სოციალურ ქსელში ქალები ოჯახური ცხოვრების დეტალებს ხშირად იხსენებენ და თავიანთ პრობლემებს ერთმანეთს უზიარებენ. ერთ-ერთი აქტუალური თემა, რაზეც არაერთხელ დაიწერა, დედამთილებსა და რძლებს შორის არსებული უთანხმოებაა. საკითხს ბევრი ადამიანი ეხმაურება და ორივე მხარის მიმართ სხვადასხვა კომენტარი იწერება. ახალგაზრდა გოგონამ საკუთარი ნეგატიური გამოცდილება გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ დედამთილმა სხვადასხვა მანიპულაციით მაინც მოახერხა და ქმარს დააშორა:
მარიკა, 28 წლის, სტომატოლოგი
- ჩემმა მომავალმა ქმარმა, დედამისი ჯერ კიდევ მაშინ გამაცნო, როცა მესამე კურსზე ვიყავი. ექიმთა დინასტიის ოჯახიდან იყო. ყველა მათგანი სამედიცინო სფეროში იყო დასაქმებული. პირველივე შეხვედრის დროს, ყოველგვარი მორიდების გარეშე, თითქოს იუმორით, თავის შვილს უთხრა: "ისეთი გამხდარია, ამან შვილი როგორ უნდა გაგიჩინოს?" მეწყინა, მაგრამ გავიღიმე და არაფერი შევიმჩნიე.
ყოველი ახალი შეხვედრის შემდეგ, ჩემი სიგამხდრის თემა საუბარში მუდმივად ჩნდებოდა. პატარა ქორწილი გადავიხადეთ, მაგრამ ჩემი დედამთილი საერთოდ არ დასწრებია... გამოგვიცხადა, რომ ყელი ძლიერად სტკიოდა. არც ქმარი გამოუშვა, მას უნდა მიეხედა "ავადმყოფი" ცოლისათვის. დარწმუნებული ვარ, არაფერი სჭირდა, მაგრამ საშინლად ეჭვიანობდა. ჩემი მეუღლე მათი ერთადერთი შვილი იყო. თავს განსაკუთრებით დაჰფოფინებდა და ფიქრობდა, რომ მის სიყვარულში შევეცილებოდი. თანაც, მათი "სოლიდური" ოჯახისთვის შეუფერებლად მიმიჩნევდა, დაბალ დონედ...
ქორწინებიდან მალევე დავორსულდი. ჩემს დედამთილს ძალიან გაუხარდა, შვილიშვილი უნდოდა და ჩემზე ზრუნვა პირად პასუხისმგებლობად აიღო. თუმცა, სულ ამბობდა, რომ ძალიან გამხდარი ვარ და წონისათვის ყურადღება უნდა მიმექცია. მერე უცებ, ისე, რომ ჩემი ანალიზები საერთოდ არ უნახავს, ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ზეპირად დამისვა და ჩემს ქმარს ეუბნებოდა, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ გაჩნდებოდა და სანამ დრო იყო, აბორტის გაკეთებაზე მეზრუნა. ჩემი მეუღლე საშინლად გაბრაზდა და დედამისს ეჩხუბა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მიხვდა საკუთარ დანაშაულს, მოვიდა, მოგვიბოდიშა. რა თქმა უნდა, მომავალი ბებია იყო და ვაპატიე. შევეცადე, ყველაფერი დამევიწყებინა...
თუმცა, როდესაც ჩემი ვაჟი დაიბადა, დედამთილმა ისევ თავისებური საუბარი დაიწყო... ჩემს ქმარს არწმუნებდა, რომ ბავშვი მას არ ჰგავდა და უნდოდა, ამის გამო, გვეჩხუბა. წარმოგიდგენიათ? სოციალურ ქსელში ჩემს კურსელებთან გადაღებული ძველი ფოტოც კი იპოვა და ცდილობდა, გაერკვია, ვინ შეიძლებოდა ბავშვის "მამა" ყოფილიყო. შემდეგ უფრო წარმოუდგენელი რამ გააკეთა - ჯერ ჩემს შვილს მოაჭრა პატარა თმა, მერე - მეუღლეს და დნმ-ის გასაკეთებლად წაიღო. არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ დოკუმენტები გააყალბა. ექიმი იყო, ბევრ ადამიანს იცნობდა და მოცემულ პასუხში ეწერა, რომ ჩემი მეუღლე ბავშვის მამა არ იყო... არასდროს არავისთან მქონია ურთიერთობა და ოჯახიც სიყვარულით შევქმენით. თუმცა, დედამთილმა, რომელსაც თავიდანვე არ მოვწონდი და სახლიდან გაგდება უნდოდა, თავის მიზანს მიაღწია. სკანდალი, ტირილი, ცრემლები, ახსნა - ყველაფერი გავიარე, მაგრამ ჩემმა მეუღლემ დედას დაუჯერა და მიმატოვა. მე სამართლიანობის აღდგენა ვერ შევძელი, მაგრამ ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს. ჩემი მამამთილი მიხვდა, რომ მისი ცოლი რაღაც ბინძურ თამაშს თამაშობდა, ამიტომ დაშორდა და მარტო დატოვა...
შემეძლო, გენეტიკური ანალიზი გამეკეთებინა და ჩემი ყოფილი ქმრისთვის სიმართლე დამემტკიცებინა, მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მან ხომ პირველივე პრობლემის დროს მიმატოვა ისე, რომ არც მომისმინა. ჩავთვალე, რომ ასეთ კაცთან ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. დედასთან ვიყავი, თან სტომატოლოგიური მქონდა დამთავრებული და მუშაობა დავიწყე. 3 წლის შემდეგ მეორედ დავქორწინდი და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ყოფილი ქმარი კი დედასთან ცხოვრობს, როგორც დედამთილი ოცნებობდა..."