რამდენიმე დღის წინ Amazon-ის დამფუძნებელმა 60 წლის იუბილე აღნიშნა. წვეულებაზე კი ჰოლივუდის ვარსკვლავები მიიწვია და გრანდიოზული შოუ მოაწყო. ღონისძიება დახურული იყო და იქ მოხვედრა მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით შეიძლებოდა. ფოტოების გადაღება აკრძალული იყო, ამიტომაც სტუმრებს ტელეფონები წინასწარვე ჩამოართვეს.
წვეულება ბიზნესმენის მეგობარმა ქალმა, 54 წლის ამერიკელმა ჟურნალისტმა ლორენ სანჩესმა დაგეგმა და საორგანიზაციო საკითხებში სწორედ ის იყო ჩართული. სტუმრები ჯეფ ბეზოსის მდიდრულ სასახლეში შეიკრიბნენ, რომელიც ბევერლი-ჰილზში მდებარეობს.
ლორენ სანჩესი, ფაქტობრივად, ბრწყინავდა. ჟურნალისტმა სვაროვსკის კრისტალებით გაწყობილი წითელი კაბა აირჩია, რომელიც სპეციალურად იმ დღისთვის, მისთვის დამზადდა. გარდა ამისა, რაკეტის ფორმის ჩანთა ასევე კრისტალებით იყო გაფორმებული და წვეულების თემატიკასაც ხაზს უსვამდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას კონკრეტული თემატიკა ჰქონდა. კერძოდ, მთავარ თემას "ზეციური კოსმოსური ხანა" უწოდეს და სახლის გაფორმებაც და სტუმრების დრესკოდიც შესაბამისი იყო. ამ გზით ჯეფ ბეზოსის სურვილს, რომ ადამიანები მთვარეზე მუდმივად დასახლდნენ და კოსმოსი კარგად აითვისონ, პატივი მიაგეს.
ოპრა უინფრი, ბილ გეითსი, კენდალ ჯენერი, ჰეილი ბიბერი, ჯეი-ზი და ბიონსე, ჰაიდი კლუმი და პერის ჰილტონი იმ ასობით სტუმარს შორის იყვნენ, რომლებიც Amazon-ის დამფუძნებლმა მდიდრულ დაბადების დღეზე მიიწვია.
გამომდინარე იქიდან, რომ ღონისძიებას კონკრეტული თემა ჰქონდა, სტუმრები შესაბამისი ჩაცმულობითა და აქსესუარებით იყვნენ წარმოდგენილები. თუმცა, მომღერალი კეტი პერი მაინც ყველასგან გამოირჩეოდა. ვარსკვლავმა შესანიშნავ კაბასთან ერთად, წვეტიანი ყურები აირჩია და შუბლზე ანტენის მსგავსი აქსესუარები დაიმაგრა.
პერის ჰილტონმა კოსმისის თემატიკა და საკუთარი ინტერესები გააერთიანა. ვარსკვლავს საქორწინო კაბები განსაკუთრებით მოსწონს და საკუთარი 7 კაბიდან ჯეფ ბეზოსის დაბადების დღისთვის ერთ-ერთი აარჩია.
როგორც ცნობილია, წვეულებაზე სტუმრები გასახდომ საშუალებას, ოზემპიკს აქტიურად განიხილავდნენ. აღნიშნული პრეპარატის ორგანიზმზე ნეგატიური გავლენის შესახებ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება. ცნობილმა ადამიანებმა ეს საყურადღებო პრეპარატი მალევე აითვისეს და წონაში დაკლების მიზნით გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ შორის, ოპრა უინფრი და ივანკა ტრამპიცაა.
ლორენ სანჩესმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჯეფ ბეზოსს თავი კარგად ეგრძნო. სტუმრებს მაკდონალდსის ბურგერებიდან დაწყებული, ხიზილალათი დამთავრებული ყველაფერი მიართვეს. ამ გადაწყვეტილებით ღონისძიების ორგანიზატორს უნდოდა, ბეზოსისათვის ის გზა გაეხსენებინა, რომელიც 16 წლის ასაკში დაიწყო და მილიარდერობამდე გაიარა.
დღეს ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მესამე ადგილზეა. მისი ქონება 114 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მეორე ადგილზეა ილონ მასკი, ხოლო 2024 წლის რეიტინგის ლიდერი კვლავ ფრანგი მეწარმე ბერნარ არნოა. მისი ქონება 211 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ცნობისათვის, ბეზოსს სანჩესამდე ოფიციალური ცოლი და სამი შვილი ჰყავდა. ამბობენ, რომ სწორედ სანჩესის გამოჩენამ დაანგრია მისი ოჯახი.