიძველეები 1803 წელს ბრიტანეთის მუზეუმში აღმოჩნდა. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ბრიტანელების ხელში აღმოჩნდა ცნობილი როზეტის ქვაც, რომლის დაბრუნებასაც ეგვიპტელები დღესაც ითხოვენ. ამასთან, მუმიები და სხვა არტეფაქტები მუზეუმში გათხრების, კერძო კოლექციონერებისგან შესყიდვის, შემოწირულებებისა და სხვადასხვა სახით აღმოჩნდა.
ძველ ეგვიპტურ არტეფაქტებს შორის გამორჩეულია ნეფერტიტის ბიუსტი, რომელიც გერმანიის დედაქალაქ ბერლინშია გამოფენილი; ასევე, მუდმივი ინტერესის საგანია ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენის ისტორია და მასში ნაპოვნი საგანძური, რომელიც ახლა ეგვიპტის მთავრობის საკუთრებაშია. ტუტანხამონის მუმია და საგანძური მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა ექსპედიციამ ინგლისელი არქეოლოგის ჰოვარდ კარტერის ხელმძღვანელობით. აღნიშნული აღმოჩენის შემდეგ ჰოვარდ კარტერი და ექსპედიციის სხვა წევრები დაიღუპნენ, რასაც იმ პერიოდში საზოგადოების ნაწილი „ტუტანხამონის წყევლას“ მიაწერდა. მოგვიანებით, ფაქტების შემოწმების შემდეგ, მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ სამარხის გახსნისას ადგილზე 26 ადამიანი იმყოფებოდა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში კი 6 მათგანის გარდაცვალება დასტურდება.
არტეფაქტების შესახებ რეალური ფაქტები, ისტორიები და მითები, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ეგვიპტურ კულტურას, თავმოყრილია სხვადასხვა საინტერესო გამოცემაში, რომელსაც წლების განმავლობაში ვეცნობოდით. წელს, 15 იანვრიდან წიგნის მაღაზიების თაროებზე ძველი ეგვიპტური კულტურისა და ისტორიის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ილუსტრირებული წიგნი გამოჩნდა, რომელიც ერთნაირად დააინტერესებს როგორც მოზარდ, ისე ზრდასრულ მკითხველს. ამ შემეცნებით გამოცემაში - გასაოცარი საგანძური - ძველი ეგვიპტე თავმოყრილია ყველაზე მნიშვნელოვანი ეგვიპტური არტეფაქტები, რომელიც დამწყებ მკითხველს ქვეყნის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებით გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის. შთამბეჭდავი ილუსტრაციების მეშვეობით კი კიდევ უფრო ცხადად არის შესაძლებელი ამ არტეფაქტების მნიშვნელობის აღქმა.
თუ ძველი ეგვიპტის ისტორიის შესწავლას გადაწყვეტთ, აღნიშნულ გამოცემას უკან არაერთხელ მიუბრუნდებით მარტივად და საინტერესოდ გადმოცემული ფაქტების გადასაკითხად ან, უბრალოდ, საგანძურისთვის თვალის კიდევ ერთხელ გადასავლებად.
ან თუ გადაწყვეტთ, რომ ეგვიპტეს ესტუმროთ და მისი მთავარი ღირსშესანიშნაობები მოინახულოთ, იქნება ეს გიზას პირამიდები, სფინქსი, აბუ-სიმბალი თუ სხვა, ეს წიგნი წინასწარი განწყობის შექმნაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
R