მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის დაქვეითებამ ეპიდემიის სახე მიიღო? - ეკა კვირკველია გირჩევთ, როგორ შეიძლება მამაკაცური ჰორმონის დონის მატება და შენარჩუნება - მშობლები

მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის დაქვეითებამ ეპიდემიის სახე მიიღო? - ეკა კვირკველია გირჩევთ, როგორ შეიძლება მამაკაცური ჰორმონის დონის მატება და შენარჩუნება

2024-01-24 12:38:18+04:00

ექიმი ეკა კვირკველია მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის ნაკლებობის ეპიდემიაზე საუბრობს. როგორც ცნობილია სწორედ ეს ჰორმონი აძლევს და უნარჩუნებს ორგანიზმს მამაკაცურ შესაძლებლობებს.

„მსოფლიოში დაბალი ტესტოსტერონის ეპიდემიაა. სულ უფრო და უფრო იკლებს ეს ჰორმონი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ტესტოსტერონი სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად სექსუალური ლიბიდოს განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რატომ ხდება ეს ყველაფერი?

ტესტოსტერონის დაბალი დონე პირველ რიგში არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია. მაგალითად, წონაში მატება - როგორც ცნობილია, მუცლის ცხიმი ტესტოსტერონს ესტროგენად გარდაქმნის. გავლენას ახდენს ტოქსიკური ჯანქ ფუდიც, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვიღებთ.

ჰორმონის შესამოწმებლად აუცილებლად უნდა გავზომოთ დილის ტესტოსტერონი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოთ ამ ჰორმონის მიღება. ამის მაგივრად ცხოვრების წესი უნდა შეცვალოთ. კვლევები აჩვენებს, რომ ამ ცვლილებით ტესტოსტერონი დინამიკაში იზრდება კიდეც. ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს ტესტოსტერონს. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. “ - ამბობს ეკა კვირკველია.

რა უნდა ვიცოდეთ ტესტოსტერონზე:

სქესობრივი მომწიფების პერიოდში სწორედ ტესტოსტერონის სწრაფი მატების დამსახურებაა კუნთების ზრდა, ხმის ტემბრის დადაბლება, სქესობრივი მომწიფება. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტესტოსტერონი ორგანიზმს მამაკაცურ შესაძლებლობებს უნარჩუნებს. მისი დაქვეითება კი პირდაპირ კავშირშია მამაკაცის სექსუალური შესაძლებლობების შემმცირებასთან, მათ შორის ერექციულ დისფუნქციასთან.

ტესტოსტერონის ნაკლებობას უკავშირებენ ზოგიერთ ქრონიკულ დაავადებას, მაგალითად, სიმსუქნეს, დიაბეტს, დეპრესიას, შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც.

ეს ჰორმონი ძვლების შემადგენლობაშიც შედის, ამიტომ მისმა უკმარისობამ შესაძლოა ძვლის სტრუქტურის ცვლილება გამოიწვიოს, რომელსაც ოსტეოპოროზს უწოდებენ.

ტესტოსტერონის დეფიციტისას

  • მცირდება კუნთების მოცულობა და ძალა. ტესტოსტერონს ახასიათებს ანაბოლური მოქმედება - იგი პასუხისმგებელია კუნთების ზრდასა და ძლიერებაზე, ამიტომ მისი დონის დაწევისას შეინიშნება კუნთების მოცულობისა და ძალის დაქვეითებაც;
  • ლიბიდოს დაქვეითება და ერექციული დისფუნქცია. ვინაიდან ტესტოსტერონი პასუხისმგებელია სქესობრივ ლტოლვაზე, მის დაქვეითებასთან ერთად ქვეითდება ლიბიდოც;
  • გაღიზიანებადობის მატება;
  • ჭარბი ცხიმის დაგროვება. ტესტოსტერონის უკმარისობა აფერხებს მეტაბოლიზმს, შედეგად გროვდება ცხიმი;
  • თმიანი საფარველის შემცირება ტანსა და სახეზე;
  • გინეკომასტია (მკერდის გაზრდა მამაკაცებში) - ვითარდება ტესტოსტერონის ძლიერი და ხანგრძლივი დაქვეითების შემთხვევაში.

თუ ტესტოსტერონი დაქვეითებულია, მაგრამ არა კრიტიკულ დონემდე, ბუნებრივი გზით მისი ამაღლება შესაძლბელია, ძლიერი დაქვეითების შემთხვევაში კი ექიმმა უნდა დანიშნოს ჩანაცვლებითი თერაპია ჰორმონული პრეპარატებით.