"ბავშვი ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ ორივე მშობელი ერთ პოზიციაზეა... ჩემი საქმის მიუხედავად, საერთოდ არ  ვაკლივარ შვილებს, პირიქით..." - ანა ტყებუჩავას გულახდილი ინტერვიუ დედობაზე და გახმაურებულ პერსონაჟზე - მშობლები

"ბავშვი ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ ორივე მშობელი ერთ პოზიციაზეა... ჩემი საქმის მიუხედავად, საერთოდ არ  ვაკლივარ შვილებს, პირიქით..." - ანა ტყებუჩავას გულახდილი ინტერვიუ დედობაზე და გახმაურებულ პერსონაჟზე

2024-01-23 21:07:23+04:00

მსახობი ანა ტყებუჩავა საკმაოდ აქტიური და დატვირთული ცხოვრებით ცხოვრობს. აქვს წარმატებული კარიერა და ჰყავს ოჯახი. ალბათ ბევრი თქვენგანი ადევნებთ თვალყურს მის გვერდს სოციალურ ქსელში, ბევრი რამე იცით მის შესახებ, თუმცა საინტერესოა, როგორია, როგორც დედა, რა შეხედულებები აქვს და როგორ ზრდის შვილებს.

- სოციალურ ქსელში ბევრი აკრიტიკებს თქვენს პერსონაჟს, ნინას, როგორც დედას. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი დედაა ნინა?

- ჩემი აზრით, ნინა არის ისეთი, როგორც თითქმის ყველა დედაა. ჩვენ ყველა ვუშვებთ გარკვეულ შეცდომებს შვილების წინაში, ასევეა ნინაც. ჩემს პერსონაჟს იმით გავამართლებ, რომ მაგალითად მან არ იცის, რამდენად სერიოზული ურთიერთობები აქვთ მის შვილებს. რომ შეყვარებულები არიან დაჩი და ტასო, რომ თურმე ციხში გარკვიეს ნათიამ და ჯეკომ სიყვარულის ამბავი. ეს ყველაფერი არ იცის და შესაბამისად შეცდომა სწორედ ის არის, რომ ნინა არ აღიქვამს ამ ურთიერთობებს იმდენად სერიოზულად, როგორც მისი შვილები. ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა ჯეკო... ტასოს შემთხვევაშიც ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებენ ბავშვსაც და ოჯახსაც, ამიტომ ნინა ცდილობს თავისი შვილების დაცვას.

6dea8f4c-68b2-48e9-8272-024178bcf3d5-1706029982.jpg

- არის საკითხი, რომელშიც ეთანხმებით?

- ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმები, თან მე არასოდეს ვყოფილვარ მის სიტუაციაში და ცოტა რთულია. ადამიანები ხშირად აკრიტიკებენ ნინას, მაგალითად, თუ აპატია დათოს ღალატი, რაღატო წამოაძახა არაერთხელ. რეალურად მე მგონია, ამას ის ადამიანები ამბობენ, ვისაც იგივე შეცდომები არაერთხელ დაუშვია ცხოვრებაში. ყველაფერი ხდება, ამიტომ ასე ხელაღებით ვერც დავეთანხმები და ვერც თავს დავდებ. თუმცა მეგობრების სიყვარულში აუცილებლად ვეთანხმები. რაც არ უნდა იყოს, მაინც მრავალშვილიანი დედაა, დიასახლისია და ბავშვებს, ოჯახს უვლის და ეს დასაფასებელია.

- როგორი დედაა ანა ტყებუჩავა, აღზრდის რა მეთოდებს მიმართავთ?

- ვინმეს რომ ეთქვა, პერფექციონისტი მშობელი იქნებიო, ძალიან გამიკვირდებოდა, რადგან ძალიან შორს მეგონა ჩემი თავის ამისგან, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ახლოს ვარ. გარკვეული კურსების გავლის შემდეგ, ჩემს თავს ცოტა შორიდან შევხედე და მივხვდი, რომ მეც ასეთი ვარ. ჩემს გამოცდილებას ვთხოვდი პატარა ბავშვებს. ძალიან მღლიან ტოქსიკური ადამიანები და ძალიან ვბრაზდები ისეთ ადამიანებზე, რომლებითც წუწუნში, არაფრის კეთაბაში, სიზარმაცის გამო იუბედურებენ ცხოვრებას. ერთ-ერთი ყველაზე დამღუპველი რამ, რაც არის, არის სიზარმაცე. მეც უამრავი რამე მეზარება, მაგრამ სიზარმაცე და შიში თუ გაქვს, შეიძლება ისე ჩაიაროს ცხოვრებამ, ვერც გაიგო. ამის შიშით, შეიძლება ითქვას, რომ მკაცრი ვიყავი შვილების მიმართ. დღეს ძალიან ბევრ საკითხში თავისუფლებას ვაძლევ მათ. არ ვეჩხუბები და არ ვჯუჯღუნებ ისეთ რაღაცეებზე, რაც არაფრისმომცემია. მაგრამ, ამავე დროს დისციპლინას აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, ასევე - სწავლას. საბედნიეროდ ამის გამო არც მიწევს საყვედურები. ყველაზე მთავარი, რასაც სულ ვუმეორებ არის ის, რომ იყვნენ კეთილები და შრომისმოყვარეები. ზარმაცი ადამიანი ვერასოდეს აღწევს წარმატებას და შემდეგ ყოველთვის იბოღმება სხვის წარმატებაზე, ბედნიერებაზე.

317d4bbc-08f5-483c-b4ae-73c62a8d42ec-1706030020.jpg

როცა პატარები იყვნენ, მინდოდა მათ მიმართ გამომეჩინა სიმკაცრე, ზოგჯერ ტონს ვუწევდი და ამით ვაგრძნობინებდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან მეცინება ამაზე. გარკვეული დროის შემდეგ ხვდები, რომ უნდა ენდო შენს შვილს და უპირობოდ მისცე სიყვარული. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდატეხის ასაკში დაიმსხვრევა ყველაფრი, რის აშენებასაც მშობელი წლები ცდილობს.

- თქვენი სამსახურიდან, რეჟიმიდან გამომდინარე რამდენად ახერხებთ ბავშვებთან დროის გატარებას? რა აქტივობებში იღებთ მათთან ერთად მონაწილეობას?

- როცა პირველი შვილი გამიჩნდა, ძალიან დატვირთული წელი იყო ჩემთვის, ჩცდ-ს არსებობის განმავლობაში. ორსულობის დროს ისე ხდებოდა, რომ ღამის 2-3 საათზე ვამთავრებდით გადაღებებს, ხან - უფრო გვიან. არსებოს ისეთი სტერეოტიპი, რომ ცნობილი ადამიანები, ვისაც დატვირთული გრაფიკი აქვთ, ყურადღებას აკლებენ შვილებს. მეც მქონდა ეს მომენტი და დანაშაულის გრძნობით ვმუშაობდი. დღეს ყველას ვეუბნები, რომ ეს სისულელეა. ეს არის ჩვენი რეალობა, განგებ ხომ არ აგვირჩევია. ყველა საკითხში, სწავლაში, სპორტში, კულტურულ ღონისძიებებზე, სპექტაკლებზე ტარებაში, კერძების მომზადებაში მე და ჩემი მეუღლე თანაბრად ვართ ჩართული. ერთობლივი ძალებით ბავშვების აღზარდა საერთოდ არ არის რთული. დროთა განმავლობაში მეც დავრწმუნდი, რომ საერთოდ არ ვაკლივარ შვილებს, პირიქით, ძალიან დიდ დროს ვატარებთ ერთად. უფრო და უფრო თამამი გავხდი და მივეცი ჩემს თავს საშუალება სხვა ადგილებშიც წავსულყავი. მანამდე, როცა სერიალზე ვმუშაობდი და ბავშვები ძალიან პატარები იყვნენ, ჩემი ნახვა შეგეძლოთ მხოლოდ გადასაღებ მოედანზე და სახლში. მაქსიმალურად ცოტა დროს ვუთმობდი დანარჩენ ყველაფერს და ყოველთვის მენანებოდა დრო სხვაგან წასასვლელად, ვარჯიშისთვისაც კი. თუმცა ახლა ასე არ არის.

b93c5ac2-a89a-408d-a0a4-a278ec0cb587-1706030073.jpg

- ყველა ასაკს თავისებური სირთულეები ახლავს თანს. შვილებთან ურთიერთობაში ყველაზე ხშირად რა სირთულეს აწყდებით და როგორ უმკლავდებით მათ?

- რაიმე განსაკუთრებულ სირთულეებს არ წავწყდომივართ. ერთადერთი, ჩემს პირველ შვილს არ უყვარდა ძილი. ამბობენ, ვინც ღმე იბადება, იმას ძილი არ უყვარსო და ჩვენს შემთხვევაში გაამართლა. არ უყვარდა ძილი, არ ეძინა და მეც მასთან ერთად ვათენებდი. ეს ძალიან მძიმე იყო, რადგან მთელი დღე ვმუშაობდი და მთელი ღამე ვათენებდი ბავშვთან ერთად. ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ამ პერიოდში მომეჯაჭვა. თავიდან, როცა დაიბადა, თავის ოთახში ეძინა და ძალიან მენატრებოდა. მაშინ ვთქვი, იყოს ეს შეცდომა, ეძინოს ჩემთან. ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე ეს ძალიან ტკბილია. თუმცა, რაღაც ეტაპზე უნდა შეელიო. სწორედ ამ დროს, თავის ოთახში ძილზე გვქონდა ხოლმე კონფლიქტი, მაგრამ შეეჩვია. არსებობენ გამოცდილი დედები, პროფესიონალები, ვინც კარგად გირჩევენ როგორ მოიქცე, რომ არ დააზიანო ურთიერთობა, როგორ მოაგვარო ესა თუ ის საკითხი. როგორი კონფლიქტიც არ უნდა იყოს, რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს, უმნიშვნელოვანესია ორივე მშობლის ერთ პოზიციაზე ყოფნა. შეიძლება დედამ, მამამ არ გააკეთოს კომენტარი მეორეს შენიშვნის დროს, მაგრამ ბავშვი ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ მისი ორივე მშობელი არის ერთ პოზიციაზე. უფრო ადვილია ამ დროს გარკვეული პრობლემის მოგვარება.

მერი ბლიაძე