რა სჭირდება განვითარებისთვის 5 წლის ბავშვს და როგორ შევუწყოთ ხელი მის სასკოლო მზაობას - მშობლები

რა სჭირდება განვითარებისთვის 5 წლის ბავშვს და როგორ შევუწყოთ ხელი მის სასკოლო მზაობას

2024-01-25 12:18:27+04:00

რუბრიკას წარმოგიდგენთ ჟურნალი "საბავშვო კარუსელი".

413921375-884455687013308-7941164246116245319-n-1706171094.jpg

ბავშვი უკვე ხუთი წლის გახდა? ამიერიდან ის უკვე სკოლამდელი ასაკის ბავშვად ითვლება და მშობლები სულ უფრო ხშირად ფიქრობენ სასკოლო მზაობაზე.

ამ ასაკში უკვე შესაძლებელია ბავშვების მიზანმიმართულად სწავლება, მაგრამ სკოლამდელი ასაკი თავისთავად არის ღირებული ეტაპი და არა მხოლოდ ზრდასრულობისთვის მოსამზადებელი პერიოდი. ეს მშვენიერი დროა, რომელიც სიხარულითა და უდარდელობით, ხმაურიანი თამაშებითა და ზღაპრებით, ხუმრობებითა და მშობლების უსასრულო სიყვარულით უნდა იყოს სავსე.

ფიზიოლოგია

ხუთი წლის ბავშვები აქტიურად იზრდებიან სიმაღლეში. ბავშვი ტანს იყრის, როგორც ახალგაზრდა ყლორტი, მაგრამ საკმაოდ გამხდარია: ყველაფერი ჩონჩხის და კუნთების განვითარებას ხმარდება.

ასეთი ინტენსიური ზრდის უზრუნველსაყოფად ორგანიზმს ენერგია სჭირდება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის კვებას: ის უნდა იყოს დაბალანსებული და ხარისხიანი პროდუქტებით გაჯერებული.

ბავშვის მენიუ რაც შეიძლება ნაკლებ მავნე საკვებს - ტკბილეულს, ფქვილს, შემწვარ, ცხარე და ცხიმიან საკვებს უნდა შეიცავდეს. უნდა მიიღოს რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული, როგორც ცოცხალი, ასევე მოთუშული, ხორცი და რძის ნაწარმი.

შეეცადეთ, ბავშვი არ მიეჩვიოს ჭამასა და ჭამას შორის „სუსნაობას“. როცა ყოველ ნახევარ საათში სირბილის და თამაშის დრის მოირბენს, ხელში რაღაცას ნუგბარს დაიჭერს და შეჭამს. ეს ჩვევა საზიანოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.

ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას და სპორტულ დატვირთვას. დიდი დატვირთვა ამ ასაკის ბავშვებისთვის შესაფერისი არ არის, რადგან სხეულის განვითარება ჯერ არ დასრულებულა.

ფსიქოლოგიური მახასიათებლები

ხუთწლიანი ბავშვის აზროვნება უპირატესად ფიგურალურია, მაგრამ სწორედ ამ პერიოდში ისახება ვერბალური და ლოგიკური აზროვნების ელემენტები. ბავშვი ფიქრს აბსტრაქტული კატეგორიებით იწყებს. ცდილობს გააანალიზოს, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები დაამყაროს, განზოგადებას და შედარებას ცდილობს.

გარდა ამისა, იწყებს მიზნობრივ, დაგეგმილ ქმედებას. 5 წლის ბავშვს შეუძლია საკუთარი მიზანი დაისახოს, ეტაპებად დაჰყოს იქამდე მისაღწევი გზა და თანმიმდევრულად განახორციელოს გეგმა, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს იგი. ბავშვის ქმედებები აღარ არის სპონტანური, მომენტალური სურვილებით გამოწვეული. პირიქით, მისი ქცევა უფრო ცნობიერი და გააზრებულია.

სკოლამდელი ასაკის ბავშვი საკუთარი ემოციების უფრო აზრობრივ „გადახარშვას“ იწყებს. უკვე ესმის, რას ნიშნავს „მოწყენილი ვარ“, „ბედნიერი ვარ“ და ა.შ.

ამავდროულად, ბავშვი ამ კონკრეტულ მომენტში არა მხოლოდ აცნობიერებს თავის ემოციებს, არამედ მათი განზოგადებაც შეუძლია. თუ ბავშვი რამდენჯერმე ვერ ახერხებს ნახატის ლამაზად ამოჭრას, მაშინ ის უკვე უარყოფითად აფასებს თავის შესაძლებლობებს და დასკვნასაც აკეთებს: "მე არ ვიცი, როგორ ამოჭრა".

bagis-bavshvi.jpg

ხუთი წლის ბავშვის მეტყველება უკვე მკაფიო და გასაგები უნდა იყოს. შეეძლოს ამბის მოყოლა, ობიექტის აღწერა, მისი თვისებების ჩამოთვლა და მოვლენის მისული შეფასება. აყალიბებს აზრს, ხუმრობებზე იცინის და ზოგჯერ თვითონაც ხუმრობს.

5 წლის ასაკისთვის ბავშვები უკვე მეტყველების ყველა ნაწილს იყენებენ, მათ შორის ზმნიზედებს და კავშირებს, სწორად ანაწილებენ სახელებს, იყენებენ მომავალსა და წარსულ დროს, მრავლობით და მხოლობით რიცხვს.

ზოგადად, ხუთი წლის ასაკში ბავშვს უკვე ათვისებული აქვს მშობლიური ენის გრამატიკული სტრუქტურა. ლექსიკა კი შევსებას და გამრავალფეროვნებას აგრძელებს.

როგორ თამაშობს

ხუთი წლის ბავშვის ძირითად ქცევად თამაში რჩება. გარდა უკვე ათვისებული - როლური და რეჟისორული - თამაშებისა, ამ ეტაპზე ჩნდება შეჯიბრებითი და დიდაქტიკური თამაშები.

წესებით თამაშები არ შეიცავს რაიმე როლს, თუმცა მათში მონაწილეობა გარკვეული წესების მკაცრ დაცვას მოითხოვს, რომელიც წინასწარ არის შეთანხმებული და ყველა მონაწილემ უნდა დაიცვას ისინი, დაელოდონ თავის რიგს.

როგორც წესი, ბავშვები ყურადღებით აკვირდებიან ერთმანეთს და ნებისმიერი მოთამაშის მიერ წესების დარღვევაზე კომენტარებითა და პროტესტით რეაგირებენ. ბრაზდებიან მაშინაც, როდესაც შემთხვევით თავად არღვევენ წესებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ასაკში თვითკონტროლის საწყისი ფორმები ყალიბდება.

სკოლამდელი ბავშვის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია შეჯიბრებით თამაშებს, ანუ სპორტულს. ასეთ თამაშებში მონაწილეებისთვის მთავარი სტიმული მოგებაა – პირადი ან გუნდური.

სკოლამდელ ბავშვებს, როგორც წესი, არ მოსწონთ და არ იციან წაგება, უფროსები კი ხშირად ხელოვნურად ქმნიან სიტუაციას როცა ყველა გამარჯვებული რჩება. „გაიმარჯვა მეგობრობამ“ - გამოაცხადებენ დიდები. თუმცა, ჯობია ბავშვს აქედანვე ასწავლოთ თამაშის არასასურველი შედეგის ღირსეულად მიღება. ამით მათ წარმატების მიღწევის მოტივაციას შეუწყობთ ხელს.

bavshvebi.jpg

დიდაქტიკური თამაშები სწავლების ერთ-ერთი საშუალებაა. ასეთ თამაშებს უფროსები უძღვებიან და გარკვეული თვისებებისა თუ უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. "შეხედე და დაიმახსოვრე, რა გაქრა", "რა არის ზედმეტი", „რა სახელი ჰქვიათ ყველას ერთად?“ - ასეთი დავალებები, რომლებიც მრავლად არის საბავშვო ჟურნალებში (მაგალითად, "საბავშვო კარუსელში“) დიდაქტიკური თამაშების ნიმუშებია, რომლებიც მეხსიერების, ყურადღების და აზროვნების განვითარებაზეა ორიენტირებული.

როგორ „ვამეცადინოთ“

სკოლამდელ ასაკში სასკოლო მზაობა იწყება. რა თქმა უნდა, ბავშვი დაბადებიდანვე სწავლობს: საგნების ხელში დაჭერას, სიარულს, ლაპარაკს. მაგრამ ეს სპონტანურად ხდება, ბუნებრივი ინსტინქტის მიხედვით. მხოლოდ ხუთი წლის ასაკიდან შეუძლია ბავშვს ისწავლოს გარკვეული პედაგოგიური მეთოდების გამოყენებით (რა თქმა უნდა, ამაში წერა-კითხვა და ანგარიში არ იგულისხმება).

სკოლამდელი განათლების ხელშემწყობი მასალები მრავალფეროვანია. ეს პროგრამები საბავშვო ბაღებშია დანერგილი, თუმცა მშობელსაც შეუძლია საბავშვო წიგნებითა და ჟურნალებით სახლში ავარჯიშოს ბავშვი მსგავს აქტივობებში.

ზრდასრულის როლი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია: ის აცნობს ბავშვს სხვადასხვა აქტივობას, სულ უფრო მეტად რთავს მას საკუთარ „ზრდასრულ“ საქმიანობაში.

აჩვენეთ თქვენს შვილს, რომ ფერადი ფანქრების, ფლომასტერებისა და საღებავების გარდა, ხატვისთვის შეიძლება პასტელების გამოყენება, ქაღალდის ნაცვლად ქსოვილის, მინის ან ხის გამოყენება. სცადეთ ძერწვა არა მხოლოდ პლასტილინისგან, არამედ თიხისგან. კარგი იქნება, ბავშვთან ერთად თუ სხვადასხვა მასტერკლასებსაც დაესწრებით.

საკუთარი ხელით რაღაცის შექმნა შრომით უნარებს განუვითარდებს, სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით კი ნატიფი მოტორულ უნარები და პრაქტიკული აზროვნება უვითარდებათ.

როგორია ბავშვის აზროვნება 4-დან 5 წლამდე, რა უნდა შეეძლოს და როგორ უნდა შეუწყოს ხელი მშობელმა, რომ მომავალში სკოლაში სწავლა არ გაუჭირდეს
როგორ შევუწყოთ ხელი 4 წლის ბავშვს, რომ მისი ნიჭი და ძლიერი მხარეები დროულად აღმოვაჩინოთ - რა სჭირდება ამ ასაკში ბავშვს ყველაზე მეტად