გორში რამდენიმე კვირის წინ იმშობიარა ქალმა, რომელმაც არ იცოდა, რომ ორსულად იყო. ამბავს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უმეტეს შემთხვევაში, დაცინვის თემა გახდა. სინამდვილეში, რამდენადაა შესაძლებელი, ზრდასრულმა ქალმა ისე გააჩინოს შვილი, რომ ორსულობის შესახებ არაფერი იცოდეს - "იმედის დღის" ეთერში რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი საუბრობს:
- შესაძლებელია, ქალმა ვერ გაიგოს, რომ ორსულადაა. ყველა ქალმა იცის, რომ ორსულობის დროს მენსტრუალური ციკლი წყდება. თუმცა, იმასაც ვეუბნებით ხოლმე, რომ თუ მენსტრუაციის გადაცდენაა, ეს ყოველთვის ორსულობას არ ნიშნავს და რომ შესაძლოა, მიზეზი სხვა რამე იყოს. მაგრამ, მოგიყვებით შემთხვევებს, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ქალი ვერ მიხვდეს, რომ ორსულადაა.
ასეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში ორჯერ ყოფილა. ერთი თბილისში, მეორე კი ზუგდიდში იყო. ქალი მოვიდა, საერთოდ არ იცოდა, რომ ორსულად იყო. თუმცა, რომ ვნახეთ, 8 თვის ორსული იყო.... ეს ქალბატონი თბილისში ცხოვრობდა, იქამდე ორი შვილი ჰყავდა, ბავშვის გაჩენას აღარ აპირებდა. არეული ციკლი ჰქონდა, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდა. ცოტა წონაში მოიმატა, მაგრამ არც ამას აქცევდა ყურადღებას. ვერ მიხვდა იმის გამო, რომ მენსტრუაცია არეული ჰქონდა. მუცლის ტკივილმა, სიმძიმემ შეაწუხა, თავს ცუდად გრძნობდა. ექოსკოპია გავუკეთეთ და ყველაფერს ველოდით იმის გარდა, რომ 8 თვის ორსული იქნებოდა. ქალი გაოცებული იყო. მეორე მხრივ, ვამბობდით, რომ 8 თვემ ისე გაიარა, რომ არანაირი სტრესი არ ჰქონია. 1 თვეში იმშობიარა და ახლა მშვენიერი, ჯანმრთელი ბავშვი ჰყავს.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ეს ზუგდიდში იყო. ქალი ამბობდა, რომ მენსტრუაცია თვეობით ისედაც არეული ჰქონდა. ამიტომ, ვერ მიხვდა. თან ჰქონდა უშვილობა. დაახლოებით, 3-4 წელი ელოდებოდა შვილს. შვილოსნობის პრობლემის გამო მომმართა. თან ამბობდა, რომ თვეების განმავლობაში ჰქონდა გადაცდენა. ექოსკოპია რომ გავუკეთეთ, ორსულად აღმოჩნდა... ეს ქალბატონიც უკვე 8 თვის იყო.
შესაძლოა, ადამიანს ორსულობის დროს გულისრევის შეგრძნება ჰქონდეს, ხასიათი შეეცვალოს, მაგრამ ეს, შეიძლება, ისედაც აღგვენიშნებოდეს და ამიტომ ვერ მიხვდნენ. კი, ორსულებს უფრო მეტად ახასიათებთ, მაგრამ ბევრი მყოლია ისეთი პაციენტი, რომელთაც იმდენად დიდი სურვილი აქვთ, რომ ორსულად იყვნენ, ეს სიმპტომები მაშინვე ეწყებათ, როგორც კი მენსტრუალური ციკლი 1 დღით მაინც გადაუცდებათ.
ქალს, რომელსაც ისედაც გადაცდენები აქვს, 6-8 თვე მენსტრუაცია არ მოდის, კი იცის, რომ ეს პრობლემაა, ჰორმონალური დარღვევაა, დიაგნოსტირებულია კიდეც და შესაძლოა, ფიქრობდეს, მორიგი გადაცდენაა. ამიტომ არ მიაქციოს ყურადღება. ასევე, თუ ადამიანს ისედაც ჭარბი წონისკენ აქვს მიდრეკილება, ფიქრობს, რომ მუცლის გაზრდა წონაში მატებას უკავშირდება... ასევე, ბავშვის მუცელში მოძრაობა ნაწლავების პრობლემას დააბრალოს...
ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი მენსტრუაციაა. გამორიცხულია, ორსულობის დროს ქალს მენსტრუაცია ჰქონდეს. ორსულობის დროს შეიძლება, სისხლდენები იყოს, მაგრამ არა მენსტრუაცია.
გაგვიმართლა, რომ იმ ქალმა კარგად იმშობიარა, ბოლომდე მივიდა, არც მეთვალყურეობა დასჭირდა და არანაირი ანალიზი, არც სტრესი ჰქონია და 1 თვეში ბავშვი გაჩნდა... ეს ცალკეული შემთხვევებია, ხშირად ხომ არ ხდება?! საზღვარგარეთაც კია, სადაც განათლების დონე უფრო მაღალია.